„უდიდესი კითხვა, რომელიც ყველა
დროში აწუხებდა კაცობრიობას და გამოიწვია უბედურებების დიდი ნაწილი,
დაანგრია ქალაქები, გაავერანა ქვეყნები და განდევნა
მსოფლიოდან მშვიდობა არ მდგომარეობს იმაში
უნდა იყოს თუ არა მსოფლიოში
ხელისუფლება ან საიდან მოდის ის, არამედ ეს არის კითხვა,
თუ ვის უნდა ქონდეს ის“
ჯ.ლოკი
ადამიანები ერთი და იგივე საკითხების განხილვას ცდილობენ სხვადასხვა პოზიციებიდან, პერსპექტივებიდან და ცხოვრებისეული გამოცდილებიდან. ამგვარ მოცემულობაში წარმოიქმნება ურთიერთშეუთანხმებლობის შემთხვევები.
იქ სადაც შეუთანხმებლობაა, არის პოლიტიკა და პირიქით - იქ სადაც პოლიტიკაა არის შეუთანხმებლობაც. ჩვენს მიერ მძაფრი აღქმა იმისა, რომ ზოგიერთი შეუთანხმებელი საკითხი უნდა იქნეს გადაწყვეტილი ჩვენი შეუთანხმებლობის მიუხედავად, არის ის რაც პოლიტიკას შესაძლებელს ხდის.
ჩვენ შეიძლება ვიმსჯელოთ იმაზე თუ როგორ უნდა გადავანაწილოთ გადასახადები სამართლიანად, ვის უნდა დავეხმაროთ ბიუჯეტის ხარჯზე და ვის არა, რომელ ქვეყნებთან დავამყაროთ ურთიერთობა და რომლებთან არა და უამრავ სხვა ლოკალურ თუ გლობალურ პრობლემაზე. ამ საკითხების პარალელურად ყოველთვის არსებობს ერთი აბეზარა კითხვა „ვინ წყვეტს“? ჩვენ შეიძლება შევთანხმდეთ იმაზე თუ ვისთან დავამყაროთ სავაჭრო ურთიერთობა, მაგრამ ვინ უნდა გადაწყვიტოს ეს საკითხი? ვინ უნდა გადაწყვიტოს ის თუ რომელ ადამიანს გავუწიოთ დახმარება და რომელს არა და ბოლოს ვინ უნდა გადაწყვიტოს „ვინ უნდა გადაწყვიტოს“?
„ვინ წყვეტს“ საკითხი ჩვენი პოლიტიკური ისტორიის განმავლობაში მნიშვნელოვანი იყო წარსულშიც და მნიშვნელოვანია ახლაც. მას შემდეგ რაც ხელმეორედ მოვიპოვეთ დამოუკიდებლობა, ბევრი ყოფილა ისეთი, ვინც ამბობდა, რომ ის წყვეტს ვინ წყვეტდეს. ან არ ამბობდა - თვითონვე წყვეტდა, ანდაც თვითონ წყვეტდა მაგრამ სხვებს აჯერებდა რომ თავად წყვეტდნენ.
დღეს საქართველოს მოქმედი კონსტიტუციის დღეა.
ვინაიდან სამართლებრივ სახელმწიფოში ვცხოვრობთ, სწორედ კონსტიტუცია წარმოადგენს იმ ერთადერთ სადამფუძნებლო დოკუმენტს, რომელშიც შეგვიძლია ვიპოვოთ პასუხი კითხვაზე - „ვინ წყვეტს?“.
ვინ წყვეტს?
„ჩვენ, საქართველოს მოქალაქენი[...]ღვთისა და ქვეყნის წინაშე ვაცხადებთ ამ კონსტიტუციას“.
ჩვენ და მხოლოდ ჩვენ ვწყვეტთ, რომ კონსტიტუცია წყვეტდეს.
ვასილ ჟიჟიაშვილი საკონსტიტუციო სამართალწარმოების იურისტი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge