XIX საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში ფრანგი მებაღისა და დეკორატორის მიხეილ დ’ალფონსის თაოსნობით ბათუმის ბულვარის განაშენიანება დაიწყეს. იმ დროიდან მოყოლებული ბათუმის ბულვარი ყველა იმ ამბის და მოვლენის მომსწრეა, რომელიც ბათუმის, როგორც ქალაქის განვითარებას ახლდა თან. ამ ხნის განმავლობაში ვინ არ ნახა ბულვარმა: რუსეთის და ოსმალეთის იმპერიები, საქართველოს პირველი რესპუბლიკა, ბათუმის ბრიტანული ოკუპაცია, საბჭოთა კავშირი და ამ კავშირის დაშლის შემდეგ ხელახლა დაბადებული დამოუკიდებელი საქართველო. დამოუკიდებლობის მოპოვებიდან 25 წლის შემდეგ კი შეიძლება ბათუმის ძველი ბულვარის გარეშე დავრჩეთ.
არადა, ამბავი ბულვარის გარეშე დარჩენისა უცნაურად დაიწყო. 2015 წლის 9 ივნისს ბათუმის ბულვარის განვითარების კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარების საერთო კომისია შექმნეს. კომისიის შექმნიდან ასი დღის თავზე მეორედ შეიკრიბნენ და დაადგინეს, რომ ბათუმის ბულვარის კონცეფციის შემუშავება-დაგეგმარებისათვის საჭირო კომპანია აუცილებლად გამარტივებული სახელმწიფო შესყიდვის ფორმით უნდა შერჩეულიყო. მერე რა რომ საქმე მრავალწლიანი შესყიდვას ეხებოდა. არანაირი კონკურსი. არანაირი საჯაროობა. სამაგიეროდ, 25 სექტემბერს აჭარის ა/რ ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრს წერილი მისწერეს, რომ აქაოდა გამარტივებული შესყიდვის იქით საშველი არ გვაქვსო. 1 ოქტომბერს შესყიდვის თანხის ოდენობაც აცნობეს. თანხა რა, სულ რაღაც 240000 ლარი. მინისტრმაც მეორე დღესვე თანხმობა მისცა (აბა საკითხის მოკითხვას და გარკვევას ხომ არ დაიწყებდა). მერე 6 ოქტომბერი, რომ მოვიდა აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ქვას რომ გახეთქავდა იმისთანა განკარგულება გამოსცა და 7 ოქტომბერს ბათუმის ბულვარის ადმინისტრაციამ ყველა რეკორდი მოხსნა. თანხმობის მიღებიდან ერთ დღეში კონტრაქტი შპს „სასტუმრო სანატორიუმ ოაზისთან“ გააფორმა.
ალბათ ეჭვი არავის ეპარება, რომ ამ მიმოწერასა და სიჩქარეში, არავის უკითხავს რატომ უნდა შევცვალოთ ბათუმის ძველი ბულვარი. ის ბულბვარი, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, და ძეგლზე საუბრისას ნებისმიერი იდეა, კონცეფცია და დოკუმენტი ფუჭი ქაღალდია, თუ ის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის ინტერესებს არ ემსახურება.
შეიძლებოდა ეს ამბავი აქვე დამესრულებინა, მაგრამ მგონია, რომ ყველაზე ცუდი ჯერ არ მითქვამს. ყველაზე ცუდი კი იმ ტექნიკური დავალებაში იმალება, რომელიც კომპანიას მისცეს. დავალების მიხედვით კომპანიამ ბულვარის ტერიტორიის ფუნქციური გამოყენების ისეთი ზონები უნდა განსაზღვროს სადაც სხვა ობიექტების პარალელურად - კვების, საზოგადოებრივი და გასართობი ობიექტების განთავსების ადგილი განისაზღვრება. ასევე, ატრაქციონების, პარკინგის, ზოოკუთხის და სათამაშო ავტომატების ადგილები. ჰოდა, ამის შემდეგ თვალსა და ხელს შუა გაქრება ბათუმის ძველი ბულვარი. ბულვარი, რომლის ტერიტორიის მნიშვნელოვანი ნაწილიც 1884-ში რის ვაი-ვაგლახით და მთელი დავი-დარაბის შემდეგ ძლივს გამოისყიდეს გადამდგარი უნტეროფიცრის ქვრივისგან. ბულვარი რომლის დასამშვენებლადაც 1886 წლიდან მთელი ბათუმი დაფაცურდა და რომელიც წლებთან ერთად გასცდა ბურუნ-თაბიეს სიმაგრესა და ტაძრის (დუმბაძის) ქუჩის მონაკვეთს.
ახლა ყველაფერი ჩვენზეა დამოკიდებული. ჩვენზე ვინც ვფიქრობთ, რომ ბათუმის ძველი ბულვარი უფრო მეტია ვიდრე უბრალოდ სასტუმროების, კაფეების და გასართობი ატრაქციონების განსათავსებელი ადგილი. ჩვენზე ვისაც გვჯერა, რომ ბათუმის ძველი ბულვარი თავად არის ბათუმი და ბათუმი არ არსებობს ძველი ბულვარის გარეშე.
ბათუმის ძველი ბულვარის პირველი მებაღე-დეკორატორი თავადი მიხეილ დ’ალფონსი 1889 წელს გაათავისუფლებს თანამდებობიდან. ეს ამბავი ისე ეწყინა ბატონ დ’ალფონსს, რომ სიკვდილის ტოლფასი იყო მისთვის. მას შემდეგ დიდი დრო გავიდა. ახლა 2016 წელია და ეჭვი, მაქვს რომ გასული წლის ბოლოდან ბათუმის ძველ ბულვართან დაკავშირებით აჭარის ხელისუფლების მიერ დაწყებული გაურკვეველი პოლიტიკის წყალობით, თავადი დ’ალფონსი ყოველდღე და დაუსრულებლად ტრიალებს საფლავში.
სულხან სალაძე
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge