კოალიციის შეფასებით მოქმედმა საბჭომ მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსი უნდა შეაჩეროს

კოალიცია ეხმიანება მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს, რომელიც იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 84 ვაკანტურ თანამდებობაზე, მიმდინარე წლის 17 თებერვალს გამოაცხადა. კონკურსის ფარგლებში უკვე მოხდა განაცხადების გადარჩევა და გასაუბრებაზე 105 კანდიდატის დაშვების გადაწყვეტილება იქნა მიღებული.

 

საბჭო მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსს ატარებს კანონმდებლობით, რომელიც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო და რომელშიც საქართველოს პარლამენტმა 1 ივლისამდე ცვლილებები უნდა შეიტანოს. დღეისათვის უცნობია, როგორ უზრუნველყოფს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების შესრულებას და რა შინაარსის ცვლილებები შევა მოსამართლეთა შერჩევის წესში. შესაბამისად, უცნობია, კონკურსში მონაწილე კანდიდატებიდან ვინ დაექვემდებარება გამოსაცდელი ვადით დანიშვნას, ვინ განთავისუფლდება გამოსაცდელი ვადის გავლის ვალდებულიბისაგან და რა წესით უნდა მოხდეს იმ მოსამართლეების თანამდებობაზე დანიშვნა, რომლებზეც არ გავრცელდება გამოსაცდელი ვადა. მიუხედავად არსებული ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადი საკანონმდებლო გარემოსი, საბჭო აგრძელებს მოსამართლეთა შერჩევის პროცესს და ცდილობს სასამართლო სისტემაში არსებული ვაკანსიების შევსება არსებული ხარვეზიანი წესით მოახდინოს, იქამდე, სანამ კანონში შევა ცვლილებები.  

 

გასათვალისწინებელია, რომ საბჭოს წევრთა დიდ ნაწილს უფლებამოსილების ვადა ახლო მომავალში ეწურება, დარჩენილი ვადები კი არ იძლევა შესაძლებლობას, საბჭოს მოქმედმა შემადგენლობამ დადგენილი წესის სრულფასოვანი დაცვით, პროცესის დაუჩქარებლად, ობიექტურად და დამსახურების პრინციპით შეარჩიოს მოსამართლეები. ამასთან, მოსამართლეთა შერჩევის პროცესი გამორიცხავს მოსამართლეთა დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების მიღებას საბჭოს ისეთი წევრის მიერ, რომელსაც არ მიუღია მონაწილეობა მოსამართლეთა შერჩევის (ინფორმაციის შესწავლისა და გასაუბრების) პროცესში.

 

გარდა ამისა, მთელი რიგი გარემოებები, რასაც ადგილი ჰქონდა კონკურსის გამოცხადებამდე და გამოცხადების შემდეგ, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ საბჭოს მოქმედი შემადგენლობა ცდილობს ნაჩქარევად ჩაატაროს კონკურსი. ამასთან, აღნიშნული გარემოებები იმაზეც მიანიშნებენ, რომ შესაძლოა საბჭოს გადაწყვეტილებას, ჩაატაროს კონკურსი არასრულყოფილი კანონმდებლობის პირობებში და ნაჩქარევად, საფუძვლად უდევს წინასწარი შეთანხმება  საბჭოს რიგ წევრებსა და ცალკეულ მოსამართლეებს შორის, კონკურსის შედეგად მათი უპირობოდ დანიშვნის თაობაზე.

 

კოალიცია წარსულში არაერთხელ გამოეხმაურა მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსების მიმდინარეობას, რომელთა შედეგადაც ასზე მეტი მოსამართლე გაუმჭვირვალე და დაუსაბუთებელი წესით დაინიშნა თანამდებობაზე. სამწუხაროდ, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ ვერც მიმდინარე კონკურსის ფარგლებში მოახერხა იმ ეჭვების გაქარწყლება რაც მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსების გაუმჭვირვალედ და არაობიექტურად ჩატარების პრაქტიკას უკავშირდება. ამავდროულად, კანონმდებლობაში ცვლილებების შეტანამდე, სასამართლო სისტემაში არსებული ვაკანსიების დიდი ნაწილის შევსება ამცირებს შემდგომში მოსამართლეთა შერჩევის წესის გაუმჯობესების მნიშვნელობას. 

 

მთელი რიგი გარემოებების თანხვედრა ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საბჭომ მიზანმიმართულად არ იზრუნა კონკურსის დროულად გამოცხადებაზე და სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა სიმცირით გამოწვეული მდგომარეობის შემსუბუქებაზე, რაც სრულად საბჭოს პასუხისმგებლობაა. ამასთან, კოალიცია აცნობიერებს მოსამართლეთა გადატვირთულობის პრობლემას, ასევე მხედველობაში იღებს სოციალურ ფაქტორებს, რაც არაერთი მოსამართლის ვადის ამოწურვას უკავშირდება, თუმცა, მიგვაჩნია, რომ  მოსამართლეთა შესარჩევი კონკურსის გამჭვირვალედ და ობიექტურად წარმართვა ის პრინციპია, რომლის დაცვაზეც დიდწილად არის დამოკიდებული სასამართლო სისტემის მდგომარეობა მომდევნო ათწლეულების განმავლობაში. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე მოვუწოდებთ:

 

იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

 

 საქართველოს პარლამენტს:

 

 

დანართი:

 

კოალიცია დეტალურად წარმოგიდგენთ იმ გარემოებებს, რომლებიც მიუთითებენ მიმდინარე კონკურსის  მნიშვნელოვან დარღვევებზე, საბჭოს მცდელობაზე მოსამართლეთა დანიშვნა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე დაასრულოს, რაც, საერთო ჯამში,  მოსამართლეთა დანიშვნის  ობიექტურობას კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს:

 

 

მოსამართლეთა დანიშვნის ახალი წესის თანახმად, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭო 5 სამუშაო დღის ვადაში განიხილავს კონკურსში მონაწილე მოსამართლეობის კანდიდატთა განცხადებებსა და თანდართულ დოკუმენტებს და განხილვის დასრულებისთანავე ვებგვერდზე აქვეყნებს იმ მოსამართლეობის კანდიდატთა მოკლე ბიოგრაფიულ ცნობებს, რომელთა დოკუმენტებიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს. კონკურსის მეორე ეტაპზე დაშვებულ კანდიდატთა სია 24 მარტის სხდომაზე განისაზღვრა, თუმცა დღემდე გამოქვეყნებული არ არის კანდიდატთა მოკლე ბიოგრაფიული მონაცემები, ხოლო კანდიდატთა სია 29 მარტამდე ცნობილი არ გამხდარა. ასევე, კონკურსი ისე მიმდინარეობს, რომ კანონის მოთხოვნის შესაბამისად, საბჭოს, ჯერჯერობით, კონკურსის მარეგულირებელი შინა ნორმატიული აქტები „მესამე ტალღის” ცვლილებებთან შესაბამისობაში არ მოუყვანია. კონკურსის ნაჩქარევად წარმართვაზე და თანმდევ ხარვეზებზე საბჭოს სხდომაზე ყურადღება გაამახვილა პრეზიდენტის კვოტით დანიშნულმა წევრმა, რამაც საბჭოს დანარჩენი წევრების აგრესია გამოიწვია.

 

 

განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს კონკურსში უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების 9 მოსამართლის მონაწილეობის საკითხი, რომელთა შორის არიან უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის პირველი მოადგილე და სისტემაში ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი პირი, მიხეილ ჩინჩალაძე და საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა. როგორც ცნობილია, 2016 წლის დეკემბრის დასასრულს, „მესამე ტალღის” საკანონმდებლო პაკეტში ნაჩქარევად, უშუალოდ მესამე მოსმენის წინ, ყოველგვარი წინასწარი საჯარო კონსულტაციების გარეშე შევიდა ცვლილებები, რომლის მიხედვითაც მოსამართლის თანამდებობაზე განწესების 3-წლიანი ვადა არ ვრცელდება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს ან უზენაესი სასამართლოს მოქმედ ან ყოფილ წევრზე და ისინი უვადოდ ინიშნებიან. უნდა ითქვას, რომ დიდი ხნის განმავლობაში ხელისუფლებაში მყოფი პოლიტიკური გუნდი არ თანხმდებოდა მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადის ინსტიტუტის გადახედვას, რაც ამყარებს ეჭვებს, რომ აღნიშნული ცვლილებები კანონმდებლობაში შესაძლოა გამიზნულად, წინასწარი და არაფორმალური გარიგებების შედეგად, კონკრეტული პირების სასარგებლოდ შევიდა.

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge