კოალიციის განცხადება საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015-2016 წლების პრიორიტეტებთან დაკავშირებით
კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ მიესალმება სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2015 -2016 წლის პრიორიტეტების საჯარო განხილვების შედეგად დამტკიცებას. ვფიქრობთ, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის საქმიანობის გასაუმჯობესებლად არსებითად მნიშვნელოვანი იყო, რომ საჯარო ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში მეურვეებმა შეძლეს დაინტერესებულ საზოგადოებასთან დიალოგით საზოგადოებრივი არხების ორწლიანი სამუშაო დოკუმენტის დახვეწა და არსებულ გამოწვევებზე შედარებით უკეთ ორიენტირებული დოკუმენტის შეექმნა.
საბოლოო
დოკუმენტში დაინტერესებული პირების მიერ სამეურვეო საბჭოსთვის მიწოდებული მნიშვნელოვანი იდეებია ასახული. მათ შორის:
1. მნიშვნელოვანია, რომ სამეურვეო საბჭო საჭიროდ მიიჩნევს საეთერო დროის 25%-ის გარეპროდუქციისთვის დათმობის, კანონით გათვალისწინებული ვალდებულების, შესრულების კონცეფციის და გეგმის შემუშავებას საზოგადოებრივი არხის მენეჯმენტის მიერ და მის შემდგომ განხილვას;
2. ვიმედოვნებთ, რომ საზოგადოებრვი არხების ევროპული არჩევანის უზრუნველყოფა მოხდება სამეურვეო საბჭოს ერთ-ერთი მნიშვნელოვანი არჩევანით - მომზადდეს სოციალურ პრობლემებთან დაკავშირებული დისკუსია, პოლიტიკურ მსოფლმხედველობათა მრავალფეროვნების, გენდერული, უმცირესობათა, მოწყვლადი ჯგუფების მონაწილეობისა და რეგიონული პრინციპების დაცვით. ასევე მითითება იმაზე, რომ გადაცემათა თემების შერჩევისას სახელმძღვანელო უნდა იყოს არა სხვა მედია საშუალებების დღის წესრიგი, არამედ - ქვეყნის განვითარებისათვის მნიშვნელოვანი და აქტუალური საკითხები /მაგ: განათლება, ჯანდაცვა, მიგრაცია და ემიგრანტები, დიასპორა, დევნილები, დასაქმება, ეკოლოგია, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები, მიუსაფარი ბავშვები და მოხუცები, ძალადობისა და დისკრიმინაციის მსხვერპლები, და სხვა;
3. საზოგადოებრივი მაუწყებლის არხებისათვის განსაკუთრებული ყურადღების ქვეშ მოექცა საარჩევნო თემატიკა, კერძოდ , 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების პერიოდში საზოგადოებრივმა არხებმა განსაკუთრებული ადგილი უნდა დაეთმოს შემდეგ საკითხებს:
ა) არჩევნების მნიშვნელობა და სამოქალაქო პასუხისმგებლობა;
ბ) საარჩევნო სუბიექტების, საპარლამენტო და არასაპარლამენტო პარტიების შეხედულებების და პროგრამების გაშუქება
გ) არჩევნებთან დაკავშირებული საკანონმდებლო ნორმების შესახებ მოქალაქეთა ინფორმირება
დ) არასამთავრობო ორგანიზაციებისა და სადამკვირვებლო მისიების მონიტორინგის შედეგების გაშუქება
ე) საქართველოს თითოეული რეგიონის საარჩევნო გარემოს და პროცესის ასახვა;
4. შედარებით ნათელი გახდა მითითება ციფრული მაუწყებლობის ეტაპზე ეროვნული უმცირესობის ენებისათვის მათთვის მისაღებ ენაზე გადაცემების მიწოდების ფორმატის თაობაზე;
5. საზოგადოებრივი მაუწყებლის არხების მიერ ხელისუფლების მონიტორინგისა და ანგარიშვალდებულების გეგმა მნიშვნელოვნად გაიზარდა და ხაზი გაესვა ამ მიმართულებით პოლიტიკურ-ანალიტიკური გადაცემების და ჟურნალისტური გამოძიების მექანიზმის გამოყენების აუცილებლობას;
6. განსაკუთრებით მისასალმებელია საბჭოს გადაწყვეტილების ის ნაწილი, რომლითაც ოკუპირებულ რეგიონებში მიმდინარე პროცესების ასახვა საზოგადოებრივი არხების საინფორმაციო და ახალი ამბების გაშუქების ერთ-ერთ მთავარი თემატიკა გახდა;
ბუნებრივია, დადგენილი პრიორიტეტების შესრულება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული საზოგადოებრივი არხების თანამშრომელთა მიერ სტანდარტების შესაბამისად განხორციელებულ აქტიურ მუშაობასა და მეურვეების მიერ პროგრამული პრიორიტეტების შესრულების კონტროლის უწყვეტ რეჟიმში განხორციელებაზე. რაც ასევე წარმოადგენს მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის და მონიტორინგის საგანს.
შეგახსენებთ, რომ კოალიცია „მედია ადვოკატირებისათვის“ წევრმა ორგანიზაციებმა საზოგადოებრივი მაუწყებლის 2015 - 2016 წლების პროგრამული პრიორიტეტების თაობაზე მოსაზრებები მიმდინარე წლის ივნისში
წარადგინა. აღნიშნულ მასალაში ხაზგასმული იყო ძირითადი საკითხები, რაც ჩვენი აზრით, უნდა გამხდარიყო პრიორიტეტული საზოგადოებრივი მაუწყებლის მიერ კანონით მინიჭებული უფლებამოსილების განხორციელებისას მომავალი ორი წლის განმავლობაში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge