კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ შეშფოთებას გამოთქვამს უკანასკნელ დღეებში განვითარებული მოვლენების გამო, რომლებიც წარმოაჩენს სასამართლოს დამოუკიდებლობისა და კანონის უზენაესობის პრინციპებისადმი პოლიტიკური ძალებისა და საზოგადოების სხვადასხვა ჯგუფის მხრიდან აშკარა უპატივცემლობას და საფრთხეს უქმნის ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დამოუკიდებელ ფუნქციონირებას.
2015 წლის 18 სექტემბერს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარემ გიორგი პაპუაშვილმა მედია საშუალებებთან გააკეთა განცხადება და აღნიშნა, რომ გახშირდა ცალკეულ მოსამართლეებსა და მათი ოჯახის წევრებზე ზეწოლა, რაც გამოიხატება მოსამართლეების სახლებთან შეკრებილ მოქალაქეთა სხვადასხვა ჯგუფის განცხადებებში ფიზიკური ანგარიშსწორების შესახებ. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეებზე ზეწოლის მიზეზად პაპუაშვილი ასახელებს გიორგი უგულავას კონსტიტუციური სარჩელის დაკმაყოფილებას. ვრცელდება ასევე საზოგადოებრივი გაერთიანებების ცალკეულ წარმომადგენელთა მუქარის შემცველი განცხადებებიც მოსამართლეთა წინააღმდეგ.
აღნიშნული შემთხვევების პარალელურად, მმართველი პოლიტიკური ძალის წარმომადგენელთა მხრიდან უკანასკნელი დღეების განმავლობაში ისმის სხვადასხვა ტიპის განცხადებები, რომლებიც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს მათი მხრიდან კანონის უზენაესობისა და სასამართლოს გადაწყვეტილების მიმართ პატივისცემის საკითხს.
გიორგი უგულავას საქმის კონტექსტში სასამართლოზე ზემოქმედების მინიშნება გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმაც, რომელმაც განაცხადა: „ბოლო დღეების განმავლობაში ადგილი ჰქონდა სასამართლო პროცესების პოლიტიზების მცდელობას, როგორც ქვეყანაში არსებული პოლიტიკური სპექტრის, ასევე უცხო ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლის - საქართველოს ყოფილი პრეზიდენტის მხრიდან.“
საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების გარდა, სიტყვიერი თავდასხმის ხშირი ობიექტები არიან საერთო სასამართლოების მოსამართლეებიც, რომელთა მიმართ ისმის არაეთიკური და შეურაცხმყოფელი შეფასებები სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლებისა და პროცესის მონაწილეთა მხრიდან.
უნდა აღინიშნოს, რომ საქართველოში მართლმსაჯულების მიმართულებით მიმდინარე რეფორმებისა და ცალკეულ შემთხვევებში მიღწეული პროგრესის მიუხედავად, კვლავ მყიფე რჩება სასამართლოს დამოუკიდებლობა. სასამართლო ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობის მიღწევისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული მოსამართლის დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიების შექმნას და მათ პატივისცემას პრაქტიკაში.
კოალიცია პატივს სცემს შეკრების, სიტყვისა და აზრის გამოხატვის თავისუფლებას, ასევე, გააზრებული აქვს პოლიტიკური შეფასებების თავისუფლად განხორციელების მნიშვნელობა დემოკრატიულ საზოგადოებაში, თუმცა, ამ უფლებებით სარგებლობამ არ უნდა წაახალისოს მუქარა და ძალადობრივი ქმედებები მოსამართლეებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ.
მნიშვნელოვანია, ყველა მხარემ, განსაკუთრებით პოლიტიკოსებმა და საჯარო პირებმა, გააცნობიერონ, რომ კანონის უზენაესობის პრინციპისადმი ერთგულება გულისხმობს მის პატივისცემას მაშინაც, როდესაც სასამართლოს გადაწყვეტილება განსხვავდება მათი კერძო თუ პარტიული ინტერესებისგან. შესაბამისად, მათ განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ სასამართლო გადაწყვეტილებებთან დაკავშირებით კომენტარების გაკეთებისას.
სასამართლო სისტემის გამართულად ფუნქციონირებისათვის მნიშვნელოვანია ჯანსაღი და არგუმენტირებული დისკუსიის წარმოება მართლმსაჯულების პრობლემატიკასთან დაკავშირებით და არა - ძალადობრივი და მუქარის შემცველი აქტივობები, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას სასამართლო სისტემას და კიდევ უფრო მეტად მყიფე გახადოს სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობა.
კოალიცია დაუშვებლად მიიჩნევს მოსამართლეების და მათი ოჯახის წევრების მიმართ მუქარის განხორციელებას და მოუწოდებს სამართალდამცავ ორგანოებს, პოლიტიკური ნეიტრალიტეტის სრული დაცვით შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულება და დაუყოვნებლივ აღკვეთონ ძალადობის რეალური საფრთხეები.
ამასთან, კოალიცია მოუწოდებს ყველა პოლიტიკურ ძალას, თავი შეიკავონ ნებისმიერი ისეთი განცხადებებისაგან, რომლებიც იწვევს სასამართლო ხელისუფლების დისკრედიტაციას და შეიძლება აღქმული იყოს, როგორც მოსამართლეებზე ზემოქმედების ან მათ საქმიანობაში ჩარევის მცდელობა, ვინაიდან აღნიშნული კიდევ უფრო მეტად აღვივებს საზოგადოებაში სასამართლოსადმი უპატივცემლობას, აკნინებს მის მნიშვნელოვან როლსა და რეპუტაციას დემოკრატიულ საზოგადოებაში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge