კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის წესზე მუშაობის დაწყებას პარლამენტისგან დაუყოვნებლივ ითხოვს

კონსტიტუციის ახალი რედაქციის თანახმად, საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ნომინირება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ დრომდე არ არსებობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებისა და თავმჯდომარის კანდიდატების ორგანული კანონით დადგენილი დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნები და კანდიდატთა ნომინირების წესი, საქართველოს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ, 2018 წლის 24 დეკემბრის სხდომაზე,  სრულიად გაუმჭვირვალე პროცედურისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, წარმოადგინა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა სია და იგი დასამტკიცებლად საქართველოს პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში მოხვდნენ ისეთი მოსამართლეები, რომლებმაც საზოგადოებას თავი გახმაურებულ საქმეებზე მიღებული უსამართლო გადაწყვეტილებებით დაამახსოვრეს და  რომელთა დამოუკიდებლობა და მიუკერძოებლობა სამართლიანად დგას კითხვის ნიშნის ქვეშ.

"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მიიჩნევს, რომ მართლმსაჯულების სისტემაში უზენაესი სასამართლოს მნიშვნელობისა და როლის გათვალისწინებით,  მისი მოსამართლეები უნდა აკმაყოფილებდნენ უფრო მაღალ სტანდარტებს, ვიდრე პირველი და მეორე ინსტანციის სასამართლოების მოსამართლეები. აუცილებელია, უზენაესი სასამართლოს დაკომპლექტება უზრუნველყოფილ იქნას ისეთი პროფესიონალებით, რომელთაც არა მხოლოდ სათანადო ცოდნა და გამოცდილება აქვთ, არამედ მაღალი რეპუტაციაც პროფესიულ წრეებსა თუ ფართო საზოგადოებაში. მოსამართლეები, რომელთა მიმართაც არ არსებობს საზოგადოების ნდობა და რომლებიც არ გამოირჩევიან თავიანთი კეთილსინდისიერებითა და საქმისადმი მიუკერძოებელი დამოკიდებულებით, ვერ უზრუნველყოფენ მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელებას და სასამართლო ხელისუფლება ათწლეულები დარჩება ერთ-ერთ ყველაზე დაბალი ნდობის მქონე ინსტიტუტად, რაც ქვეყნის დემოკრატიულად განვითარების პროცესს შეაფერხებს.

აუცილებელია, რომ მმართველმა პოლიტიკურმა გუნდმა სათანადოდ გააცნობიეროს  მართლმსაჯულების სისტემაში შექმნილი მწვავე მდგომარეობა, რომელზეც პასუხისმგებლობა სწორედ მას ეკისრება და ის სავალალო შედეგები, რომელსაც მოსამართლეობის ნომინირებული კანდიდატების უზენაეს სასამართლოში უვადოდ დანიშვნა გამოიწვევს.

"კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" მოუწოდებს საქართველოს პარლამენტს, სასწრაფოდ დაიწყოს მუშაობა „საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებზე, რომლითაც განსაზღვრავს როგორც უზენაესი სასამართლოს მოსამართლის მაღალი სტატუსის შესაბამის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს, ისე უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა ნომინირების წესს.

აუცილებელია, რომ საქართველოს პარლამენტმა ზემოხსენებული ცვლილებების მიღებამდე უარი თქვას იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ უკვე დასახელებული კანდიდატურების განხილვაზე, ხელახალი შერჩევის პროცესი დაიწყოს მხოლოდ  კანონმდებლობაში სათანადო ცვლილებების განხორციელების შემდეგ და საკანონმდებლო ორგანომ სწორედ ასეთი წესით ნომინირებული კანდიდატების საქართველოს კონსტიტუციისა და კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის შემოწმება განახორციელოს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge