კოალიცია უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას ეხმიანება

ნიკოლოზ მარსაგიშვილის უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ წინასწარ, ვაკანტური თანამდებობის წარმოშობამდე, განწესება უზენაესი სასამართლოს კლანისადმი ლოიალური კადრებით გადავსების ცხადი მაგალითია.  

17 სექტემბერს, საქართველოს პარლამენტმა 83 ხმით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წარდგინების საფუძველზე, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას დაუჭირა მხარი. უზენაეს სასამართლოში ნიკოლოზ მარსაგიშვილის მიერ დასაკავებელი პოზიცია მხოლოდ 2025 წლის ივნისში ხდება ვაკანტური. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ კონკურსი ერთი წლით ადრე, 2024 წლის 30 მაისის განკარგულების საფუძველზე გამოაცხადა.  

ნიკოლოზ მარსაგიშვილი სასამართლო სისტემაში 2008 წლიდან საქმიანობს და სხვადასხვა დროს იყო გორის რაიონული სასამართლოსა და თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. 2020 წლიდან ის იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრია და 2024 წლის 24 მარტს განმეორებით, მეორე ვადით იქნა არჩეული იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივნად. 

უზენაესი სასამართლოს წევრთა შერჩევის პროცესი წლებია ხარვეზიანად ფასდება როგორც ადგილობრივი სამოქალაქო, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან.  ამავდროულად, ევროკომისიის 2023 წლის ნოემბრის ანგარიშით ცხადად განისაზღვრა, რომ მათ შორის უზენაესი სასამართლოს წევრები და მოსამართლეობის კანდიდატები უნდა დაექვემდებარონ კეთილსინდისიერების შემოწმების ექსტრაორდინარულ მექანიზმს. საგულისხმოა, რომ ნიკოლოზ მარსაგიშვილი იზიარებს სასამართლო კლანის პოზიციას და ეწინააღმდეგება კეთილსინდისიერების შემოწმებას.  

დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი მართლმსაჯულების უზრუნველყოფა  საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული უმნიშვნელოვანესი დემოკრატიული ღირებულებაა. ევროპული ინტეგრაცია, რომლისათვისაც ერთ-ერთ წინაპირობას მართლმსაჯულების სისტემის ფუნდამენტური რეფორმის განხორციელება წარმოადგენს, ქართული საზოგადოების აბსოლუტური უმრავლესობის ურყევი ნებაა, რომელსაც ხელისუფლების ყველა შტომ პატივი უნდა სცეს. 

2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ ჩამოყალიბდება XI მოწვევის პარლამენტის შემადგენლობა და სწორედ აღნიშნული მოწვევის პარლამენტის დროს ხდება თანამდებობა ვაკანტური. კოალიცია მიიჩნევს, რომ ნიკოლოზ მარსაგიშვილის დასანიშნი კონკურსის 1 წლით ადრე გამოცხადება და თანამდებობაზე 8 თვით ადრე არჩევა, მაშინ როდესაც დაახლოებით 2 თვეში საქართველოს ახალი მოწვევის პარლამენტი ეყოლება არის კონსტიტუციისა და კანონმდებლობის ინსტრუმენტალიზაცია, ისევე როგორც სასამართლო კლანისა და მმართველი პარტიის თანამშრომლობის დამატებითი მტკიცებულება. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge