„კოალიცია თანასწორობისთვის“ კრიტიკულად აფასებს საქართველოს პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის საკანონმდებლო ინიციატივას,[1] რომელიც რელიგიის თავისუფლების სფეროში კანონმდებლობის აშკარა გაუარესებას და მართლმადიდებელი მღვდელმსახურების გარდა, ყველა სხვა რელიგიის სასულიერო პირისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების უფლების ჩამორთმევას ითვალისწინებს.
კოალიცია აღნიშნავს, რომ კეთილსინდისიერი წინააღმდეგობის უფლება, რომელიც საკუთარი სინდისის, რწმენის და რელიგიის საწინააღმდეგო ქმედებისგან ადამიანის დაცვის გარანტიებს ითვალისწინებს, რელიგიის თავისუფლების განუყოფელი ელემენტია და ეროვნული და საერთაშორისო სასამართლოების მიერ არის აღიარებული და დაცული უფლება.[2] კონკრეტული ჯგუფისთვის უფლების ჩამორთმევის შესახებ ინიციატივას, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც მსგავს მდგომარეობაში მყოფ დომინანტური რელიგიის წარმომადგენელ სასულიერო პირებს ანალოგიური უფლება უნარჩუნდებათ, შეუძლებელია მოეძებნოს ლეგიტიმური გამართლება და რელიგიური ნიშნით აშკარა დისკრიმინაციას წარმოადგენს. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ,,ეკლესიის განსაკუთრებული როლის აღიარება დაკავშირებულია მის ისტორიულ ღვაწლთან და არ ემსახურება მართლმადიდებელი ქრისტიანული რელიგიისთვის პრივილეგირებული სამართლებრივი მდგომარეობის შექმნას აწმყოში. გაწეული ისტორიული ღვაწლი არ შეიძლება განვიხილოთ როგორც პრივილეგიის ლეგიტიმურობის წყარო. დიფერენცირება და ეკლესიისთვის სამართლებრივად უპირატესი მდგომარეობის შექმნა არ არის და არ შეიძლება იყოს კონსტიტუციის მიზანი. [...] ეკლესიისთვის გარკვეული უფლების მინიჭება არ გულისხმობს იმავე უფლებით სხვა რელიგიური ორგანიზაციების მიერ სარგებლობის ხელშეშლას".[3]
კოალიცია შემაშფოთებლად მიიჩნევს ინიციატივის ავტორის განმარტებას, რომლის თანახმად, ცვლილების განხორციელების აუცილებლობა არსებული კანონმდებლობის მოქმედების ხარვეზით არის გამოწვეული და მართლმადიდებელი მღვდელმსახურებისთვის უფლების შენარჩუნება საქართველოს სახელმწიფოსა და მართლმადიდებელ ეკლესიას შორის დადებული კონსტიტუციური შეთანხმებით არის განპირობებული.
კოალიცია კომიტეტის თავმჯდომარეს მიუთითებს, რომ ადამიანის უფლებათა იდეასთან არსებით წინააღმდეგობაში მოდის საკანონმდებლო თუ პრაქტიკული ხარვეზის რომელიმე ჯგუფისთვის უფლების შეზღუდვის სანაცვლოდ მოწესრიგება. სამწუხაროა, რომ ხელისუფლება ნაცვლად იმისა, რომ არსებითად უპასუხოს ფართო საზოგადოებრივი ჯგუფების უკმაყოფილებას სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართ და არსებული სისტემის ტრანსფორმაცია მოახდინოს, ის ცდილობს ამ სისტემისგან თავის დაცვის საშუალებების მოსპობას სხვა სოციალური ჯგუფების უფლებების უხეში ხელყოფის ხარჯზე. ამასთან, ის გარემოება, რომ მართლმადიდებელი სასულიერო პირებისთვის სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადების საკითხი კონსტიტუციური შეთანხმებით რეგულირდება, თავისთავად ვერ გაამართლებს სხვა ჯგუფის დისკრიმინაციულ მდგომარეობაში ჩაყენებას.
სამწუხაროა ისიც, რომ აღნიშნული ინიციატივა კომიტეტის თავმჯდომარემ ფართო საზოგადოებრივ ჯგუფებთან სათანადო კონსულტაციის ჩატარების გარეშე მოამზადა.
ჩვენს რეალობაში, რელიგიის თავისუფლების სფეროში მოქმედი კანონმდებლობა ისედაც ასიმეტრიული და დისკრიმინაციულია. წლების განმავლობაში რელიგიური უმცირესობების მიერ მოპოვებული უფლებების და აღიარების გაუქმების მცდელობა კი, საკანონმდებლო სივრცის კიდევ უფრო გაუარესების აშკარა მცდელობაა. იმ პირობებში, როდესაც რელიგიური უმცირესობები კიდევ უფრო ღრმა და სისტემურ დისკრიმინაციას და გარიყულობას განიცდიან პრაქტიკაში, უთანასწორობის საკანომდებლო დონეზე გაფორმება, გარიყულობის, მეორე ხარისხოვანი მოქალაქეობის განცდას და უთანასწორობის მდგომარეობას კიდევ უფრო აღრმავებს. ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება საზოგადოებრივი ჯგუფების კონსოლიდაციას ცდილობდეს, მსგავსი ინიციატივებით ის ეთნიკური და რელიგიური მარკერებით სოციალური ჯგუფების ფრაგმენტაციას და იერარქიზებას ახდენს.
აღსანიშნავია, რომ აღნიშნული ინიციატივა წარმოადგენს რელიგიის თავისუფლების სფეროში ხელისუფლების მიერ წარმოდგენილი მკვეთრად რეგრესული და უთანასწორო ინიციატივების ჯაჭვის გაგრძელებას (მათ შორის, კონსტიტუციაში რელიგიის თავისუფლების შეზღუდვის საფუძვლებში ‘ეროვნული უსაფრთხოების’ გათვალისწინების მცდელობა, რელიგიის შესახებ კანონის მიღების ინიციატივა, რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის სამართალდარღვევად განხილვის ინიციატივების ციკლი) და მთლიანობაში დემოკრატიის, თანასწორობის იდეების აღიარების და უპატივცემულობის პოლიტიკურ პრობლემას აჩვენებს.
ზემოთ აღნიშნულის გათვალისწინებით, „კოალიცია თანასწორობისთვის“ მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის წევრებს:
- კრიტიკულად შეაფასონ და მხარი არ დაუჭირონ ბატონი ირაკლი სესიაშვილის მიერ მომზადებულ საკანონმდებლო ინიციატივას და დაიცვან და პატივი სცენ თანასწორობისა და რელიგიის თავისუფლების სტანდარტებს;
- სათანადოდ გაიაზრონ სავალდებულო სამხედრო სამსახურის მიმართ არსებული სოციალური უკმაყოფილება და პირადი თავისუფლებისა და თვითგანვითარების უფლების, ასევე, სოციალური სამართლიანობის პრინციპებზე დაფუძნებით მის არსებით რევიზიაზე იფიქროს;
- სათანადოდ გაიაზრონ რომ უთანასწორობისკენ მიმართული ინიციატივები არღვევს დემოკრატიული, სამართლიანი და პლურალური საზოგადოების განვითარების შესაძლებლობებს და რელიგიური და ეთნიკური უმცირესობების ჯგუფებში გარიყულობის ღრმა კვალს ტოვებს.
,,კოალიცია თანასწორობისთვის"
„კოალიცია თანასწორობისთვის“ არაფორმალური გაერთიანებაა, რომელიც 2014 წელს, ფონდ „ღია საზოგადოება საქართველოს“ ხელშეწყობით შეიქმნა და ცხრა არასამთავრობო ორგანიზაციას აერთიანებს.
კოალიციის წევრები არიან: ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველო“, „ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC)”, ,,კონსტიტუციის 42-ე მუხლი“, კავშირი „საფარი“, „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“, ,,ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფი (WISG)”, “პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის (PHR)”, ,,საქართველოს დემოკრატიული ინიციატივა (GDI)” და ,,ტოლერანტობის და მრავალფეროვნების ინსტიტუტი (TDI)".
[1] https://www.interpressnews.ge/ka/article/536831-aramartlmadidebelma-sasuliero-pirebma-shesazloa-samxedro-savaldebulo-samsaxuris-gadavadebis-uplebit-vegar-isargeblon
[2] ECtHR, Bayatyan v. Greece (ბაიათიანი სომხეთის წინააღმდეგ) N23459/03, 07.07.2011
[3] საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2018 წლის 3 ივლისის გადაწყვეტილება №1/1/811;
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge