კოალიცია სასამართლოში განვითარებულ პროცესებს უარყოფითად აფასებს

როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, 2017 წლის 11 მაისს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ თანამდებობაზე 64 მოსამართლე დანიშნა, მათგან 5 მოსამართლე (უზენაესი და საკონსტიტუციო სასამართლოების ყოფილი მოსამართლეები) დაინიშნა უვადოდ, გამოსაცდელი პერიოდის გარეშე. სამწუხაროდ, კონკურსში მონაწილე კანდიდატების ნაწილმა მათი გასაუბრებები დახურა, მათ შორის, მიხეილ ჩინჩალაძემ, რომლის მიმართაც საზოგადოების ინტერესი განსაკუთრებით მაღალი იყო. ამდენად, კოალიციისთვის უცნობია როგორ წარიმართა ამ შემთხვევებში ინტერვიუს პროცესი, თუმცა კოალიცია გეგმავს გამოითხოვოს და გაეცნოს საბჭოს წევრების მიერ შევსებულ შეფასების ფურცლებს.

 

მოსამართლეთა შესარჩევ კონკურსთან დაკავშირებით, კოალიციამ განაცხადა რომ საბჭო პროცესს ნაჩქარევად წარმართავდა, რაც არ იყო მიზანშეწონილი, მათ შორის იმის გათვალისწინებით, რომ მოსამართლეთა დანიშვნის მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატანია ცვლილებები, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2017 წლის 15 თებერვლის გადაწყვეტილების გათვალისწინებით, რაც პარლამენტს ჯერ არ განუხორციელებია - ამდენად, ბუნდოვანი და არაპროგნოზირებადია საკითხის მომწესრიგებელი საკანონმდებლო სივრცე. სამწუხაროდ, საბჭომ არ გაიზიარა კოალიციის მოწოდება შეეჩერებინა პროცესი და გადაწყვეტილება მიიღო ნაჩქარევად იმ პირობებში, როცა მისი შემადგენლობის ნახევარს უფლებამოსილების ვადა ივნისში ეწურება. საბჭოს ამგვარი მოქმედება ქმნის შთაბეჭდილებას, რომ საბჭომ გამოიყენა შესაძლებლობა, მოქმედი შემადგენლობისთვის ვადის ამოწურვამდე, მოესწრო თანამდებობაზე მათთვის სასურველი კანდიდატების გამწესება. ამასთან, საბჭომ კენჭისყრის სხდომა დაამთხვია კოალიციის კონფერენციას, რომელზეც სასამართლო სისტემაში არსებული პრობლემები განიხილებოდა. საყურადღებოა, რომ კონფერენციაში საბჭოს მონაწილეობა, რამდენიმე კვირით ადრე წინასწარ იყო შეთანხმებული, თუმცა, საბჭოს წევრებმა კონფერენციაში მონაწილეობა სხდომის დანიშვნის საბაბით არ მიიღეს, რაც მიანიშნებს სისტემის ჩაკეტილობაზე და ანგარიშვალდებულების სიმცირის პრობლემაზე.

 

საგულისხმოა, რომ საბჭომ თანამდებობაზე დანიშნა რამდენიმე კანდიდატი, რომელთა კეთილსინდისიერებისა და პროფესიონალიზმის მიმართაც არაერთი კითხვა არსებობს, მათ შორის, საბჭომ თანამდებობაზე განამწესა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე მიხეილ ჩინჩალაძე, რომელიც საზოგადოებასა და პროფესიულ წრეებში ცნობილია მისი არაჯანსაღი გავლენებით სასამართლო სისტემის შიგნით. დანიშვნამდე ცოტა ხნით ადრე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა გაავრცელეს განცხადება ბატონი ჩინჩალაძის მიერ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობისას განხილული საქმეების არაგონივრულად დაბალი მაჩვენებლის შესახებ, რაც ასევე კითხვებს აჩენს მის წარსულ პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებით. საბჭომ ასევე უვადოდ განამწესა საკონსტიტუციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე ოთარ სიჭინავა, რომელიც რამდენიმე გახმაურებულ საქმეებში მონაწილეობდა. როგორც საზოგადოებისთვის ცნობილია, ე.წ. „კაბელების საქმის” განხილვის დღეს ბატონი სიჭინავა არ გამოცხადდა სხდომაზე, ამ დროს კი ის მედიის კამერებმა საკუთარ სახლთან არასამუშაო ვითარებაში დააფიქსირეს.

 

მოსამართლეთა დანიშვნის ხარვეზიანი წესის გამო, საზოგადოებისთვის ცნობილი არ არის რა ფაქტორები მიიღო საბჭომ მხედველობაში მსჯელობისას და რას დააფუძნა მიღებული გადაწყვეტილება, თუმცა ნათელია, რომ 11 მაისის დანიშვნებმა კიდევ უფრო დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა სასამართლოს რეპუტაციის და მის მიმართ საზოგადოების ნდობის საკითხი. საბჭოს გადაწყვეტილებამ ასევე აჩვენა, რომ საბჭო არ ცდილობს გაიაზროს ის კრიტიკა, რომელიც ისმის სასამართლო სისტემაში არსებული გავლენიანი ჯგუფების არსებობის შესახებ და პირიქით, მიღებული გადაწყვეტილებით აძლიერებს ამ ჯგუფების არაფორმალურ გავლენებს.

 

11 მაისის კენჭისყრამ და დანიშვნებმა დაადასტურა, რომ რეალურად “მესამე ტალღის” კანონპროექტებით შემოტანილი მოსამართლეთა შერჩევა-დანიშვნის სისტემა ვერ უზრუნველყოფს სისტემაში იმ კანდიდატების დანიშვნას, რომელთა კეთილსინდისიერება და პროფესიონალიზმი სათანადოდ შემოწმებული და დადასტურებულია. ამასთან, კანონმდებლობა საბჭოს კვლავ უტოვებს ლეგალური თვითნებობის შესაძლებლობას, კერძოდ, შესაძლებლობას მოსამართლეები დანიშნოს დასაბუთებისა და არგუმენტაციის გარეშე, ფარული კენჭისყრის გზით. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორედ პარლამენტის მიერ „მესამე ტალღის” კანონპროექტის განხილვის დასკვნით ეტაპზე, პროცედურული ხარვეზებით, კანონპროექტში შეტანილი შესწორების საფუძველზე გახდა შესაძლებელი ხსენებული ორი მოსამართლე თანამდებობაზე უვადოდ დანიშნულიყო. ეს ფაქტიც შეიძლება მიუთითებდეს ხელისუფლებასა და სასამართლო სისტემაში არსებულ გავლენიან ჯგუფებს შორის შეთანხმებების არსებობაზე.

 

უახლოეს პერიოდში საბჭო ასევე გეგმავს, სწორედ „მესამე ტალღის” ხსენებულ ცვლილებებზე დაყრდნობით, უვადოდ გადანიშნოს გამოსაცდელი ვადით დანიშნული უზენაესი სასამართლოს 2 ყოფილი მოსამართლე (ლევან მურუსიძე და მაია სულხანიშვილი). გასათვალისწინებელია, რომ კანონმდებლობა არ იცნობს პროცედურას, რომლითაც მოსამართლეები შეიძლება ავტომატურად გადაინიშნონ უვადოდ, შესაბამისი შეფასების გავლის გარეშე.

 

კოალიციის შეფასებით, საბჭოს მიერ მოსამართლეთა დანიშვნის მანკიერი პრაქტიკა შედეგად იწვევს სასამართლო სისტემის “ჩაკეტვას” ხანგრძლივი ვადით, რაც გამორიცხავს სისტემის განახლებას. ეს მათ შორის განპირობებულია პოლიტიკური ხელისუფლების მხრიდან გაჭიანურებული და არასაკმარისი რეფორმების განხორციელებით, მიღებული კანონების აღსრულებაში არსებული ხარვეზებით, რაც შედეგად იწვევს სისტემის შიგნით გავლენიანი ჯგუფების კიდევ უფრო გაძლიერებას და სასამართლო სისტემის გაჯანსაღების მრავალი წლით გადავადებას.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge