მიმდინარე წლის სექტემბერში „პროკურატურის შესახებ“ საქართველოს კანონში განხორციელებული ცვლილებებით შეიცვალა მთავარი პროკურორის თანამდებობაზე დანიშვნის პროცედურები.
მთავარი პროკურორის შერჩევა/დანიშვნის პროცესში მნიშვნელოვანი როლი დაეკისრა ახლადშექმნილ ორგანოს - საპროკურორო საბჭოს, რომელიც 15 წევრისგან შედგება და რომლის შემადგენლობაშიც შედიან იუსტიციის მინისტრი, პარლამენტის 2 წევრი, საერთო სასამართლოების 2 მოსამართლე, სამოქალაქო/სამეცნიერო სფეროს 2 წარმომადგენელი და 8 პროკურორი. საკანონმდებლო ცვლილებებით გათვალისწინებულ კიდევ ერთ მნიშვნელოვან სიახლეს წარმოადგენს პროკურორთა კონფერენცია, რომელიც აერთიანებს პროკურატურაში მომუშავე ყველა პროკურორსა და გამომძიებელს. სწორედ კონფერენციის უფლებამოსილებას წარმოადგენს საპროკურორო საბჭოს წევრი 8 პროკურორის შერჩევა.
საპროკურორო საბჭოს და პროკურორთა კონფერენციის, როგორც კოლეგიური და წარმომადგენლობითი ორგანოების შექმნა პროკურატურის სისტემაში დადებითად შეფასდა კოალიციის მიერ. ვიმედოვნებთ, რომ ეს იქნება მნიშვნელოვანი მექანიზმი პროკურატურის დამოუკიდებლობის გაზრდისთვის, ინდივიდუალური პროკურორის გაძლიერებისა და ანგარიშვალდებული, საზოგადოების მაღალი ნდობით აღჭურვილი პროკურატურის სისტემის ჩამოყალიბებისთვის.
კოალიციას სურს გამოეხმაუროს 19-21 ოქტომბერს გამართულ საქართველოს პროკურორთა პირველ კონფერენციას, რომელზეც საპროკურორო საბჭოს 8 პროკურორი წევრი შეირჩა.
აღსანიშნავია, რომ საპროკურორო საბჭოს წევრების არჩევის პროცესის მნიშვნელოვანი ნაწილი დახურულ ვითარებაში, პროკურორთა კონფერენციის მიღმა წარიმართა. კერძოდ დაკვირვების საშუალება არ არსებობდა:
• პროკურორთა და გამომძიებელთა საინიციატივო ჯგუფების (რომელიც ასახელებს კანდიდატებს) შექმნის პროცესზე;
• ადმინისტრაციული კომიტეტის (რომელიც აორგანიზებს არჩევნების პროცესს და ასრულებს საარჩევნო კომისიის ფუნქციებს) შექმნის პროცესზე;
• საინიციატივო ჯგუფების მიერ საბჭოს წევრობის კანდიდატების დასახელების პროცესზე.
პრობლემას წარმოადგენს ისიც, რომ არც “პროკურატურის შესახებ” საქართველოს კანონი და არც პროკურორთა კონფერენციის რეგლამენტი დეტალურად არ გაწერს, რა პროცედურებით იქმნება საინიციატივო ჯგუფები, როგორი უმრავლესობით იღებენ ეს ჯგუფები საპროკურორო საბჭოს წევრის კანდიდატურის წარდგენაზე გადაწყვეტილებას, რა პროცედურით უნდა დაკომპლექტდეს ადმინისტრაციული კომიტეტი. ამდენად, ბუნდოვანი იყო ცალკეული პროცესუალური საკითხებიც. ზემოაღნიშნულ მნიშვნელოვან საკითხებზე გადაწყვეტილებები მიღებულ იქნა შესაბამისი წესის არარსებობის პირობებში, იმ ეტაპზე, როდესაც პროკურორებს კონფერენციის რეგლამენტის დოკუმენტი ჯერ არ ჰქონდათ მხარდაჭერილი და დამტკიცებული. შესაბამისად, უცნობია, რამდენად დემოკრატიული და სამართლიანი იყო შიდა პროცესები.
უშუალოდ კონფერენციის სხდომების მიმდინარეობასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ კონფერენციამ ორგანიზებულ და მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. ის ღია და ხელმისაწვდომი იყო მედიისა და სადამკვირვებლო ორგანიზაციების წარმომადგენლებისთვის. თუმცა, 12 საინიციატივო ჯგუფის მიერ საპროკურორო საბჭოს წევრობის 17 კანდიდატის დასახელების დახურულმა პროცესმა უდავოდ ჩრდილი მიაყენა თავად კენჭისყრის პროცესს.
აღსანიშნავია, რომ კანონმდებლობა არ იძლევა საკმარისად მოქნილ მექანიზმებს ინდივიდუალური პროკურორებისთვის, რომ წარადგინონ კანდიდატურები საპროკურორო საბჭოს წევრობისთვის. აღნიშნულის უფლებამოსილებას პროკურატურის შესახებ კანონი ანიჭებს მინიმუმ 30 პირისგან შემდგარ საინიციატივო ჯგუფს, რომელსაც მაქსიმუმ ორი კანდიდატის წარდგენის უფლება აქვს. იმ პირობებში კი, როდესაც პროკურატურის გამომძიებელთა და პროკურორთა რაოდენობა შეზღუდულია და მათ მხოლოდ ერთ საინიციატივო ჯგუფში შეუძლიათ გაწევრიანება, პროკურორთა კონფერენცია რეალურად შეიძლება დადგეს ისეთი ვითარების წინაშე, როდესაც არ შეიქმნება საკმარისი რაოდენობის საინიციატივო ჯგუფი, ან შექმნილი საინიციატივო ჯგუფები ვერ წარადგენს საკმარისი რაოდენობის კანდიდატებს, შედეგად კი კონფერენციას არ მიეცემა მრავალფეროვანი არჩევანის გაკეთების შესაძლებლობა.
საპროკურორო საბჭოს დაკომპლექტების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და მნიშვნელოვანია დანარჩენი 6 წევრის შერჩევა მოხდეს გამჭვირვალე და დემოკრატიული პროცედურებით, შერჩეული კანდიდატები კი სარგებლობდნენ მაღალი საზოგადოებრივი ნდობით.
კოალიცია აგრძელებს პროკურატურის სისტემაში მიმდინარე პროცესების მონიტორინგს და კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მთავარი პროკურორის შერჩევის წესის რეფორმის მიუხედავად, კვლავ გამოწვევად რჩება პროკურატურის სრული პოლიტიკური ნეიტრალიტეტის დაცვის საკითხი და ამ კუთხით აუცილებელია დამატებითი საკანონმდებლო ცვლილებების მიმართულებით მუშაობის გაგრძელება, აღნიშნულ პროცესში კოალიცია გამოთქვამს მზადყოფნას, ითანამშრომლოს შემდგომი რეფორმების დაგეგმვის მიმართულებით.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge