2019 წლის 10 მაისს იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საქართველოს პარლამენტისათვის წარსადგენად კანდიდატთა შერჩევის პროცესი დაიწყო, რომელიც თითქმის 4 თვე გაგრძელდა და 2019 წლის 4 სექტემბერს დასრულდა.
გასაუბრების პროცესის ღიაობა და საჯაროობა ცალსახად დადებითად უნდა შეფასდეს, რადგან ფართო საზოგადოებისათვის შესაძლებელი გახდა სასამართლო სისტემაში არსებული რეალური სიტუაციის ნათლად დაენახვა. როგორც მოქმედ მოსამართლეთა, ასევე იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა კომპეტენციისა და მათი კეთილსინდისიერების შეფასება.
თავად კონკურსი არ იყო წარმომადგენლობითი იურიდიული პროფესიების მონაწილეობის თვალსაზრისით. განსაკუთრებით შეიმჩნეოდა პასიურობა ადვოკატთა კორპუსისა და აკადემიური წრეების მხრიდან. აღნიშნული სავარაუდოდ განპირობებული იქნა სასამართლო სისტემის კორპორატივიზმით, ჩაკეტილობით, კეთილსინდისიერი იურისტებისთვის სასამართლოში არსებული არასახარბიელო ვითარებით, კონკურსის პროცედურების მიმართ (დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება, დახურული კენჭისყრა) ასევე შემრჩევი ორგანოს (იუსტიციის უმაღლესი საბჭოს) მიმართ უნდობლობით.
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევის პროცესი პარლამენტის მიერ შემუშავებული ახალი საკანონმდებლო ცვლილებების საფუძველზე მიმდინარეობდა, თუმცა პრობლემა თავად საკანონმდებლო მოწესრიგების მიმართულებით იყო. ხელისუფლებამ, კანონმდებლობის შემუშავების ეტაპზე არ აჩვენა პოლიტიკური ნება, რომ კონკურსისას მაქსიმალურად კონკურენტუნარიანი გარემო შექმნილიყო, რათა შესაძლებელი გამხდარიყო პარლამენტისათვის ღირსეული კანდიდატების წარდგენა. ხელისუფლებამ ამ პროცესში არ გაითვალისწინა მნიშვნელოვანი საერთაშორისო პარტნიორის, ვენეციის კომისიის რეკომენდაციებიც კი. საბოლოოდ, შექმნილი საკანონმდებლო ჩარჩოს პირობებში შესაძლებელი გახდა სიის იმგვარად ფორმირება, რომელიც ძირითადად სასამართლოში არსებულ გავლენიანი ჯგუფისა და ხელისუფლების ინტერესებში შედიოდა.
პროცესის მიმდინარეობისას არაერთი მნიშვნელოვანი პრობლემა გამოიკვეთა, რასაც საბჭო უგულებელყოფდა. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს 2 მოსამართლე წევრის, თამარ ონიანისა და ირაკლი შენგელიას აცილების ცალსახა საფუძველი იყო, კონკურსში მათი ახლო ნათესავების მონაწილეობის გამო, მათ თვითაცილება არ განაცხადეს. პროცესს არ ჩამოშორდა ასევე საბჭოს კიდევ ერთი, ამჯერად არამოსამართლე წევრი, ზაზა ხარებავა. მიუხედავად იმისა, რომ დოკუმენტაციის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ იგი არაუფლებამოსილი პირის მიერ იქნა წარდგენილი 2017 წელს პარლამენტში, რაც მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის პირდაპირი საფუძველია, მან კონკურსში მონაწილეობა გააგრძელა. ეს ფაქტი განსაკუთრებით საინტერესოა იმ ფონზე, რომ საბჭოს ამ სამი წევრის კონკურსს ჩამოშორებით, მნიშვნელოვნად უმცირდებოდათ ძალაუფლება სისტემაში არსებულ გავლენიან მოსამართლეებს და შესაძლებელი ხდებოდა გადაწყვეტილების მიღება ერთგვარი კონსესუსით მომხდარიყო, მათ შორის, საბჭოში კრიტიკულად განწყობილი არამოსამართლეების მონაწილეობით, რაც საბოლოოდ ამცირებდა სიის იმგვარად ფორმირების შანსებს, როგორც ეს 4 სექტემბერს მოხდა.
საბჭომ კანდიდატების ნომინირების შესახებ გადაწყვეტილება ისე მიიღო, რომ სათანადოდ არ დაინტერესდა და არ გამოიკვლია, მათ შორის, მოქმედი გენერალური პროკურორის, შალვა თადუმაძის დიპლომის ირგვლივ არსებული კითხვები. შესწავლილი დოკუმენტაციის თანახმად შალვა თადუმაძე ნ. დუმბაძის სახელობის ჰუმანიტარული ინსტიტუტში 1993-1998 წლებში სწავლობდა, მაშინ როდესაც საჯარო რეესტრის მონაცემების მიხედვით, ეს ინსტიტუტი პირველად 1994 წელს დაფუძნდა და იმავე წელს მიიღო საგანმანათლებლო სფეროში საქმიანობის უფლება. საკითხით, თუ როგორ მოახერხა შალვა თადუმაძემ 1993 წელს სასწავლებელში ჩარიცხვა რომელიც 1994 წელს დაფუძნდა, არ დაინტერესებულა სიღრმისეულად საბჭო, დიპლომის შესახებ დაისვა მხოლოდ ერთი კითხვა, ერთ-ერთი არამოსამართლე წევრის მიერ.
საბოლოოდ, 20 კაციანი სიის ფორმირება მოხდა იმგვარად, რომ თავდაპირველი 10 კაციანი პრობლემური სიის ნაწილი მასში ისევ მოხვდა და ამ სიას გენერალური პროკურორისა და მისი მოადგილის სახელები და გვარები დაემატა. ამ სიის შემადგენლობის დიდ ნაწილზე პროგნოზები წინასწარვე კეთდებოდა. სიაში ძირითადად სისტემაში არსებული გავლენიანი მოსამართლეები ან მათთვის მისაღები კანდიდატები და ხელისუფლებასთან დაახლოებული პირები მოხვდნენ. სიაში მოხვდნენ ასევე ისეთი მოსამართლეები, რომელთა საქმიანობის მიმართ არაერთი კითხვა არსებობს, მათ შორის, შესაძლო კორუფციის მიმართულებითაც კი. საინტერესოა ასევე ისიც, რომ პირველი ფარდობითი კენჭისყრის შემდეგ, სახალხო დამცველმა ერთგვარი სქემა გამოავლინა, რომლითაც სავარაუდოდ საბჭოს წევრები გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქმედებდნენ.
კანდიდატთა შერჩევის პროცედურის მიმდინარეობისას მრავალი მნიშვნელოვანი და პრობლემური საკითხი გამოიკვეთა, რომლებსაც ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ.
შერჩევის პროცესი იუსტიციის უმაღლეს საბჭოში
იუსტიციის საბჭოს შემადგენლობა
იუსტიციის საბჭოს 2 მოსამართლე წევრს - თამარ ონიანსა და ირაკლი შენგელიას ჰქონდათ ცალსახა ინტერესთა კონფლიქტი კონკურსში მონაწილე კანდიდატებთან - ზურაბ აზნაურაშვილთან (თამარ ონიანის მაზლი) და ლევან თევზაძესთან (ირაკლი შენგელიას ცოლის ძმა) მიმართებაში. „საერთო სასამართლოების შესახებ“ ორგანული კანონი და „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონი საბჭოს წევრებს ავალდებულებს ინტერესთა შეუთავსებლობის შემთხვევაში წინასწარ განაცხადონ ამის შესახებ და მონაწილეობა არ მიიღონ მოსამართლეობის კანდიდატის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში. თუმცა, მიუხედავად ამისა, არც თამარ ონიანმა და არც ირაკლი შენგელიამ არ განაცხადეს წინასწარ ინტერესთა კონფლიქტის არსებობის შესახებ და არც თვითაცილება დააყენეს. მიუხედავად არაერთი განცხადებისა[1] და მოწოდებისა, მათ შორის საბჭოს არამოსამართლე წევრების მხრიდან, ისინი არ ჩამოშორდნენ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესს და მონაწილეობა მიიღეს ფარულ კენჭისყრასა და გასაუბრებებში.
იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის - ზაზა ხარებავას კანდიდატურა არსებული ინფორმაციით, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად არჩევისას, პარლამენტს არაუფლებამოსილმა სუბიექტმა წარუდგინა, რაც პარლამენტის რეგლამენტისა და „საერთო სასამართლოების შესახებ” საქართველოს ორგანული კანონის არსებით დარღვევასა და მისთვის უფლებამოსილების შეწყვეტის აშკარა წინაპირობას წარმოადგენდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ საკითხის შესასწავლად კოალიციამ საქართველოს პარლამენტის მაშინდელ თავმჯდომარეს ჯერ კიდევ 2019 წლის მაისის თვეში მიმართა[2], ამ დრომდე საქართველოს პარლამენტს ამ საკითხზე არ უმსჯელია, ხოლო ზაზა ხარებავა ინარჩუნებს იუსტიციის საბჭოს წევრის სტატუსს და მონაწილეობს უზენაესი სასამართლოს შერჩევის პროცესში. ზაზა ხარებავას საბჭოს შემადგენლობაში ყოფნის საკითხის გადაწყვეტა განსაკუთრებით მნიშნელოვანი იყო, თუნდაც იმ გარემოების გამო, რომ კანდიდატთა ნომინირების კენჭისყრის დროს 11-მა კანდიდატმა მიიღო ხმათა საჭირო მინიმალური რაოდენობა (10 ხმა), რა შემთხვევაშიც ზაზა ხარებავას 1 ხმას გადამწყვეტი მნიშვნელობა შეიძლება ჰქონოდა.
იუსტიციის საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე (რომელიც იმავდროულად უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთი კანდიდატია), შერჩევის პროცესში გამართულ სხდომებს არ თავმჯდომარეობდა. თუმცა, იგი მაინც ხელმძღვანელობდა იუსტიციის საბჭოს აპარატს, რომლის შემადგენლობაშიც შედის უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის შეგროვებასა და გადამოწმებაზე უფლებამოსილი სტრუქტურულ ერთეული. შესაბამისად, იგი ინარჩუნებდა ბერკეტს, გარკვეული ზეგავლენა მოეხდინა შერჩევის პროცესზე.
პირველი ფარდობითი კენჭისყრა
2019 წლის 20 ივნისს იუსტიციის საბჭოში პირველი ფარული, ფარდობითი კენჭისყრა გაიმართა. ფართობითი კენჭისყრის დროს იუსტიციის საბჭოს თითოეულ წევრს 137 დარეგისტრირებული კანდიდატიდან უნდა შეერჩია მათთვის სასურველი არაუმეტეს 20 კანდიდატი. შედეგად კი საუკეთესო შედეგის მქონე 50 კანდიდატი გადავიდა გასაუბრების ეტაპზე. კენჭისყრაზე დაკვირვების შედეგად სახალხო დამცველის მიერ გამოვლენილ იქნა, რომ ბიულეტენთა გარკვეული ნაწილი შემოხაზული იყო ერთიანი სქემით, რაც აჩენდა საფუძვლიან ეჭვს, რომ საბჭოს წევრთა ნაწილი ერთმანეთთან შეთანხმებულად მოქმედებდა.[3]
კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის გაცემაზე იუსტიციის საბჭოს უარი
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის შერჩევის პროცედურის მაქსიმალური გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად ორგანულ კანონში გაიწერა შესაბამისი გარანტიები. მათ შორის, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატის მიერ თანხმობის გაცემის ვალდებულება მის შესახებ არსებული ინფორმაციის (მათ შორის, პერსონალური მონაცემების, გარდა ჯანმრთელობის მდგომარეობისა) გასაჯაროვებაზე. კოალიციის წევრმა ორგანიზაციებმა პირველი ფარული კენჭისყრის მეორე დღესვე დაიწყეს კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა. კოალიციის მიზანი იყო გასაუბრებების დაწყებამდე იუსტიციის საბჭოდან მოპოვებული ინფორმაციის დროულად დამუშავება და საზოგადოებისათვის მიწოდება. საზოგადოების დროულად ინფორმირება მნიშვნელოვანი იყო გასაუბრებების დაწყებამდე, რათა საზოგადოებაში შექმნილიყო წარმოდგენა იმ ადამიანთა შესახებ, რომლებიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობაზე აცხადებდნენ პრეტენზიას. თუმცა, იუსტიციის საბჭომ თავდაპირველად უარი განაცხადა კანდიდატთა შესახებ ინფორმაციის გასაჯაროებაზე პერსონალური მონაცემების დაცვის მოტივით. აღნიშნული უარი ეფუძნებოდა ორგანული კანონის ჩანაწერის არასწორ განმარტებას, რომლის მიხედვითაც პირი მხოლოდ საქართველოს პარლამენტისთვის ინფორმაციის (მათ შორის, პირის პერსონალური მონაცემების) გადაცემა/გასაჯაროებაზე აცხადებდა თანხმობას და არა ზოგადად გასაჯაროებაზე.
იუსტიციის საბჭომ გასაუბრების ეტაპზე გადასულ კანდიდატთა მიერ წარმოდგენილი განცხადებებისა და თანდართული დოკუმენტების გასაჯაროების შესახებ გადაწყვეტილება მხოლოდ სახალხო დამცველისა და სახელმწიფო ინსპექტორის წარმომადგენლების პოზიციების მოსმენის შემდეგ მიიღო, რომლებიც ყურადღებას ამახვილებდნენ მთლიან პროცესში აღნიშნული ინფორმაციის გასაჯაროების მნიშვნელობაზე. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მოხდა გასაუბრებების დაწყებამდე 5 დღით ადრე, რაც არაგონივრული ვადა იყო 50 კანდიდატის შესახებ ინფორმაციის დასამუშავებლად, რამაც, საბოლოო ჯამში, ინფორმაციის გასაჯაროვებას მნიშვნელობა შეუმცირა.
გასაუბრებები
იუსტიციის საბჭოში გასაუბრების პროცესი 2019 წლის 17 ივლისიდან 15 აგვისტოს ჩათვლით მიმდინარეობდა. გასაუბრება გაიმართა 49[4] კანდიდატთან.
გასაუბრების ხანგრძლივობა
გასაუბრების პროცესის დაწყებამდე საბჭოს წევრები დღის განმავლობაში 5 კანდიდატთან გეგმავდნენ გასაუბრებას, თითოეულთან 45 წუთიდან 1 საათის განმავლობაში. თუმცა, პირველ დღეს თითოეულ კანდიდატთან გასაუბრების ხანგრძლივობამ და საბჭოს წევრთა შეკითხვების რაოდენობამ ცხადყო, რომ დღის განმავლობაში სამუშაო საათებში სრულყოფილი გასაუბრების ჩატარება მაქსიმუმ 2 კანდიდატთან იქნებოდა შესაძლებელი. თუმცა საწყის ეტაპზე, გასაუბრებები არანორმირებული რეჟიმით მიმდინარეობდა, გრძელდებოდა თითქმის უწყვეტად 10-11 საათის განმავლობაში. აღნიშნული სამუშაო გრაფიკი გააპროტესტეს არამოსამართლე წევრებმა. ანა დოლიძემ და ნაზი ჯანეზაშვილმა კი რამდენჯერმე დატოვეს სხდომა სამუშაო საათების ამოწურვის შემდგომ. კოალიციის შეფასებით, არანორმირებული სამუშაო გრაფიკით გასაუბრებების პროცესის წარმართვა აზიანებდა თავად კანდიდატების შერჩევის პროცესს და ლახავდა თავად კანდიდატების, საბჭოში დასაქმებული პირებისა და მონიტორების ინტერესებს.[5]
არამოსამართლე წევრების ინიციატივას, 2-მდე შეემცირებინათ დღის განმავლობაში გასაუბრებაზე გამომსვლელ კანდიდატთა რაოდენობა, საბჭოს მოსამართლე წევრები უარყოფითად შეხვდნენ. შესაბამისად, შერჩევის პროცესი 26 ივლისის ჩათვლით ყოველგვარი გონივრული დროის გადაცილებით მიმდინარეობდა. აღნიშნული კიდევ უფრო აძლიერებდა ეჭვს, რომ საბჭოს წევრთა უმრავლესობას გასაუბრების პროცესის მაქსიმალურად მოკლე დროში დასრულება სურდა. თუმცა, დადებითად უნდა შეფასდეს, რომ 26 ივლისს, ამჯერად მოსამართლე წევრის ინიციატივის საფუძველზე საბჭო გადავიდა დღეში 2 კანდიდატთან გასაუბრების რეჟიმზე.
სიტყვიერი თავდასხმები არამოსამართლე წევრებზე
საყურადღებოა, რომ გასაუბრების პროცესი საკმაოდ არაკონსტრუქციულ ვითარებაში მიმდინარეობდა. არაერთხელ დაფიქსირდა კოლეგებისადმი არაკორექტული, არაეთიკური მიმართვები. საბჭოს მოსამართლე წევრებმა კანდიდატთან გასაუბრების მსვლელობისას არაერთხელ შეაწყვეტინეს საუბარი და დაუპირისპირდნენ საბჭოს არამოსამართლე წევრებს ანა დოლიძესა და ნაზი ჯანეზაშვილს მათ მიერ დასმული კრიტიკული შეკითხვების შინაარსის გამო. მოსამართლე წევრების გააქტიურება განსაკუთრებით იგრძნობოდა ისეთი შეკითხვების დასმისას, რომლებიც სასამართლო სისტემის შიგნით არსებულ პრობლემებს, მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, სასამართლოში არსებულ კლანურ მმართველობასა და მოსამართლეებში განსხვავებული აზრის არარსებობას შეეხებოდა. გარდა ამისა, მოსამართლე წევრებმა რამდენჯერმე ისინი პროცესის ჩაშლის მცდელობასა და კანდიდატთა „დაკითხვაშიც“ დაადანაშაულეს.
დასმული შეკითხვები
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა შერჩევის პროცესში უდიდესი მნიშვნელობა ჰქონდა გასაუბრების პროცესის გამჭვირვალობასა და მის პირდაპირ ტრანსლირებას. მისი უმთავრესი დანიშნულება კანდიდატების საზოგადოებისათვის გაცნობა და პროცესისადმი სანდოობისა და მაღალი ლეგიტიმაციის უზრუნველყოფა იყო. გამჭვირვალე პროცესმა ფართო საზოგადოებას მისცა შესაძლებლობა, დაენახა არა მხოლოდ ის, თუ როგორი პროფესიული კვალიფიკაციისა და კეთილსინდისიერების მქონე მოსამართლეები წყვეტენ სასამართლოში საქმეებს, არამედ ისიც, თუ როგორია მათი ზოგადი განათლება, ღირებულებები, მსჯელობის უნარი და ანალიტიკური აზროვნება, მათი დამოკიდებულებები სხვადასხვა მნიშვნელოვან და აქტუალურ საკითხთან მიმართებით.
გასაუბრებების პროცესის დაწყების წინა დღეს საბჭოს წევრები შეთანხმდნენ, რომ კანდიდატებს არ დაუსვამდნენ შეკითხვებს, რომლებიც არა კანდიდატის ანალიტიკურ და ღირებულებით, არამედ კონკრეტული მუხლის ფორმულირების დაზეპირების უნარს ამოწმებდა. მიუხედავად ამისა, არაერთხელ დაფიქსირდა ამგვარი შეკითხვები, განსაკუთრებით კრიტიკულად განწყობილი და არამოსამართლე კანდიდატების მიმართ.
კანდიდატთან გასაუბრების მიმდინარეობისას კოალიციის მიერ წარმოებული სტატისტიკური მონაცემები ცხადყოფს, რომ გასაუბრების მიმდინარეობისას ყველაზე მეტ შეკითხვას არამოსამართლე წევრები, ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე სვამდნენ. სხვა წევრები შეკითხვების მცირე რაოდენობით გამოირჩეოდნენ. განსაკუთრებით იგრძნობოდა საბჭოს მოსამართლე წევრების აგრესიული ტონი და ირონიული დამოკიდებულება იმ კანდიდატის მიმართ, რომლებმაც სასამართლოში არსებულ პრობლემებზე ღიად ისაუბრეს. აღნიშნული ვითარება ქმნიდა შთაბეჭდილებას, რომ მოსამართლე წევრები მაქსიმალურად ცდილობდნენ ამგვარი კანდიდატების არაკომპეტენტურობის წარმოჩენას, რაც ერთგვარ ფსიქოლოგიურ ზეწოლასაც ემსგავსებოდა.
კანდიდატების პასუხები და საბჭოს წევრების მხრიდან მათი დახმარება
გასაუბრებების განმავლობაში კანდიდატთა უმრავლესობამ გამოამჟღავნა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლის არა სიღრმისეული ცოდნა. სამწუხაროდ, მათ უმრავლესობას მხოლოდ ზედაპირული წარმოდგენები ჰქონდა ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებთან დაკავშრებით.
საყურადღებოა, რომ დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც საბჭოს წევრთა უმრავლესობა (განსაკუთრებით მოსამართლე წევრები) შეკითხვებს პასუხის მიმანიშნებელი ფორმით სვამდნენ (ძირითადად ე.წ. „ჩაკითხვებისას“). გარდა ამისა, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ისინი კანდიდატს საბჭოს სხვა წევრის მიერ დასმული შეკითხვისთვის პასუხის გაცემაში დაეხმარნენ მინიშნებისა თუ კარნახის გზით.
მეორე ფარდობითი კენჭისყრა და კანდიდატთა ნომინირება
იუსტიციის საბჭოს წევრებმა გასაუბრებების პროცესის დასრულების შემდგომ დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში ქულებით შეაფასეს კანდიდატები[6]. სრულიად გაუგებარია კეთილსინდისიერების შეფასების შკალა, რომლითაც შეფასების ყველაზე დაბალ საფეხურზე აღმოჩნდნენ კანდიდატები, რომლებმაც ღიად გამოხატეს შეშფოთება სასამართლოს პრობლემური წარსულის გამო, ხოლო მაღალი შეფასება მიიღეს კანდიდატებმა, რომლებიც სასამართლოში სისტემური პრობლემის არსებობას (ვერც ახლა და ვერც წარსულში) ვერ ხედავენ.
2019 წლის 4 სექტემბერს საბჭომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლის თანამდებობაზე ასარჩევად საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენი კანდიდატების გამოცხადებული ვაკანსიის რაოდენობამდე დაყვანის მიზნით მეორე ფარული კენჭისყრა ჩაატარა და საუკეთესო შედეგის მქონე 20 კანდიდატი გამოავლინა. შემდგომ, 20-ივე კანდიდატს სათითაოდ ეყარა კენჭი საქართველოს პარლამენტისთვის წარსადგენად და ყველა მათგანმა მოაგროვა ნომინირებისთვის საჭირო ხმათა რაოდენობა (საბჭოს სრული შემადგენლობის 2/3-ის მხარდაჭერა). შეფასებების მიხედვით დაგროვილი ქულათა რაოდენობის შედეგად გამოვლენილი საუკეთესო შეფასების მქონე 20 კანდიდატის სია ზუსტად არ დაემთხვა კენჭისყრის შედეგად გამოვლენილ და ნომინირებულ კანდიდატთა 20 კაციან სიას.
ასევე მნიშვნელოვანია, რომ ნომინირებულ კანდიდატთა სიაში მოხვდნენ ის მოსამართლეებიც, რომლებიც 2018 წლის დეკემბერში პარლამენტისთვის წარდგენილ 10 კაციან სიაში იყვნენ[7]. სიის მიღმა დარჩა რამდენიმე ისეთი კანდიდატები, რომლებმაც როგორც ბიოგრაფიული მონაცემებით, ასევე გასაუბრების პროცესში გამოვლენილი ცოდნითა და გამოცდილებით დადებითი შთაბეჭდილება შექმნეს, მაშინ, როდესაც სიაში მოხვედრილ რიგ კანდიდატთა კვალიფიკაცია და კეთილსინდისიერება საფუძვლიან ეჭვებს იწვევს.
გასაუბრებების სტატისტიკური ინფორმაცია:
გასაუბრებათა საშუალო ხანგრძლივობა: 3:08 წთ.
ყველაზე ხანგრძლივი გასაუბრება: მერაბ გაბინაშვილი, 5:55 წთ.
ყველაზე ხანმოკლე გასაუბრება: შოთა ლაითაძე, 1:34 წთ.
ყველაზე მეტი დასმული კითხვა ერთ გასაუბრებაზე: ზურაბ აზნაურაშვილი, 160 შეკითხვა.
ყველაზე ნაკლები დასმული კითხვა ერთ გასაუბრებაზე: შოთა ლაითაძე, 37 შეკითხვა.
საბჭოს წევრი, რომელმაც ყველაზე მეტი კითხვა დასვა: ნაზი ჯანეზაშვილი, 1384 კითხვა (მათ შორის: 408 - სამართლებრივი კითხვა; 65 - წინა სამუშაო გამოცდილების შესახებ; 911 - ზოგადი ხასიათის კითხვა).
საბჭოს წევრი, რომელმაც ყველაზე ნაკლები კითხვა დასვა: შოთა ქადაგიძე, 109 კითხვა (მათ შორის: 92 - სამართლებრივი კითხვა; 17 - ზოგადი ხასიათის კითხვა).
საბჭოს წევრების მიერ დასმული შეკითხვების ჯამური რაოდენობა: 4101 (მათ შორის: 2224 - სამართლებრივი კითხვა; 130 - წინა სამუშაო გამოცდილების შესახებ; 1747 - ზოგადი ხასიათის კითხვა).
ყოველივე ზემოთთქმულიდან გამომდინარე, ცხადია, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პროცესში, ხელისუფლებამ, კანონმდებლობის შემუშავების ეტაპზე, არ აჩვენა პოლიტიკური ნება, რომ მას უზენაესი სასამართლოს ღირსეული და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება სურდა. წარდგენილი 20 კაციანი სიის საბოლოოდ დამტკიცებით იზრდება ხელისუფლებისა და გავლენიანი მოსამართლეების უზენაეს სასამართლოში გაძლიერების რისკი, რაც საბოლოოდ ჩიხში შეიყვანს ქვეყანაში ღირსეული მართლმსაჯულების შექმნის პერსპექტივას.
კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნავთ, რომ ამ საკითხის ირგვლივ განვითარებული მოვლენების ანალიზი, მათ შორის, სიის ძირითადად იმ კანდიდატებით დაკომპლექტება, რომელთა მიმართაც წინასწარ კეთდებოდა პროგნოზები, გვაფიქრებინებს, რომ პროცესი მეტწილად ფორმალურ ხასიათს ატარებდა და არ იყო მიმართული მართლმსაჯულების სისტემაში არსებული უმძიმესი პრობლემების მოგვარებისკენ. პარლამენტის მიერ შექმნილმა საკანონმდებლო ჩარჩომ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს კიდევ ერთხელ მისცა მოსამართლეთა გავლენიანი ჯგუფის და ხელისუფლების ინტერესების გატარების შესაძლებლობა, რაც საბოლოოდ კიდევ უფრო ამძიმებს ქვეყანაში არსებულ მართლმსაჯულების მდგომარეობას.
[1] კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ 2019 წლის 17 ივლისის განცხადება. ხელმისაწვდომია: http://coalition.ge/index.php?article_id=213&clang=0
[2] კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ 2019 წლის 14 მაისის განცხადება. ხელმისაწვდომია: http://www.coalition.ge/index.php?article_id=208&clang=0
[3] სახალხო დამცველის 2019 წლის 28 ივნისის განცხადება. ხელმისაწვდომია: http://bit.ly/2k3CTsy
[4] კანდიდატმა ამირან ძაბუნიძემ, გასაუბრებამდე 1 დღით ადრე მოხსნა საკუთარი კანდიდატურა.
[5] კოალიციის „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ 2019 წლის 24 ივლისის განცხადება. ხელმისაწვდომია: http://coalition.ge/index.php?article_id=214&clang=0
[6] მოსამართლეობის კანდიდატთა შეფასება http://bit.ly/2lWr8od
[7] თამარ ალანია, მერაბ გაბინაშვილი, გიორგი მიქაუტაძე, ნინო ქადაგიძე და პაატა სილაგაძე.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge