კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის” საქართველოს კონსტიტუციის პროექტის თაობაზე ვენეციის კომისიისთვის გაგზავნილი წერილი

კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის”    საქართველოში შექმნილი საკონსტიტუციო კომისიის მიერ მომზადებული  საქართველოს კონსტიტუციის ახალი პროექტის თაობაზე ვენეციის კომისიას წერილით მიმართა. მართალია, სასამართლო ხელისუფლების თავში პოზიტიურ ცვლილებებიც აისახა, თუმცა სამწუხაროდ, სხვა ცვლილებები სასამართლო ხელისუფლების თავში მნიშვნელოვნად აზიანებს დამოუკიდებელი სასამართლო სისტემის განვითარების პერსპექტივებს. ამასთან, პროექტის განხილვის ბოლო ეტაპზე სახელისუფლებო პარტიის წარმომადგენლებმა უარი თქვეს არაერთი ინიციატივითვის მხარის დაჭერაზე, რომელსაც სამოქალაქო სექტორი პოზიტიურად აფასებდა. 

კოალიციამ დამოუკიდებელი და გამჭირვალე მართლმსაჯულებისთვის ვენეციის კომისიას მიაწოდა დეტალური ინფორმაცია სასამრთლო სისტემაში განხორცილებული რეფორმების, არსებული გამოწვევებისა და გასატარებელი რეფომრების შესახებ. კოალიციას მიაჩნია, რომ: 

- უნდა შეიცვალოს პარლამენტის მიერ საბჭოს წევრების უბრალო უმრავლესობით არჩევის წესი იმგვარად, რომ უზრუნველყოფილი იყოს საბჭოს დაკომპლექტებაში არა მხოლოდ მმართველი, არამედ ოპოზიციური პოლიტიკური ძალების მონაწილეობა;

- სრულად გაუქმდეს მოსამართლეების გამოსაცდელი ვადით დანიშვნა და ამის ნაცვლად ხელისუფლებამ გადადგას ნაბიჯები მოსამართლეთა-შერჩევა დანიშვნის წესის დასახვეწად;

- კონტიტუციაში აისახოს საბჭოს ვალდებულება დასაბუთებული გადაწყვეტილების საფუძველზე და ღია კენჭისყრით მიიღოს მოსამართლეების დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილებები;

- შეიცვალოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების საბჭოს წარდგინების საფუძველზე პარლამენტის მიერ არჩევის წესი. საკონტიტუციო კომისიაში სამოქალაქო სექტორმა წარადგინა რამდენიმე ალტერნატივა, რომელიც დააზღვევდა საბჭოს ჩართულობასთან დაკავშირებულ მაღალ რისკებს.  მათ შორის:

ა) იუსტიციის საბჭოსა და პრეზიდენტის ერთობლივი მონაწილეობა პარლამენტისათვის კანდიდატების წარდგენისას.

ბ) საბჭოსათვის აღნიშნული უფლებამოსილების მინიჭების გადავადება, სასამართლოს სისტემაში ძირეული რეფორმის განხორციელებამდე, რომლითაც გათვალისწინებული იქნება ყველა საერთაშორისო რეკომენდაცია და საბჭო რეალურად ჩამოყალიბდება სასამართლოს დამოუკიდებლობის გარანტად.

გ) გასულ პერიოდში კოალიცია ასევე მუშაობდა მოდელზე, რომლის მიხედვითაც პარლამენტს კანდიდატებს კვლავ პრეზიდენტი წარუდგენდა, თუმცა პრეზიდენტი ამ ფუნქციას ახორციელებდა სპეციალური შესარჩევი კომისიის შექმნის გზით, რომელიც უზრუნველყოფდა beckground check-ის ხარისხიან ჩატარებას და კანდიდატების შეთავაზებას პრეზიდენტისთვის.

აღსანიშნავია, რომ ხელისუფლებამ მხარი არ დაუჭირა არც ერთ ალტერნატივას. მათ შორის, საბჭოს უფლებამოსილების გაზრდის გადავადებას, იმ არგუმენტით, რომ ხელისუფლება დაასრულებს სასამართლო სისტემის რეფორმას ახალი კონსტიტუციის მიღებამდე და მის ამოქმედებამდე. იმის გათვალისწინებით, თუ რა მასშტაბის რეფორმა არის განსახორციელებელი სასამართლო სისტემაში, ასევე, სათანადო პოლიტიკური ნების არარსებობის და სასამართლო ხელისუფლების რეფორმებისადმი რეზისტენტულობის პირობებში, არ არის დამაჯერებელი ხელისუფლების მიერ შემოთავაზებულ მოკლე დროში ძირეული რეფორმების განხორციელების შესაძლებლობა. 

იმედს ვიტოვებთ, რომ ვენეციის კომისია კოალიციის შენიშვნებსა და წინადადებებს მხედველობაში მიიღებს და გაითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტზე დასკვნის მომზადების დროს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge