კოალიცია „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის“ იუსტიციის უმაღლეს საბჭოს მიმართავს

2013 წლის 12 ნოემბერს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომაზე ერთ-ერთ საკითხად განიხილებოდა უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლის, ლალი ლაზარაშვილის, განცხადება. იგი უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარესა და პლენუმის წევრებს ადანაშაულებდა 2010 წელს მისი, როგორც მოსამართლის, დამოუკიდებლობის ხელყოფასა და თანამდებობის დატოვების იძულებაში, რაც გამოიხატებოდა: უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი ნების საწინააღმდეგოდ გადაყვანაში, მის მიმართ თანამდებობის დატოვების მოთხოვნით არაერთხელ განხორციელებულ ზეწოლასა და სამოსამართლო საქმიანობის განხორციელებისას პირდაპირ ჩარევაში.
 
მიუხედავად იმისა, რომ ზემოთ ხსენებული ქმედებები შეიცავს დისციპლინური, სისხლისამართლებრივი და კონსტიტუციური ნორმების დარღვევის ნიშნებს, იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ 2013 წლის 12 ნოემბრის სხდომაზე რეაგირება არ მოახდინა. საბჭომ არ იმსჯელა უზენაესი სასამართლოს კონკრეტული მოსამართლეების მიმართ დისციპლინური სამართალწარმოების დაწყების შესაძლებლობასა ან/და საგამოძიებო ორგანოებისთვის განცხადების გადაგზავნაზე. გარდა ამისა, საბჭომ საერთოდ უარი თქვა ლაზარაშვილის მიერ ექვსი მოსამართლე წევრის მიმართ აცილების საკითხის განხილვაზე, მაშინ, როდესაც მოქმედი საბჭოს რამდენიმე წევრი 2010 წელს უზენაესი სასამართლოს პლენუმის წევრების რანგში მონაწილეობდა ლაზარაშვილის სისხლის სამართლის პალატაში გადაყვანის შესახებ გადაწყვეტილების მიღებაში, ხოლო ერთი - ჩართული იყო ლაზარაშვილის მიმართ მიმდინარე დისციპლინური დევნის საქმეში.
 
ლაზარაშვილის საქმის განხილვამ გამოავლინა, რომ საბჭოს მუშაობა დიდწილად წევრთა სუბიექტურ, არათანმიმდევრულ ინტერპრეტაციებსა და ურთიერთშეთანხმებებზეა დამოკიდებული, რაც ხშირად არ შეესაბამება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპებს და სახიფათოა მართლმსაჯულების ინტერესებისთვის. 
 
ზემოთ ხსენებული საქმე, ერთ-ერთი ნათელი გამოვლინებაა იმ ხარვეზებისა, რაც საბჭოს საქმიანობაში შეინიშნება, კერძოდ:
საკითხის განხილვის/წარმოების ჩატარების წესი;
ინტერესთა კონფლიქტის რეგულირება;
საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთებულობა;
საბჭოს გადაწყვეტილებათა გასაჩივრების წესი; 
საბჭოს დღის წესრიგის შედგენა და დღის წესრიგში საკითხების გათვალისწინება და სხვა.
 
ამას გარდა, საბჭოს მუშაობის პრაქტიკამ ცხადყო, რომ პრობლემურია სხდომების გაშუქების საკითხი. მიუხედავად იმისა, რომ საბჭოს სხდომები ღიაა, ხშირად ჟურნალისტებს ეკრძალებათ ვიდეო გადაღება ან შეხვედრის დასაწყისში რამდენიმე წუთით დაიშვებიან. ამასთან, უცნობია თუ როგორ ხდება გადაწყვეტილების მიღება ვიდეო გადაღების შეზღუდვის დაწესების თაობაზე, ვინაიდან ამ საკითხზე კენჭისყრა არ ხდება. 
 
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, აუცილებელია საბჭოს საქმიანობის რეგლამენტირებაზე დროულად დაიწყოს მუშაობა. ამასთან, განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიგვაჩნია, რომ საბჭო თავად იყოს ამ პროცესის ინიციატორი და საკანონმდებლო ორგანომ შექმნას შესაბამისი სამართლებრივი მექანიზმი, რაც დაარეგულირებს ამჟამად საბჭოს წევრების კეთილ ნებაზე დამოკიდებულ საკითხებს. 
 
კოალიცია მოუწოდებს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს, მისი კონსტიტუციური ფუნქციებიდან გამომდინარე, ეფექტურად უზრუნველყოს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სამართლებრივი მექანიზმებისა და ბერკეტების გამოყენება და ჯანსაღი, პოლიტიკური თუ ვიწრო ჯგუფური ინტერესებისგან დისტანცირებული, პრინციპული მიდგომებით განახორციელოს კანონით დაკისრებული ფუნქციები.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge