კოალიცია ,,დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისთვის" განცხადება ახალციხის რაიონული სასამართლოს ირგვლივ განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით

გვსურს გამოვეხმაუროთ ახალციხის რაიონულ სასამართლოსთან დაკავშირებით ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულ მოვლენებს. როგორც ცნობილია, აღნიშნულ სასამართლოში მიმდინარეობდა საქმის განხილვა შსს-ს  ბორჯომის რაიონული სამმართველოს ყოფილი უფროსისა და სხვა პირების მიმართ, რომელიც 3 ივლისს ბრალდებულების მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანით დასრულდა.

სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა განცხადება, რომელშიც საუბარი იყო ზემოაღნიშნული პირების მიმართ წაყენებული ბრალდების სიმძიმესა და შინაარსზე. პროკურატურა ასევე აპელირებდა აღნიშნული საქმის მოსამართლის მხრიდან პროკურორთან გაუმართლებელ კომუნიკაციაზე. მთავარი პროკურატურის განცხადებას გამოეხმაურა უზენაესი სასამართლო, რომელმაც უარყო პროკურატურის მიერ გავრცელებული ინფორმაცია და აღნიშნა, რომ არასათანადო კომუნიკაციას მოსამართლესთან ადგილი ჰქონდა პროკურორის მხრიდან.  5 ივლისს კი რაიონულ სასამართლოსთან  საპროტესტო აქცია გაიმართა. მოქალაქეთა ერთი ნაწილის პროტესტი გაუმართლებელ ფორმებში გადაიზარდა და კანონდარღვევის ხასიათი მიიღო.  შსს-ს მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

პირველ რიგში, გვსურს ერთმნიშვნელოვნად აღვნიშნოთ, რომ მოსამართლის მიერ მიღებული გადაწყვეტილება, მისი შინაარსის და წაყენებული ბრალდების სიმძიმის მიუხედავად, არ შეიძლება გახდეს სასამართლოზე თავდასხმისა და სასამართლო ხელისუფლების მიმართ ამგვარი პროტესტის საფუძველი.  დადებითად ვაფასებთ შინაგან საქმეთა სამინისტროს დროულ რეაგირებას ფაქტზე და ვიმედოვნებთ, რომ საქმეზე დაწყებული გამოძიება ობიექტურად და გამჭვირვალედ წარიმართება. სასამართლო ხელისუფლების მიმართ გამოხატული ზეწოლისა თუ შეურაცხყოფის ნებისმიერი ფორმა დროულად უნდა იქნეს აღმოფხვრილი, რაშიც სამართალდამცავ ორგანოებს განსაკუთრებული ფუნქცია აკისრიათ.

რაც შეეხება აღნიშნულ მოვლენასთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებს, მიგვაჩნია, რომ დროულად უნდა დაიწყოს შესწავლა მოსამართლესა და პროკურორს შორის სავარაუდო არასათანადო კომუნიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. მათ შორის, სათანადო პროცედურების დაცვით, დადგინეს ჰქონდა თუ არა ადგილი მოსამართლის ან/და პროკურორის მხრიდან ,,საერთო სასამართლოების მოსამართლეებთან კომუნიკაციის წესის შესახებ” კანონის დარღვევას. ჩვენ არაერთხელ გვითქვამს და კვლავ ვაცხადებთ, რომ მიუღებელია სასამართლო ხელისუფლებასა და სხვა შტოებს, განსაკუთრებით კი სახელმწიფო ბრალდების მხარეს შორის არასათანადო კომუნიკაციის ნებისმიერი ფორმა, კომუნიკაციის ინიციატორის მიუხედავად. სასამართლოს მიმართ საზოგადოების ნდობის ამაღლებისა და სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობის უზრუნველყოფისთვის აუცილებელია დროულად დადგინდეს ჰქონდა თუ არა ადგილი არასათანადო კომუნიკაციას და ასეთის არსებობის შემთხვევაში,  ამ ფაქტს სათანადო რეაგირება უნდა მოჰყვეს.

გვსურს ასევე დავაფიქსიროთ ჩვენი პოზიცია უზენაესი სასამართლოს მიერ გავრცელებული განცხადების მიმართ, სადაც აღინიშნა შემდეგი: ,,ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ 3 ივლისს გამოტანილი გამამართლებელი გადაწყვეტილება ემყარებოდა მხოლოდ საქმეზე წარმოდგენილ მასალებს და მხარეთა შეჯიბრებითობის უმთავრეს პრინციპს." ჩვენთვის გაუგებარი რჩება თუ როგორ მივიდა უზენაესი სასამართლო მსგავს დასკვნამდე. ცხადია, უზენაესი სასამართლო საქმის მასალებს ვერ შეისწავლიდა, რადგან საქმე ჯერ სააპელაციო სასამართლოშიც კი არ გასაჩივრებულა. ხოლო საქმის მასალების შესწავლის გარეშე შეუძლებელია იმის თქმა, ემყარებოდა თუ არა რომელიმე გადაწყვეტილება საქმეში არსებულ მტკიცებულებებს ან უზრუნველყოფილი იქნა თუ არა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვა. ამასთან, უზენაესმა სასამართლომ, როგორც საკასაციო ინსტანციამ, რომელთანაც პოტენციურად შესაძლებელია რომ გაგრძელდეს საქმის განხილვა, თავი უნდა შეიკავოს კონკრეტულ საქმეზე საკუთარი პოზიციის წინასწარ დაფიქსირებისგან. გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ მოცემული საქმის განხილვა გასაჩივრების შემთხვევაში მოუწევს სააპელაციო სასამართლოს, რომლის ობიექტურობაზეც ზემდგომი ინსტანციის წინასწარ დაფიქსირებულმა პოზიციამ შესაძლებელია გავლენა მოახდინოს. ამასთან, მოსამართლეთა დამოუკიდებლობის მთავარი გარანტორი არის იუსტიციის უმაღლესი საბჭო, რომელსაც აქვს უფლებამოსილებაც და ვალდებულებაც რეაგირება მოახდინოს ზემოაღნიშნულ ფაქტებზე. კანონმდებლობა ცალსახად მიჯნავს უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს კომპეტენციებს ამ მიმართულებით.

დასასრულს გვსურს აღვნიშნოთ, რომ განსაკუთრებული ინტერესით ველოდებით საგამოძიებო ორგანოების ქმედებებს და ასევე, შესაბამისი უწყებების რეაგირებას შესაძლო არასათანადო კომუნიკაციის ფაქტთან დაკავშირებით. რაც შეეხება ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, მისი სამართლებრივი ანალიზი მხოლოდ საქმის მასალებისა  და წერილობით დასაბუთებული გადაწყვეტილების მიღების შემდეგ იქნება შესაძლებელი.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge