კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის შესახებ დისკუსიას მასპინძლობს

კოალიცია დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის 14 ივლისს, 10:30-ზე სასტუმრო ჰოლიდეი ინში სასამართლო რეფორმის მესამე ტალღის შესახებ დისკუსიას მასპინძლობს. შეხვედრა მთავრობისა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს მისცემს საშუალებას განიხილონ კანონპროექტები, რომლებიც საქართველოს იუსტიციის სამინისტრომ ახლახანს წარადგინა პარლამენტში.

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოსა და ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის წარმომადგენლებმა კოალიციის სახელით შეაფასეს საერთო სასამართლოების, იუსტიციის უმაღლესი სკოლისა და სასამართლო სადისციპლინო პროცესის კანონმდებლობაში წარმოდგენილი ცვლილებები.
 
მონაწილეთა შორის იყვნენ  აღმასრულებელი, საკანონმდებლო და სასამართლო შტოების წარმომადგენლები, პრაქტიკოსი იურისტები, ჟურნალისტები, საერთაშორისო დონორი ორგანიზაციები და სფეროს ექსპერტები. კოალიცია აერთიანებს 34 არასამთავრობო ორგანიზაციას, მათ შორის, იურისტთა პროფესიულ გაერთიანებებს, ბიზნეს ასოციაციებს და მედია ორგანიზაციებს. კოალიციის მიზანია მართლმსაჯულების დამოუკიდებლობისა და გამჭვირვალობის ხელშეწყობა შესაბამისი სასამართლო პრაქტიკის მონიტორინგისა და რეფორმების ადვოკატირების გზით. 
 
შეხვედრას მხარს უჭერს აშშ-ს მთავრობა, ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს პროგრამის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში, რომელსაც აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი ახორციელებს.

 
USAID საქართველოში: ბოლო 23 წლის განმავლობაში, ამერიკელმა ხალხმა, USAID-ის მეშვეობით, 1.5 მილიარდ დოლარზე მეტი ოდენობის დახმარება გაუწია საქართველოს. USAID-ის პროექტები მიზნად ისახავს დახმარების გაწევას საქართველოსათვის თავისუფალი და ძლიერი დემოკრატიის მშენებლობის პროცესში და მოიცავს ინიციატივებს, რომლებიც მიმართულია ეკონომიკური განვითარების დაჩქარებაზე, დემოკრატიული ინსტიტუტების განვითარებასა და ჯანდაცვისა და განათლების სისტემების გაუმჯობესებაზე. USAID უწევს ეკონომიკურ და ჰუმანიტარულ დახმარებას 100-ზე მეტ ქვეყანას. დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: http://georgia.usaid.gov 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge