საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნულმა ცენტრში საქართველოს კულტურისა, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ რეორგანიზაცია დაიწყო. რეორგანიზაციის პროცესი კინოცენტრის დირექტორის მოადგილის ნინო კუხალაშვილის გათავისუფლებით დაიწყო. როგორც ის თავის ფეისბუკ სტატუსში წერს, 2023 წლის 12 ივლისიდან გათავისუფლებულია დირექტორის მოადგილის პოსტიდან. ასევე აღნიშნავს, რომ კინოცენტრი დიდი ხანია კულტურის სამინისტროს დეპარტამენტია, უბრალოდ ეს ყველაფერი „სამართლებრივად გაიმართა“.
„წულუკიანმა დაიწყო კინოცენტრის რეორგანიზაცია. დღეს დამირეკეს კულტურის სამინისტროდან და მითხრეს, რო ჩემი შტატი გაუქმებულია და 12 ივლისიდან განთავისუფლებული ვარ დირექტორის მოადგილის პოზიციიდან. მოადგილეების პოზიციის გაუქმებას ჭირდება ცვლილების შეტანა კინოცენტრის დებულებაში, რაც რა თქმა უნდა განახორციელა წულუკიანმა. დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად დანიშა კობა ხუბუნაია, რომელიც ორი დღით ადრე დანიშნეს კინოცენტრის ფინანსურ მენეჯერად, რომელსაც ამავე დროს უჭირავს კულტურის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსის პოზიცია. უბრალოდ ინფორმაციისთვის, თორე ახალი არაფერია, კინოცენტრს დიდი ხანია ვუწოდე კულტურის სამინისტროს დეპარტამენტი და ახლა ეს ყველაფერი სამართლებრივად ,,გაიმართა”.“
საქართველოს კინომატოგრაფიის ეროვნული ცენტრის არსებობის ისტორიაში უპრეცედენტო შემთხვევა მოხდა და პირველად დირექტორი არა კონკურსის გზით, არამედ კულტურის სამინისტროს დირექტივებით დაინიშნა. კინოცენტრის ახლანდელი დირექტორი კობა ხუბუნაიაა, რომელიც წარსულში სასჯელაღსრულების სისტემაში მუშაობდა, ასევე ის საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ეკონომიკური დეპარტამენტის უფროსი იყო.
დირექტორის კონკურის გარეშე დანიშნვნა და მოულოდნელი რეორგანიზაცია გახდა კულტურის სფეროს წარმომადგენელთა ნაწილის პროტესტის მთავარი მიზეზი. რამდენიმე კვირაა ისინი მართავენ აქციებსა და მოითხოვენ რეორგანიზაციის პროცესის შეჩერებასა და დირექტორის არჩევის წესის შეცვლას. როგორც კულტურის სფეროს წარმომადგენლები აცხადებენ, თეა წულუკიანი კინომატოგრაფიის სფეროს დაცენზურებას ცდილობს.
ასევე კინოწარმოების უფროსის მოადგილის თანამდებობაზე ტელეკომპანია „POS TV“-ის ერთ-ერთი ტელეწამყვანი ბაჩო ოდიშარია დაინიშნა. ოდიშარია ქართული ოცნების პროპაგანდისტი და მხარდამჭერია.
როგორც კინოცენტრის თანამშრომელი და აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ლევან აბდუშელიშვილი საქართველოს იურისტთა ასოციასციასთან საუბრისას აცხადებს, დაცენზურების პროცესი ჯერ კიდევ 2022 წელს დაიწყო. შეგახსენებთ, რომ 2022 წელს კინოცენტრის ყოფილი დირექტორი გაგა ჩხეიძე თანამდებობიდან გაათავისუფლეს. გათავისუფლების ოფიციალური მიზეზი საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრის განცხადების მიხედვით შემდეგია:
„გამოვლინდა კინოცენტრის დირექტორის, გაგა ჩხეიძის მიერ ფინანსური რესურსის კანონმდებლობასთან სრულიად შეუსაბამო ხარჯვის ფაქტები, კინოცენტრში არსებული ფინანსური მართვის სისტემის სერიოზული ხარვეზები, შესყიდვების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დარღვევის სისტემატური ხასიათი, ნეპოტიზმი, კონტროლის სისტემის არარსებობა და მრავალი სხვა.“
თუმცა, როგორც გაგა ჩხეიძე „საქართველოს იურისტთა ასოციაციასთან“ საუბრისას განმარტავს კულტურის სამინისტროს მიერ დასახელებელი მიზეზი მხოლოდ ფორმალურია და მისი თანამდებობიდან გათავისუფლების მთავარი მიზეზი უკრაინის მხარდასაჭერი განცხადებებია.
„აუდიტის დასკვნის პირველი ვერსია ჩვენ გადმოგვცეს ივლისის ბოლოს. საკმაოდ რბილი დასკვნა იყო, მაგრამ ბევრ რამეს არ დავეთანხმეთ. დასკვნაში დავწერეთ ჩვენი შენიშვნები და კომენტარები, შემდგომ კი გავუგზავნეთ უკან. აუდიტის საბოლოო დასკვნა ჩვენთვის აღარ გამოუგზავნიათ. თებერვლის ბოლოს კი დაიწყო ომი უკრაინაში. კულტურის სამინისტრომ კი არანაირი პოზიცია არ გამოხატა უკრაინაში დაწყებული ომის მიმართ. ამიტომ მე გამოვაქყენე პოსტი და გავაკრიტიკე კულტურის სამინისტრო. უკრაინის მხარდასაჭერი პოსტების გამოქვეყნების შემდეგ კინოცენტრში ისევ შემოდის აუდიტის სამსახური და ჩნდება ჩანაწერი თანხების გაფლანგვის შესახებ“.
გაგა ჩხეიძე 2023 წლის 31 მაისს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტმა გოეთეს მედლით დააჯულდოვა. ასევე გოეთეს ინსტიტუტის ვებგვერდზე გამოქვეყნდა სტატია, რომელშიც საუბარია, რომ 2022 წელს ის თანამდებობიდან უკრაინის მხარდაჭერის გამო გაათავისუფლეს. მოცემულ სტატიას კინოცენტრმა განცხადება გამოაქვეყნა, რომელშიც საუბრობია იმაზე, რომ კინოცენტრი იტოვებს უფლებას, გადასინჯოს თავისი გადაწყვეტილება გაგა ჩხეიძის დირექტორობით ჩატარებული კინოფესტივალის დაფინანსების გაგრძელების თაობაზე.
აღსანიშნავია, რომ კინოცენტრის ყოფილი ხელმძღვანელი თანამდებობიდან გათავისუფლების მერე დაკითხვაზე არ დაუბარებიათ. პლუს ამას, აუდიტის საბოლოო დასკვნა მას სამსახურიდან გათავისუფლების დღეს გადაეცა და განცხადებაში ნათლად ჩანს, რომ თაღლითობის თემაზე გაკეთებული ჩანაწერი დამატებულია, რადგან სხვა შრიფტითაა დაწერილი. ასევე ის აცხადებს, რომ კინოს დაცენზურების მცდელობა თეა წულუკიანის მხრიდან თანამდებობაზე დანიშვნის პირველივე დღიდან დაიწყო. ამაზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ კინოცენტრი პირველი ადგილი იყო, სადაც კულტურის მინისტრმა აუდიტის სამსახური შეუშვა.
გაგა ჩხაიძე ასევე გვესაუბრა იმაზე, თუ როგორ ცდილობდა კულტურის მინისტრი თეა წულუკიანი კინოცენტრის საქმიანობაში ჩარევას:
„იყო ასეთი დირექტივები, რომ ერთ-ერთი რეჟისორისთვის მთლიანად დაგვეფინანსებინა პროექტი. ჩვენი კანონმდებლობით კი მსგავსი რამ არ შეიძლება, რადგან ჯერ პროექტმა უნდა გაიაროს შერჩევის პროცესი და უკვე შემდგომ ფინანსდება ის 75%-ით. იყო ასევე ულტიმატუმი მინისტრის მხრიდან, რომ არ დაგვიმტიკიცებდა 2022 წლის ბიუჯეტს, თუ ორ კონკრეტულ პროექტს არ დავაფინანსებდით”.
მიუხედავად იმისა, რომ პროტესტი უკვე რამდენიმე კვირაა რაც გრძელდება, კულტურის მინისტრმა ფორმალური შეხვედრა გამართა კულტურის სფეროს წარმომადგენლებთან. შეხვედრას არ ესწრებოდნენ საპროტესტო ტალღის ორგანიზატორები. როგორც ლევან აბდუშელიშვილი აცხადებს, ეს ნაბიჯი მინისტრის მხრიდან პოპულისტური იყო და ის კინოინდუსტრიის წარმომადგენლების მხოლოდ იმ ნაწილს შეხვდა, რომლებიც მის მიმართ ლოიალურად არიან განწყობულები.
კულტურის სფეროს წარმომადგენლების გარდა, კინოცენტრში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს პრეზიდენტიც გამოეხმაურა.1
„ეს არის გაგრძელება იმ საბჭოთა წესების, რომლიდანაც არ გამოვსულვართ, არ გამოვსულვართ არცერთი რეჟიმის დროს.“
აღსანიშნავია, რომ თეა წულუკიანმა ხელოვნების სფეროს დაცენზურება პირველად არ სცადა. სანამ კინოცენტრში რეორგანიზაცია დაიწყებოდა, იქამდე ზუსტად იგივე სცენარი განვითარდა ეროვნულ მუზეუმსა და კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოში განმეორდა. ეროვნული მუზეუმის რამდენიმე თანამშრომელმა კულტურის სამინისტროს სასამართლოშიც უჩივლეს და პროცესიც მოიგეს. როგორც ერთ-ერთი გათავისუფლებული თანამშრომელი „ტაბულასთან“ საუბრისას აცხადებს რეორგანიზაციის მიზეზი არასასურველი კადრების მოშორება იყო.2
აქციის მონაწილეები კი აცხადებენ, რომ ბრძოლას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ შესრულდება.
ავტორი: მარიამ გელიაშვილი
ბლოგი მომზადებულია ფრიდრიხ ებერტის ფონდის მხარდაჭერილი პროექტის ფარგლებში.
1 publika.ge, „პრეზიდენტი კინოცენტრზე: ეს არის საბჭოთა წესების გაგრძელება“, 1 ივლისი 2023 წელი, ხელმისაწვდომია: https://publika.ge/prezidenti-kinocentrze-es-aris-sabchota-wesebis-gagrdzeleba/
2 tabula.ge, „სასამართლოში დავა ეროვნული მუზეუმიდან გათავისუფლებულმა კიდევ ერთმა თანამშრომელმა მოიგო – SJC“, 23 თებერვალი 2023 წელი, ხელმისაწვდომია: https://tabula.ge/ge/news/697632-sasamartloshi-dava-erovnuli-muzeumidan
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge