2020 წლის 14 ნოემბერს, სახელმწიფომ სოფელ ჟონეთში ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობის წინააღმდეგ ადგილობრივი მოსახლეობის მიერ გამართული აქცია საპოლიციო ძალის გამოყენებით დაშალა. ადგილობრივი მაცხოვრებლები ქვეყნის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის წინააღმდეგ ორგანიზდებიან და აპროტესტებენ გარემოზე ჰესის მაღალი ზეგავლენისა და ადგილობრივი მოსახლეობის წუხილების სახელმწიფოს მხრიდან იგნორირებას,სახელმწიფო კი, მათთან დიალოგის ნაცვლად, პროტესტის ჩასახშობად საპოლიციო ძალას იყენებს და რეპრესიული მეთოდებით ცდილობს ადგილობრივების სამართლიანი წინააღმდეგობის დაძლევას.
რიონის ხეობის სოფლებში მცხოვრებლები უკვე 21-ე დღეა ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობას აპროტესტებენ. ჰესის მოწინააღმდეგეები ადგილზე მორიგეობის დაწესებით ცდილობენ მშენებლობის პროცესის შეჩერებას და ღამეს კარვებში ათევენ. მოსახლეობა სამშენებლო სამუშაოების შეჩერებას ითხოვს, რომელსაც კომპანია მოსამზადებელი სამუშაოების სახელით ახორციელებს. თუმცა, ამ დრომდე კომპანიას არ აქვს წარმოდგენილი არსებითი ხასიათის დოკუმენტაცია და ექსპერტული კვლევები მშენებარე ჰესის ზეგავლენის შესახებ, თუმცა, მის მიერ დაწყებული ე.წ. მოსამზადებელი სამუშაოები არსებით ჩარევას გულისხმობს და მნიშვნელოვნად გარდაქმნის ადგილობრივ ბუნებრივ და სოციალურ გარემოს. ადგილობრივი მოსახლეობა სახელმწიფოს პასუხისმგებელ პირებთან შეხვედრას და საკუთარი წუხილების გაზიარების შესაძლებლობას ითხოვს, თუმცა, დიალოგის პროცესის დაწყების ნაცვლად, ადგილობრივების განმარტებით, ხეობაში 100-მდე პოლიციელი მობილიზდა და აქციის მონაწილეები, მათ შორის, ხანდაზმულები, ქალები და ბავშვები, ფიზიკური ძალის გამოყენებით გადაიყვანა სავალი გზიდან. მედიაში გავრცელებული ინფორმაციასა და ადგილობრივებზე დაყრდნობით, პოლიციასთან დაპირისპირების პროცესში აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა.
ნამახვანი ჰესების კასკადის მშენებლობა წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტში, მდინარე რიონზე იგეგმება. ნამახვანი ჰესების კასკადი ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ენერგეტიკული პროექტია და მისი დადგმული სიმძლავრე ჯამურად 433 მგვტ.-ს შეადგენს. კასკადი მდინარე რიონის ხეობაში ორი კაშხლის აგებას ითვალისწინებს. პროექტის მასშტაბურობიდან გამომდინარე, მაღალია მისი პოტენციური ზეგავლენა ადგილობრივ სოციალურ და ბუნებრივ გარემოზე, ისევე როგორც ზეგავლენასთან დაკავშირებული რისკები. კომპანიის[1] მიერ მომზადებული გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მიხედვით, მხოლოდ ქვემო ნამახვანის პროექტის განხორციელება დაკავშირებული იქნება მნიშვნელოვანი რაოდენობის მიწის დაკარგვასთან, რაც ძირითადად გამოწვეულია 610 ჰა სარკის ზედაპირის მქონე წყალსაცავის მოწყობით.[2] იქვე აღნიშნულია, რომ პროექტი ფიზიკური და ეკონომიკური განსახლების თვალსაზრისით მაღალი რისკის მატარებელია, წყალსაცავის წყლით დაიტბორება და ფიზიკურ განსახლებას ექვემდებარება 100 ოჯახი. კიდევ უფრო მეტი ოჯახი დაექვემდებარება პროექტის არაპირდაპირ ზეგავლენას.[3] ამასთან, პროექტს თან ახლავს სერიოზული სეისმური რისკიც; ექსპერტების შეფასებით, ნამახვანის და ტვიშის კაშხლების კასკადი 5 მაგნიტუდის მიწისძვრასაც ვერ გაუძლებს, მაშინ, როცა რაჭაში 1991 წელს 7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა.
აღსანიშნავია, რომ პროექტის განმახორციელებელმა კომპანიამ არ უზრუნველყო პროექტის ადამიანების ჯანმრთელობისა და გარემოს უსაფრთხოებისათვის შესამოწმებლად კანონითა და პროექტის სკოპინგის დასკვნით სავალდებულო კვლევების ჩატარება[4], შესაბამისად ნამახვანი ჰესების კასკადის გარემოზე ზემოქმედების ხასიათი და მასშტაბი კომპანიისა და სახელმწიფოს მხრიდან სათანადოდ გამოკვლეული არ არის. მიუხედავად ამისა, 2020 წლის 28 თებერვალს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ პროექტზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება[5] გასცა და ნებართვის მფლობელს კრიტიკულად მნიშვნელოვანი და კანონით სავალდებულო ინფორმაციის წარმოდგენა გადაწყვეტილების მიღების შემდგომ დაავალა, რაც ამ დრომდე წარმოდგენილი არ არის.[6]
ნიშანდობლივია ისიც, რომ საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ „ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს“ მიერ გაცემული მშენებლობის ნებართვაც[7], თავის მხრივ, ითვალისწინებს მთელ რიგ დოკუმენტაციას, რომელიც კომპანიამ მშენებლობის დაწყებამდე უნდა წარმოადგინოს. შესაბამისად, ამ ეტაპზე ვიღებთ მდგომარეობას, როდესაც კომპანია ფაქტობრივად ჰესის სამშენებლო სამუშაოებს ახორციელებს იმ პირობებში, როდესაც, მშენებლობის ნებართვითა და გარემოსდაცვითი გადაწყვეტილებით მოთხოვნილი არსებითი მნიშვნელობის კვლევები და დოკუმენტაცია წარმოდგენილი არ აქვს.
იმ ფონზე, როდესაც ადგილობრივ მოსახლეობას, საზოგადოებას და დარგის სპეციალისტებს არაერთი კრიტიკული დასკვნა და შეკითხვა აქვთ როგორც ჰესის მშენებლობის კანონიერების, ისე მისი უკიდურესად მაღალი ზეგავლენისა და რისკების შესახებ მასშტაბური ენერგეტიკული პროექტის მშენებლობა გაუმჭვირვალედ და ამ შეკითხვებისა და მოსაზრებების იგნორირებით, შეუფერხებლად მიმდინარეობს.[8] ხელისუფლება ადგილობრივი მოსახლეობის წუხილებსა და მშვიდობიან პროტესტზე პასუხად რეპრესიულ მეთოდებს იყენებს და საპოლიციო ძალის მეშვეობით ცდილობს ადგილობრივების პროტესტის ჩახშობას, რითაც უხეშად არღვევს პროექტის ზეგავლენის ქვეშ მოქცეული მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს.
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით
მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას:
- შეწყვიტოს რეპრესიული მეთოდების გამოყენება ადგილობრივი მოსახლეობის მშვიდობიანი და სამართლიანი პროტესტის წინააღმდეგ და დაუყოვნებლივ შექმნას მოსახლეობასთან, ფართო საზოგადოებასთან და დარგის სპეციალისტებთან განგრძობადი და რეალური დიალოგის ფორმატი;
- უზრუნველყოს ნამახვანი ჰესის სამშენებლო სამუშაოების შეჩერება ფართო საზოგადოებრივ ჯგუფებთან და განსაკუთრებით ადგილობრივ მოსახლეობასთან ჯეროვანი კონსულტაციების გამართვამდე და კომპანიის მხრიდან ჰესის შესაძლო ზეგავლენის თაობაზე არსებითი ხასიათის დოკუმენტაციისა და კვლევების წარმოდგენამდე;
მოვუწოდებთ სასამართლოს:
- უზრუნველყოს წარმოებაში მიღებული სარჩელის დროული და მიუკერძოებელი განხილვა, რათა ადგილობრივებს მიეცეთ მათი უფლებების სამართლებრივი გზებით დროულად გადაწყვეტის შესაძლებლობა.
მოვუწოდებთ ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებს, დიპლომატიურ წარმომადგენლობებსა და მედია ორგანიზაციებს:
- აქტიურად დაინტერესდნენ ნამახვანის ჰესის პროექტის კანონიერებისა და მისი შესაძლო ზეგავლენის საკითხებით და გამოიყენონ მათ ხელთ არსებული ყველა რესურსი ადგილობრივი მოსახლეობის წუხილების მხარდაჭერისა და ნამახვანის ჰესის მშენებლობის პრობლემურობის დღის წესრიგში დაყენების მიზნით;
ხელმომწერი ორგანიზაციები:
ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი (EMC);
მწვანე ალტერნატივა;
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია.
[1] საქართველოს მთავრობასთან გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე, პროექტს შპს „ენკა რინიუებლზ“ ახორციელებს აღსანიშნავია, რომ საზოგადოებაში არსებობს შეკითხვები პროექტის განმახორციელებელ კომპანიასთან დაკავშირებითაც; ამავე კომპანიის მიერ აშენებული შუახევი ჰესის გვირაბი ექსპლუატაციაში მიღებიდან მალევე ჩამოიშალა; შესაბამისი ინფორმაცია ხელმისაწვდომია: https://batumelebi.netgazeti.ge/news/108711/. [2] იხილეთ, კომპანიის მიერ მომზადებული ქვემო ნამახვანის გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიში, გვ. 358, ხელმისაწვდომია: https://mepa.gov.ge/Ge/PublicInformation/17104. [3] იქვე. [4] იხილეთ, მწვანე ალტერნატივა და საია ნამახვანის ჰესების პროექტზე გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობას ითხოვენ, 2020 წლის 6 აპრილი, ხელმისაწვდომია: https://gyla.ge/ge/post/mtsvane-alternativa-da-saia-namakhvanis-hesebis-proeqtze-gacemuli-garemosdacviti-gadatsyvetilebis-batilad-cnobas-itkhoven. ადგილობრივი მოსახლეობის სახელით 2020 წლის 6 აპრილს თბილისის საქალაქო სასამართლოს წარედგინა სარჩელი წყალტუბოსა და ცაგერის მუნიციპალიტეტებში, მდინარე რიონზე დაგეგმილი ორსაფეხურიანი ნამახვანის ჰესების კასკადის პროექტში შეტანილ ცვლილებებთან დაკავშირებით გაცემული გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შესახებ. თუმცა დღემდე, აღნიშნული საქმეზე მოსამზადებელი სხდომაც კი არ არის ჩანიშნული. [5] გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება ხელმისაწვდომია: https://mepa.gov.ge/Ge/Files/ViewFile/28460. [6] იხილეთ, მწვანე ალტერნატივა ნამახვანის ჰესების კასკადის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვს, 2020 წლის 8 აპრილი, ხელმისაწვდომია: http://greenalt.org/disputes_complaints/namakhvani_complaint/. [7] ქვემო ნამახვანის მშენებლობის ნებართვა, მწვანე ალტერნატივის მიერ სააგენტოსგან გამოთხოვილი წარმოების სხვა მასალებთან ერთად, ხელმისაწვდომია: https://drive.google.com/drive/folders/1o94Bb6oabiLP61DoSgKoGpFGTP7oBQuX. [8] აქციის მონაწილეების ცნობით, 21-დღიანი პროტესტის განმავლობაში, მათთან კონტაქტზე არავინ გამოსულა, შესაბამისი ინფორმაცია იხილეთ: https://publika.ge/gvaqvsdazianebebi/.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge