კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00საათისთვის

21:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობაზე დაკვირვებას.

მთლიანობაში კენჭისყრის პროცესმა ჩაიარა მშვიდად და ჩვენ ხელთ არსებული ინფორმაციით, კენჭისყრის დროს (08:00-20:00 სთ) იდენტიფიცირებულ დარღვევებს მნიშვნელოვანი გავლენა კენჭისყრის პროცესზე არ მოუხდენია. 

ამ ეტაპზე დაიხურა საარჩევნო უბნები, მიმდინარეობს ხმების დათვლის პროცედურა. შესაბამისად, საია დააკვირდება ხმების დათვლისა და კენჭისყრის შედეგების შეჯამების პროცესს. ორგანიზაცია მოუწოდებს საარჩევნო პროცესში ჩართულ მხარეებს, მშვიდად დაელოდონ კენჭისყრის შედეგების შეჯამებას და ხელი არ შეუშალონ საარჩევნო ადმინისტრაციას  კანონით მასზე დაკისრებული ფუნქციის შესრულებაში. პარალელურად, საარჩევნო ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა უზრუნველყონ ხმის დათვლის კანონმდებლობით დადგენილი წესით წარმართვა. 

რაც შეეხება ხმის მიცემის პროცესის შეჯამებას, ამ დროისათვის საია მიიჩნევს, რომ მთელი დღის განმავლობაში მაღალი იყო ამომრჩევლის მობილიზებისა და მისი ნების სავარაუდო კონტროლის ფაქტები.

საია წლებია აფიქსირებს ამ მანკიერ პრაქტიკას რაც, საჭიროებს შესაბამის საკანონმდებლო რეგულირებას, მათ შორის ამომრჩევლის შესახებ პერსონალური ინფორმაციის დამუშავების სტანდარტების გამკაცრების კუთხით.

საყურადღებოა ისიც, რომ ამომრჩევლის ნების სავარადო კონტროლის და მისი პერსონალური ინფორმაციის დამუშავების შემთხვევები აქტუალური ხდება არა მხოლოდ კენჭისყრის დღეს, არამედ წინასაარჩევნო პერიოდშიც.

წინა არჩევნებისგან განსხვავებით, 2018 წლის არჩევნებზე გარდა კოორდინატორების მიერ ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლისა, პროცესს დაემატა მმართველი პარტიის მიერ მხარდაჭერილი კანდიდატის - სალომე ზურაბიშვილის საარჩევნო შტაბიდან სატელეფონო ზარებით ამომრჩევლის ნების სავარაუდო კონტროლის ტენდენცია.

ასევე, დაფიქსირდა მნიშვნელოვანი დარღვევები, მათ შორის ამომრჩევლის მოსყიდვის სავარუდო ფაქტი, რომელიც სავარაუდოდ სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს (სამგორის #56 უბანზე); საარჩევნო ბიულეტენის უბნიდან გატანა (საბურთალოს #52 და სამგორის #78  უბნები).

გამოიკვეთა ისეთი პროცედურებული დარღვევებიც, რომელიც წინა არჩევნებზეც დააფიქსირეს საიას დამკვირვებლებმა, მათ შორის:

- უბნის გარეთ პირთა მობილიზება, რომლებიც აღრიცხავდნენ უბანზე მისულ ამომრჩევლებს;

- ვადაგასული პირადობით ხმის მიცემის ფაქტები;

- ფიზიკური დაპირისპირების ფაქტები (მარნეულის #59);

- მარკირებასთან დაკავშირებული პრობლემები (ქუთაისის #49,  #57);

- აგიტაცია საარჩევნო უბანზე (ბორჯომის #8 უბანზე);

- სამაგიდო სიის დაზიანების ფაქტი (გორის #96) უბანი.

- წილისყრის პროცედურების დარღვევები (ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა და ევროპული საქართველოს უბნის კომისიის წევრების მიერ გადასატანი ყუთის წამღები კომისიის ფუნქციების გამოსავლენად ჩასატარებელ წილისყრაში უარის თქმა, წილისყრით გამოვლენილი ფუნქციების თვითნებური გადაცვლა).

საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 94 საჩივარი, მათ შორის უბანზე 52, ოლქში -42 საჩივარი. 40 შენიშვნა.

 

 

საიას სადამკვირვებლო მისია  კენჭისყრის დღეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში აკვირდება (400 დამკვირვებლის საშუალებით).

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 250-მდე საარჩევნო უბანში. 33 საარჩევნო ოლქში 50 მობილური ჯგუფისა და 59 ოლქის დამკვირვებლის მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას.

ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია:

-  წინა არჩევნების დროს და წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე (აღნიშნული უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით);

- ეროვნული უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებულ ოლქებზე;

- საუბნო საარჩევნო კომისიების გარე პერიმეტრზე განვითარებული მოვლენებსა და  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა საქმიანობაზე (შსს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების შესრულებას);

- აგრეთვე, ინკლუზიური საარჩევნო გამორემო, მათ შორის რა მდგომარეობაა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური/საარჩევნო უფლებების რეალიზების კუთხით. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ქალი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის კვლევა.   

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი (ნომერი: 032 2 18 26 30), რომლის მეშვებით  მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. საია, ასევე კონსულტაციას გაუწევს ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში აგროვებს ინფორმაციას და ახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.

საია შეაფასებს არჩევნების დღეს და შემდეგ პრესკონფერენციას გამართავს 29 ოქტომბერს,  12:00 საათზე, არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: შალვა დადიანის #2/1).

 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოსა და ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასდა მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge