კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 21:00 საათისთვის
საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 36 საარჩევნო ოლქში.
20:00 საათიდან დაიხურა კენჭისყრის უბნები და დაიწყო ხმის დათვლის პროცედურა.
18:00-დან 21:00 საათისთვის საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:
სხვა პირის ნაცვლად ხმის მიცემა
ბათუმის ოლქის #66 უბანზე ამომრჩეველს ერთიან სიაში მისი გვარის გასწვრივ დახვდა ხელმოწერა.
ამომრჩეველთა სიებთან დაკავშირებული პრობლემები
საიას ცხელ ხაზზე შემოვიდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც საბურთალოს ოლქის ამომრჩეველმა გიორგი ბერულავამ ვერ შეძლო არჩევნებში მონაწილეობის მიღება, ვინაიდან ის შეცდომით მიჩნეულ იქნა ქმედუუნარო პირად და არ იქნა შეტანილი ამომრჩეველთა ერთიან სიაში. შესაბამისად, მას წაერთვა არჩევნებში მონაწილეობის უფლება. იგი მიუთითებს, რომ სასამართლომ ცესკოს არასწორი ინფორმაცია მიაწოდა.
გადასატანი ყუთით ხმის მიცემის პროცედურული დარღვევები
ბაღდათის ოლქის მე-11 უბანზე გადასატან ყუთის წაღებისას კომისიის წევრებს გაატანეს 24 საარჩევნო ბიულეტენი. კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო 20 ამომრჩეველმა და საარჩევნო უბანში დაბრუნდა 3 გამოუყენებელი ბიულეტენი 4-ის ნაცვლად. კომისიის წევრების განმარტებით, ბიულეტენი დაეკარგათ. საიას დამკვირვებელმა აღნიშნულთან დაკავშრებით დაწერა საჩივარი და მოითხოვა საუბნო საარჩევნო კომისიის შესაბამისი წევრებისთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრება.
არასათანადო დოკუმენტაციით ხმის მიცემა
გორის ოლქის 97-ე უბანზე ადგილი ჰქონდა ამომრჩევლის მიერ პირადობის ასლის საფუძველზე ხმის მიცემის მცდელობას. საიას დამკვირვებლის შენიშვნის საფუძველზე კომისიის თავმჯდომარემ აღმოფხვრა დარღვევა.
ასევე, გორის ოლქის მე-100 უბანზე დაფიქსირდა მსგავსი დარღვევა. დევნილი ამომრჩეველი მხოლოდ დევნილის მოწმობის საშუალებით ცდილობდა არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რაც ასევე აღმოიფხვრა.
მარტვილის მე-10 უბანზე ამომრჩეველმა მონაწილეობა მიიღო არჩევნებში პირადობის მოწმობის გარეშე, რაშიც მას კომისიის წევრები დაეხმარნენ. აღნიშნულთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა საჩივარი და მოითხოვა შესაბამისი წევრების დისციპლინური პასუხისმგებლობა.
ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 30 საჩივარი და 47 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 8 რეგიონის 36 საარჩევნო ოლქში 400-ზე მეტი დამკვირვებლით აკვირდება.
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 220-ზე მეტ საარჩევნო უბანში. 36 ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებში, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით როგორც მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით.
ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ ორ ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ქობულეთის ქ. 34/36).
მომდევნო დღეს, 28 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და ბრიფინგს გამართავს 12:00 საათზე.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge