კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 18:00საათისთვის

დღის 18:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობაზე დაკვირვებას. ამ დროისათვის საიამ პროცედურული დარღვევების გარდა, დააფიქსირა არსებითი ხასიათის მნიშვნელოვანი დარღვევები, რომლებიც შესაძლოა შეიცავდეს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს. 

 

საიას დამკვირვებლების მიერ დაფიქსირებული მნიშვნელოვანი დარღვევები:

ამომრჩევლის სავარაუდო ნების კონტროლი

საია-ს ცხელ ხაზზე  თბილისიდან და რეგიონებიდან შემოვიდა შეტყობინებები, რომ სალომე ზურაბიშვილის შტაბიდან უკავშირდებიან და ინტერესდებიან, მიიღეს თუ არა არჩევნებში მონაწილეობა. საია-ს დამკვირვებელმა დარეკა მოქალაქეთა მიერ მითითებულ ერთ-ერთ ნომერზე, რომელზეც დაუდასტურეს, რომ ნომერი სალომე ზურაბიშვილის შტაბს ეკუთვნოდა, თუმცა, არ განმარტეს, რა იყო მოქალაქეებთან დაკავშირების მიზეზი და საიდან ფლობდნენ მათ საკონტაქტო ნომრებს.

მსგავსი ფაქტები აჩენს სერიოზულ ეჭვებს, რომ ადგილი აქვს ამომრჩევლის ნებაზე კონტროლს რათა, სავარაუდოდ, მოხდეს მათი მობილიზება და საარჩევნო უბნებზე მიყვანა.  ,,საქართველოს კონსტიტუციის“ 28-ე მუხლის თანახმად, უზრუნველყოფილია ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლინება. ,,საარჩევნო კოდექსის“ მე-3 მუხლის „დ“ პუნქტის თანახმად, არჩევნების ჩატარების ერთ-ერთი პრინციპია კენჭისყრის ფარულობა და ამომრჩევლის ნების თავისუფალი გამოვლენა. „დ.ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, აკრძალულია ნებისმიერი ზემოქმედება, რომელიც ზღუდავს ამომრჩევლის ნების თავისუფალ გამოვლენას, და კონტროლი ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.

ამასთან, ვენეციის კომისიის საარჩევნო ნორმათა კოდექსი (2002), რომელშიც თავმოყრილია დემოკრატიული არჩევნების კარგი პრაქტიკის მაგალითები, ამბობს, რომ ,,ამომრჩევლები დაცული უნდა იყვნენ მუქარისა და მათი ნება-სურვილის გამოვლინების ყოველგვარი შეზღუდვისაგან, მიუხედავად იმისა თუ ვისგან მომდინარეობს იგი - ხელისუფლებისა თუ ცალკეული პირებისაგან. სახელმწიფო ვალდებულია აღკვეთოს და სათანადო სანქციები განახორციელოს ამგვარი პრაქტიკის წინააღმდეგ“.

საია მოუწოდებს საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლებს, შეწყვიტონ მოქმედებები, რომლებმაც შესაძლოა გავლენა მოახდინონ ამომრჩევლის ნების კონტროლზე.

ასევე, საია მიმართავს პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს, დაინტერესდეს რამდენად კანონიერად ხორციელდება ამომრჩეველთა შესახებ პერსონალური მონაცემების, მათ შორის საკონტაქტო ნომრების შეგროვება/დამუშავება.

 

სავარაუდო მოსყიდვა

- სამგორში #56-ე უბანთან, ეზოში მობილიზებულნი არიან კოორდინატორები, რომლებიც სავარაუდოდ სალომე ზურაბიშვილის მხარდასაჭერად ახდენენ ამომრჩევლის მობილიზებას. საია-ს დამკვირვებელმა დააფიქსირა, რომ ხმის მიცემის შემდგომ, უბნიდან გასული ამომრჩეველი მივიდა კოორდინატორებთან და აჩვენა მობილური ტელეფონი (სავარაუდოდ ტელეფონში არსებული ფოტო), რის შემდგომ მას კოორდინატორმა სავარაუდოდ თანხა გადასცა. აღნიშნული ფაქტები შეიცავს ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ნიშნებს.

- ვაკის #13 უბნის გარეთ დილიდან დგას ჯიპის მარკის ავტომანქანა MM778GG, რომელსაც უბნიდან გასული ამომრჩეველი აკითხავს.

- მარნეულის #59 უბანზე „ქართული ოცნების“ და „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. მათ ერთმანეთი დაადანაშაულეს, რომ ამომრჩევლის აგიტაციას ეწეოდნენ. საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, დაკავებულია 2 პირი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით, რაც გულისხმობს პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას. ამ დროისათვის სასამართლოში საქმის განხილვა მიმდინარეობს. ამასთან აღნიშნულ ფაქტზე დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის 162 პრიმა მუხლით, რაც გულისხმობს კენჭისყრის შენობაში, საარჩევნო კომისიის განთავსების ადგილას ან მათ მიმდებარე ტერიტორიაზე ძალადობას ან ძალადობის მუქარას.

- საიას დამკვირვებლების ინფორმაციით, უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან დაუდგენელი პირები და ახორციელებენ უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას (ნაძალადევის #3, #4, #8, #9, #10, დიდუბის #14, #20, #21, #22, #34, #35, #36, სამგორის #56, ჩუღურეთის #14, #26, #31, ისნის #9 და #10, საბურთალოს #81, ოზურგეთის #3, #5, #47, #55, #50 უბნები, ჩხოროწყუს #8, #18, ფოთის  #1, #2, #4, #10, #15, #20, #28, #30 ზუგდიდის #50, #59, #107, ბათუმის #28, #40, #41, #59, #102, ხელვაჩაურის #35, ქობულეთის #1).

 

დამკვირვებლის უბნიდან გაძევების მცდელობა

მარნეულის #18 საუბნო საარჩევნო კომისიაში რამდენჯერმე დაფიქსირდა შემთხვევა, როდესაც ნაკადის მომწესრიგებელი ვადაგასული პირადობის მოწმობის მქონე ამომრჩევლები შეუშვა საუბნო საარჩევნო კომისიაში. აღნიშნულთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა სიტყვიერი შენიშვნა მისცა საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეს და ნაკადის მომწესრიგებელს, თუმცა შენიშვნის გათვალისწინება არ მოხდა. ვინაიდან ფაქტები კვლავ გრძელდებოდა, საია-ს დამკვირვებელმა დაწერა საჩივარი და მოითხოვა რეაგირება საუბნო საარჩევნო კომისიისაგან.

მას შემდეგ რაც საიას დამკვირვებელმა გადაიღო დარღვევის ამსახველი ვიდეო, აღნიშნულმა გამოიწვია საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის გაღიზიანება და დამკვირვებელს განუცხადა, რომ მას აძევებდა საარჩევნო უბნიდან, რადგან თავმჯდომარის ნებართვის გარეშე არ ჰქონდა უფლება  გადაეღო ვიდეო. საუბნო საარჩევნო კომისიის ქმედება დაუყოვნებლივ გაპროტესტდა საოლქო საარჩევნო კომისიაში. მას შემდეგ რაც  საოლქო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე დაუკავშირდა საუბნო საარჩევნო კომისიას, კომისიამ გადაიფიქრა საია-ს საუბნო საარჩევნო კომისიის დამკვირვებლის გაძევება უბნიდან, თუმცა მოსთხოვა თანხმობის გარეშე არ განახორციელოს გადაღება.

საარჩევნო კოდექსის თანახმად, დამკვირვებელს უფლება აქვს კენჭისყრის დღეს ნებისმიერ დროს იმყოფებოდეს კენჭისყრის შენობაში, შეუზღუდავად გადაადგილდეს საარჩევნო უბნის ტერიტორიაზე და თავისუფლად, დაუბრკოლებლად დააკვირდეს კენჭისყრის პროცესის ყველა ეტაპს ნებისმიერი ადგილიდან; მათ შორის დააკვირდეს ამომრჩეველთა სიებში ამომრჩეველთა რეგისტრაციას, საარჩევნო ბიულეტენებისა და სპეციალური კონვერტების გაცემას და მათ დამოწმებას კენჭისყრის პროცესისათვის ხელის შეუშლელად, ასევე აწარმოოს ფოტო/ვიდეო გადაღება გარდა ამომრჩეველთა სამაგიდო სიისა და კენჭისყრის კაბინისა ხმის მიცემის პერიოდში. #18 საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის მხრიდან ადგილი აქვს დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას, რაც საარჩევნო კოდექსის 91-ე მუხლის დარღვევას წარმოადგენს.  საიამ აღნიშნული ფაქტი საარჩევნო კომისიაში გაასაჩივრა.

 

პროცედურული ხასიათის დარღვევები:

- ბათუმის #14 უბანზე ამომრჩეველმა უარი განაცხადა ნაკადის მომწესრიგებლისათვის წარედგინა პირადობის მოწმობა და ყვიროდა, რომ იყო ადგილობრივი და მისთვის ხმის მიცემის უფლების შეზღუდვისთვის ჩაშლიდა კენჭისყრის პროცესს. კომისიამ მას უფლება მისცა არჩევნებში მიეღო მონაწილეობა იმ პირობით, რომ მხოლოდ რეგისტრატორი ნახავდა მის პირადობის მოწმობას. ამომრჩეველს არ გაუვლია მარკირების პროცედურა. საიას დამკვირვებელმა აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საჩივარი წარადგინა;

- ბათუმის #25 უბანზე მარკირების შემოწმების აპარატი გამრთულად არ მუშაობდა. საიას მიერ საჩივრის დაწერის შემდეგ დარღვევა აღმოიფხვრა;

- მარნეულის #49 უბანზე ამომრჩეველმა პირადობის მოწმობის გარეშე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა;

- ვაკის #50 უბანზე უბანზე მისულ ამომრჩეველს აღენიშნებოდა მარკირება მთელ ხელზე. ახსნა, რომ მანდარინი მიირთვა. ამომრჩეველმა დაბრკოლების გარეშე მიიღო არჩევნებში მონაწილეობა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა;

- ნაძალადევის #49 უბნიდან კომისიამ გააძევა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენელი ნათელა მიშველიძე და არასამთავრობო ორგანიზაცია „აპრიორის“ დამკვირვებელი მამუკა გუგეშაშვილი, იმ მოტივით, რომ ისინი ქმნიდნენ არეულობას უბანზე და ხელს უშლიდნენ საუბნო კომისიის წევრებს თავიანთი ფუნქციების შესრულებაში;

- ხონის #6 უბანზე ჩანაწერთა წიგნში წინასწარ იყო შევსებული საარჩევნო ბიულეტენების მთვლელების მეთვალყურე საარჩევნო სუბიექტების წარმომადგენლები;

- სამგორის #6 უბანზე არასწორად განხორციელდა მარკირება, რაზეც საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა;

- ვაკის #13 საარჩევნო უბანზე ფიქსირდება 5 ფაქტი, როდესაც ამომრჩევლები არ არიან ამომრჩეველთა სიაში. მათი განცხადებით ისინი წლების განმავლობაში ამ უბანზე აძლევდნენ ხმას;

- ზუგდიდის #72 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელმა ვადაგასული პირადობის მოწმობით შემოუშვა მოქალაქე და რეგისტრატორმა შენიშნა;

- დიდუბის #5 საარჩევნო უბანზე საარჩევნო კომისიამ უბნიდან გააძევა არასამთავრობო ორგანიზაცია „კავშირი 21-ე საუკუნის“ დამკვირვებელი. ის კაბინაში შეყვა ამომრჩეველს, რაც დამკვირვებლის მიერ კანონის მოთხოვნების დარღვევაა.

ამ დროისათვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა სულ წარადგინეს 87 საჩივარი, მათ შორის 47 საჩივარი უბანზეხოლო 40 ოლქში. ასევე დაფიქსირებულია 33 შენიშვნა.

 

 

საიას სადამკვირვებლო მისია  კენჭისყრის დღეს

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში აკვირდება (400 დამკვირვებლის საშუალებით).

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 250-მდე საარჩევნო უბანში. 33 საარჩევნო ოლქში 50 მობილური ჯგუფისა და 59 ოლქის დამკვირვებლის მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას.

ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია:

-  წინა არჩევნების დროს და წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე (აღნიშნული უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით);

- ეროვნული უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებულ ოლქებზე;

- საუბნო საარჩევნო კომისიების გარე პერიმეტრზე განვითარებული მოვლენებსა და  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა საქმიანობაზე (შსს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების შესრულებას);

- აგრეთვე, ინკლუზიური საარჩევნო გამორემო, მათ შორის რა მდგომარეობაა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური/საარჩევნო უფლებების რეალიზების კუთხით. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ქალი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის კვლევა.   

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი (ნომერი: 032 2 18 26 30), რომლის მეშვებით  მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. საია, ასევე კონსულტაციას გაუწევს ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში აგროვებს ინფორმაციას და ახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ 1 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: შალვა დადიანის #2/1). შემდეგი პრესკონფერენცია გაიმართება 28 ოქტომბერს: 21:00 საათზე. ხოლო 29 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 12:00 საათზე.

 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოსა და ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასდა მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge