კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 18:00 საათზე

საია აგრძელებს 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის დაკვირვებას ქუთაისში, მარტვილში, ოზურგეთში, ხაშურში, ბორჯომსა და ყაზბეგში.

18:00 საათისთვის საარჩევნო დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა წარადგინეს სულ 7 საჩივარი უბანზე, 3 - ოლქში და 15 შენიშვნა. ამ ეტაპისთვის ძირითადად პროცედურული ხასიათის დარღვევები ფიქსირდება:

 

საარჩევნო კომისიის წევრების მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულება:

- ბორჯომის #19 უბანზე დაფიქსირდა, რომ გაცემული ბიულეტენების რაოდენობა ორით მეტია ამომრჩევლების ხელმოწერების რაოდენობაზე ამომრჩეველთა სიაში. საარჩევნო უბნის კომისიის წევრის ახსნა-განმარტებით, ამომრჩევლის სიაში გამორჩენილია როგორც რეგისტრატორის, ასევე ორივე ამომრჩევლის ხელმოწერა. ვინაიდან ამ დარღვევის აღმოჩენამდე მოხდა რეგისტრატორების ჩანაცვლება, ამ ეტაპზე კომისიას უჭირს განმარტოს თუ რომელი რეგისტრატორის პირობებში მოხდა აღნიშნული ფაქტი.

(ანალოგიური შემთხვევა დაფიქირდა დილით ბორჯომის #15 უბანზე).

 

გადასატან ყუთთან დაკავშირებული დარღვევა:

- ოზურგეთის #13 უბანზე გამოცხადდა ამომრჩეველი, რომელმაც პრეტენზია დააფიქსირა მასზედ, თუ რატომ ვერ მისცა ხმა გადასატანი ყუთის მეშვეობით. კომისიის თავმჯდომარემ მას გამუნარტა, რომ კომისიის მიერ შეცდომა იყო დაშვებული და ვინაიდან აღნიშნული პირი ამომრჩეველთა ერთიან სიაში იყო შეყვანილი, მას ხმის მიცემის შესაძლებლობა ჰქონდა უბანზეც. შესაბამისად, უბანზე მოსულმა ამომრჩეველმა ერთიანი სიის მეშვეობით უბანზე ხმა მისცა. მოგვიანებით გაირკვა, რომ ეს ამომრჩეველი შეყვანილი იყო ასევე ამავე უბანზე გადასატანი ყუთის სიაში, თუმცა მისი გვარის გასწვრივ სიაში ფიქსირდებოდა ხელმოწერა, რომელიც განსხვავდებოდა ამ ამომრჩევლის მიერ ამომრჩეველთა ერთიან სიაში გაკეთებული ხელმოწერისგან;  

- ოზურგეთის #15 საარჩევნო უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთი დაბრუნდა დაულუქავ მდგომარეობაში.

 

ამომრჩევლის ნების კონტროლი:

- ბორჯომის #7 და #27 უბნების გარეთ სიებით იმყოფებიან დაუდგენელი პირები, რომლებიც უბნებზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავენ. ასევე ამავე უბნებზე სამარშუტო ტაქსებით და მანქანებით მოჰყავთ ამომრჩეველი.

- ავტომანქანით მიჰყავთ  ამომრჩეველი ასევე, ოზურგეთის #40 უბანზეც;

- უბანზე მისულ ამომრჩეველს აღრიცხავდნენ ყაზბეგის #2 საარჩევნო უბნის გარეთ მყოფი პირები;

- უბანზე მოსული ამომრჩევლის აღრიცხვა ხდება ოზურგეთის #7 საარჩევნო უბნის შიგნით, სადაც „ქართული ოცნების“ დამკვირვებელი რვეულში ინიშნავს უბანზე მისული ამომრჩევლის  სახელსა და გვარს. 

 

სხვა სახის დარღვევები:

- ბორჯომის #19 უბანზე ერთდროულად იმყოფებოდა სადამკვირვებლო ორგანიზაცია „სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს“ 2 დამკვირვებელი (რასაც არ ითვალისწინებს კანონი);

 - უბანზე კაბინაში იმყოფებოდნენ ოჯახის წევრები. მათგან ერთ-ერთი კარნახობდა მეორეს მას თუ, ვინ უნდა შემოეხაზა.

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია მომდევნო პრესკონფერენციას დღეს, 12 ნოემბერს, საღამოს 21:00 საათზე გამართავს. 2017 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურის შემაჯამებელ განცხადებას კი, საია ხვალ, 13 ნოემბერს, დღის 13:00 სთ-ზე გააკეთებს.

 

საიას ცხელი ხაზის ნომერია: 032 2 18 26 30

ასევე, არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენ მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.

საიას ადგილობრივი თვითმმართველობის კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს. 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge