კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 18:00 საათისთვის

18:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას. არჩევნები უმეტესწილად მშვიდ ვითარებაში მიმდინარეობს და მნიშვნელოვან დარღვევებს ადგილი არ ჰქონია. 
 
უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებული იქნა შემდეგი დარღვევები:
 
მივიღეთ ინფორმაცია, იმის თაობაზე, რომ ზუგდიდის #42-ე უბანზე სოფლის რწმუნებულს საარჩევნო ბიულეტენები ჰქონდა. საიას დამკვირვებლის მიერ გადამოწმებულ იქნა ეს ინფორმაცია და გამოირკვა, რომ აღნიშნულ უბანზე კომისიის წევრმა ირაკლი კერზაიამ რამოდენიმე ასეული საარჩევნო კონვერტი იპოვა, რომელიც შავ პარკში გახვეული  აღმოჩენილ იქნა იმ საჯარო სკოლის დარბაზის გვერდით, სადაც საარჩევნო უბანია განთავსებული. არის ვარაუდი, რომ კონვერტები გასული პერიოდის არჩევნებისთვის შეიძლება იყოს განკუთვნილი. მიმდინარეობს ინფორმაციის შემდგომი გადამოწმება.  
 
მარკირების გარეშე ხმის მიცემა და დამკვირვებლის უფლების შეზღუდვა
 
ხულოს 27-ე საარჩევნო უბანზე ადგილი ჰქონდა მარკირების გარეშე ხმის მიცემას. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა ჯაბა ანანიძემ (TV 25-ის ჟურნალისტი) საჩივარი წარადგინა საუბნო საარჩევნო კომისიაში, რამაც დამკვირვებლის მიმართ საარჩევნო კომისიის თავმჯდომარისა და წევრების მხრიდან აგრესია გამოიწვია. დამკვირვებელს მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, არსებობდა ფიზიკური შეურაცხყოფის ალბათობა. აღნიშნულის გამო საიას დამკვირვებელი იძულებული გახდა საარჩევნო უბანი დაეტოვებინა. საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა საოლქო საარჩევნო კომისიაში.
 
დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვის სხვა ფაქტი
 
კასპის #17 უბანზე საუბნო კომისიაში საიას დამკვირვებლის საჩივარი არ დაარეგისტრირეს. დამკვირვებელს უარი განუცხადეს საარჩევნო დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების აქტის გაცნობაზე და განუცხადეს, რომ ასეთი აქტი უბანზე არ იყო. 
 
დამკვირვებლის მიერ საუბნო საარჩევნო კომისიის საქმიანობის ხელშეშლა
 
სამგორის 114-ე უბანზე (სპეცუბანი) სადამკვირვებლო ორგანიზაციის ,,კონფლიქტების ანალიზისა და მართვის ევრაზიის ინსტიტუტის“ წარმომადგენელი ნანა მინასიანი ხელს უშლის საარჩევნო ადმინისტრაციის მუშაობას და ცდილობს დაძაბულობის პროვოცირებას. ამასთან იგი ხაზს უსვამს, რომ თითქოს მის მიმართ კომისიის წევრების მხრიდან ადგილი აქვს დამკვირვებლის უფლებების შეზღუდვას ეთნიკური ნიშნით.  
 
ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირი გავლენა
 
ზოგიერთ ოლქში საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც აღრიცხავენ მოსულ ამომრჩეველს, რაც წარმოადგენს არაპირდაპირ გავლენის მოხდენას ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე. მსგავს ფაქტს ადგილი ჰქონდა რამოდენიმე უბნზე (ვაკის მე-3, 30-ე , 23-ე, 59-ე  80-ე, 36-ე, საბურთალოს 56-ე, 57-ე და 59-ე). 
 
არაუფლებამოსილ პირთა ყოფნა კენჭისყრის შენობაში
 
ფიქსირდება საარჩევნო სუბიექტის სახელით უშუალოდ კანდიდატების კენჭისყრის შენობაში ყოფნისა და არჩევნების დაკვირვების ფაქტები. მიგვაჩნია, რომ ასეთ შემთხვევაში აქვს ადგილი ინტერესთა კონფლიქტს, რაც დარღვევას წარმოადგენს. სიღნაღის #1 და #30  უბნებზე საარჩევნო სუბიექტის წარმომადგენლებად თავად კანდიდატები არიან წარმოდგენილი. ანალოგიური შემთხვევებია გორში (8 შემთხვევა) და საბურთალოზე.
 
აგიტაცია საარჩევნო უბანზე
 
მარნეულის #26 უბანზე ამომრჩეველი აწარმოებდა აგიტაციას „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა. 
 
უფლებამოსილების არაჯეროვანი შესრულება
 
რუსთავის #27 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ამომრჩეველს 2 საარჩევნო ბიულეტენი სახლში გაატანა მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ ამომრჩეველმა მხოლოდ 1 საარჩევნო ბიულეტენი ჩადო კონვერტში და ისე მოათავსა საარჩევნო ყუთში. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი შეიტანა. 
 
მთაწმინდის #2 საუბნო საარჩევნო კომისიაში კომისიის წევრებმა წილისყრით გამოვლენილი ფუნქციები თვითნებურად მთელი დღის განმავლობაში გადაცვალეს. აღნიშნულ ფაქტზე საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა. 
 
ამ დროისათვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 71 საჩივარი და 77 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
 
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
 
15 ივნისს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს საია თბილისისა და 10 რეგიონის 40 საარჩევნო ოლქში 500 - მდე დამკვირვებლით აკვირდება. 
 
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 400 საარჩევნო უბანში. 40 ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებში, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.
 
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით როგორც მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. 
 
ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11
 
არჩევნების დღეს მუშაობს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 
 
ცხელი ხაზის ნომერია 230-61- 63  
 
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039. 
 
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ სამ ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 23).
 
მომდევნო ბრიფინგი გაიმართება: 21:00 საათზე, ხოლო 16 ივნისს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და ბრიფინგს გამართავს 12:00 საათზე.
 
საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრისა და შემდგომი პერიოდის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკელი ხალხის მხარდაჭერით „ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს“ (USAID)-ის დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს USAID-ის ან ამერიკის შეერთებული შტატების მთავრობის შეხედულებებს.
 
 
                                                                  
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge