კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 15:00 საათისთვის

დღის 15:00 საათისთვის საია აგრძელებს კენჭისყრის დღის მიმდინარეობის დაკვირვებას თბილისისა და რეგიონების 36 საარჩევნო ოლქში.

 
კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. 
 
ამ დროისათვის ფიქსირდება პროცედურული დარღვევები რამდენიმე უბანზე. უკანასკნელი საათების განმავლობაში საიას დამკვირვებლების მიერ იდენტიფიცირებულ იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები და დაიწერა საჩივრები. ჩვენი შეფასებით, დარღვევები, ძირითადად, განპირობებული იყო საარჩევნო კანონმდებლობის უცოდინრობით.
 
საკონტროლო ფურცლების შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები
საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა პრობლემები. მარტვილის #35 უბანზე და გურჯაანის #28 უბანზე საკონტროლო ფურცელი ჩააგდეს დროის მითითების გარეშე. აღნიშნულ ფაქტებთან დაკავშირებით საიას დამკვირვებლებმა საჩივრები დაწერეს. 
სხვის ნაცვლად ხმის მიცემა
დიდუბის #26 უბანზე გამოცხადებულმა ამომრჩეველმა ვერ შეძლო კენჭისყრაში მონაწილეობა, ვინაიდან მისი გვარის გასწვრივ დაფიქსირებული იყო ხელმოწერა. 
 
გადასატანი ყუთის სიასთან დაკავშირებული პრობლემები
ჩოხატაურის ოლქის #31 უბანზე პრობლემები იყო გადასატანი ყუთის სიასთან დაკავშირებით, ვინაიდან გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი იყო ამომრჩეველი, რომლის იდენტიფიცირებაც არ ხდებოდა ამომრჩევლების მიერ გადასატანი ყუთის სიაში შეყვანის მიზნით დაწერილ განცხადებაში. 
 
დამკვირვებელთა შორის ფიზიკური დაპირისპირების ფაქტი  
კრწანისის 26-ე უბნის გარეთ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება ორ სადამკვირვებლო ორგანიზაციის - „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორიისა“ და „მომავლის არჩევანის“ დამკვირვებელს შორის. 
 
პრობლემები საჩივრის ჩაბარებასთან დაკავშირებით 
ხელვაჩაურის ოლქის #4 უბანზე კომისიის მდივანმა უარის განაცხადა საჩივრის დარეგისტრირებაზე. მოთხოვნილ იქნა მდივნის პასუხისმგებლობა. ხმაური იყო ჩუღურეთის ოლქის #24 უბანზე, სადაც მდივანი არ არეგისტრირებდა ერთ-ერთი საარჩევნო სუბიექტის საჩივარს იმ არგუმენტით, რომ დარღვევა უბნის გარეთ მოხდა და საუბნო კომისიას არ ეხებოდა. 
 
ჩუღურეთის #23 უბანზე საჩივრის ჩაბარებისას კომისიამ საჩივრის ჩაბარების დამადასტურებელი ცნობა შესაბამისის რეკვიზიტების გარეშე გასცა. ცნობას არ ჰქონდა კომისიის მდივნის ხელმოწერა და ბეჭედი. 

არასათანადო დოკუმენტებით ხმის მიცემა
ნაძალადევის #100 სპეცუბანზე პირადობის მოწმობის ასლებით ხმა მისცა 6-მა ამომრჩეველმა. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაიწერა საჩივარი. ასევე ნაძალადევის #77 უბანზე დაფიქსირდა მართვის მოწმობით ხმის მიცემის მცდელობა. საიას დამკვირვებლის ჩარევით აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრა.
 
წილისყრის პროცედურების დარღვევები
ხელვაჩაურის #4 და #13 უბნებზე დაფიქსირდა წილისყრის პროცედურების დარღვევა. ორივე შემთხვევაში მოთხოვნილ იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობა. 
 
ხმის მიცემის პროცედურის სხვაგვარი დარღვევა
რუსთავის ოლქის #27-ე უბანზე გამოკრული იყო განცხადება, საარჩევნო სუბიექტის- აკაკი ასათიანის მიერ კანდიდატურის მოხსნის თაობაზე. საიას დამკვირვებლის შენიშვნის გათვალისწინებით დარღვევა აღმოიფხვრა. დარღვევას ჰქონდა ადგილი ასევე  დიდუბის ოლქის #4 უბანზე, სადაც კენჭისყრის კაბინაში კანდიდატების ჩამონათვალში შემოხაზული იყო ნინო ბურჯანაძე. საიას დამკვირვებლის მოთხოვნით დარღვევა აღმოიფხვრა.
 
კენჭისყრის პროცესის სხვა მნიშვნელოვანი დარღვევები
ფიქსირდება შემთხვევები, როდესაც ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციები საარჩევნო უბნებზე ერთზე მეტი დამკვირვებლით არიან წარმოდგენილნი, რაც კანონდარღვევაა. მსგავსი ფაქტები ფიქსირდება ჩუღურეთის და დიდუბის ოლქებში.   ეს ორგანიზაციებია „ყოფილი პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“, „მწვანე დედამიწა“, „თავისუფალი არჩევანი“,  „ადვოკატთა და იურისტთა საერთაშორისო ობსერვატორია.“ 
 
საბურთალოს ოლქის #73  უბანზე 9:00 საათისთვის საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მობილიზებული იყვნენ პირები, რომლებიც აწარმოებენ მოსული ამომრჩევლის აღრიცხვას. განვმარტავთ, რომ აღნიშნული წარმოადგენს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე ირიბ კონტროლს და მიზანშეუწონელია. 
 
ამ დროისათვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 20 საჩივარი და 40-ზე მეტი შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
 
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
 
27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 8 რეგიონის 36 საარჩევნო ოლქში 400-ზე მეტი დამკვირვებლით აკვირდება. 
 
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 220-ზე მეტ საარჩევნო უბანში. 36  ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებში, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.
 
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით როგორც მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. 
 
ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11
 
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039. 
 
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ ორ ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ქობულეთის ქ. 34/36).
 
მომდევნო ბრიფინგები გაიმართება: 18:00 საათსა და 21:00 საათზე, ხოლო 28 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და ბრიფინგს გამართავს 12:00 საათზე.
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge