კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის

დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია გახსნის პროცედურებს აკვირდებოდა, პირველი ამომრჩევლის მისაღებად დროულად იყო მზად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. 
 
პრობლემები დაფიქსირდა ძირითადად წილისყრის პროცედურების ჩატარებასთან, საკონტროლო ფურცელთან, დამკვირვებლის უბანზე შესვლასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ მთელ რიგ შემთხვევებში, საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარეებმა გაითვალისწინეს საიას დამკვირვებლების შენიშვნები, რის გამო საიას დამკვირვებლებმა საჩივრები აღარ წარადგინეს. 
 
საიამ დააფიქსირა შემდეგი პროცედურული დარღვევები:
 
უბანზე დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებული პრობლემები
 
თერჯოლის #4 უბანზე დამკვირვებლებს არ უშვებდნენ, იმ მიზეზით, რომ მათ დააგვიანდათ  და დილის 07:00 საათზე არ გამოცხადდნენ საარჩევნო უბანზე. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ პრობლემა აღმოიფხვრა და დამკვირვებლები საარჩევნო უბანზე შეუშვეს.
 
წილისყრის პროცედურების დარღვევები
 
გლდანის #77 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ არ ჩაატარა წილისყრა კომისიის წევრთა ფუნქციების გამოსავლენად და კომისიის წევრებს შორის ფუნქციები თვითნებურად გადანაწილდა. აღნიშნულ დარღვევასთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი წარადგინა და დარღვევის აღმოფხვრა მოითხოვა.
 
საბურთალოს N68 უბანზე კომისიის წევრების მხრიდან დაფიქსირდა წილისყრის შედეგად განსაზღვრული ფუნქციების თვითნებური გადანაწილება. საიას დამკვირვებელმა საუბნო საარჩევნო კომისიის სახელზე დაწერა საჩივარი და მოითხოვა დარღვევის აღმოფხვრა.
 
კრწანისის N10 უბანზე გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებმა წილისყრით გამოვლენილმა წევრმა უარი თქვა გადასატანი საარჩევნო ყუთის გაყოლაზე, რის შემდგომაც იგი თვითნებურად ჩანაცვლდა სხვა კომისიის წევრით. საიას დამკვირვებელმა აღნიშნულ დარღვევაზე ზეპირი შენიშვნა დააფიქსირა. საიას მითითების შემდგომ დარღვევა აღმოიფხვრა და წილისყრა განმეორებით  ჩატარდა. 
 
ამომრჩევლის ნებაზე არაპირდაპირი გავლენა
 
ჩვენი დამკვირვებლის ინფორმაციით, ისნის #56 უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე  იმყოფებოდნენ საარჩევნო ბლოკის „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, რომლებიც  უბანზე მისული ამომრჩევლების აღრიცხვას ახდენდნენ. აღნიშნული ფაქტი შესაძლებელია წარმოადგენდეს არაპირდაპირ გავლენას ამომრჩევლის ნებაზე. მას შემდეგ, რაც საიას დამკვირვებელმა დააფიქსირა ზემოაღნიშნული  მათ დატოვეს უბნის მიმდებარე ტერიტორია.
 
არაუფლებამოსილი პირის ყოფნა უბანზე
 
საიას დამკვირვებლის ინფორმაციით, მთაწმინდის #38 უბანზე მოქალაქე ლაშა ხუსკივაძე შეეცადა დაკვირვება განეხორციელებინა საარჩევნო სუბიექტის - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლის სტატუსით. თუმცა, მას შემდეგ, რაც აღმოჩნდა, რომ იმავე უბანზე უკვე იმყოფებოდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ სხვა წარმომადგენელი, კომისიამ ლაშა ხუსკივაძე არ დაუშვა უბანზე, რის შემდგომაც მან უბანი დატოვა. დაახლოებით ერთი საათის შემდეგ, ლაშა ხუსკივაძე ისევ გამოცხადდა ამავე უბანზე უკვე სადამკვირვებლო ორგანიზაციის „კლუბი თავისუფალი ზონის“  სახელზე გაცემული  დამკვირვებლის მოწმობით და შეეცადა არჩევნებზე დაკვირვების განხორციელებას.  საიამ აღნიშნული ფაქტის შესწავლის მოთხოვნით ცესკოს მიმართა. 
 
საკონტროლო ფურცელთან დაკავშირებული პრობლემები
 
გორის #96 უბანზე საუბნო საარჩევნო კომისიის მდივანმა საარჩევნო ყუთში ერთი საკონტროლო ფურცლის ნაცვლად ორი საკონტროლო ფურცელი ჩააგდო. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდგომ დარღვევა აღმოიფხვრა. გაიხსნა საარჩევნო ყუთი და საკონტროლო ფურცელი ყუთიდან ამოიღეს. 
 
ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 2 საჩივარი და 10 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.
 
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
 
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტურს საია თბილისსა და 13 საარჩევნო ოლქში აკვირდება. 
 
სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ საარჩევნო უბანში. 23 საარჩევნო ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს 15 ივნისის არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, ასევე გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებზე (ე.წ სპეც უბნები).
 
აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით როგორც მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. 
 
ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11 
 
კენჭისყრის დღეს, საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე 230-61- 63  დარეკვით  ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ. 
 
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039. 
 
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ 2 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ჭავჭავაძის გამზირი 23). 
 
პრესკონფერენციები გაიმართება: 16:00 საათსა და 20:30 საათზე. ხოლო 13 ივლისს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 11:00 საათზე.
 

 
ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანოების - თვითმმართველი ქალაქებისა და თემების მერებისა და გამგებლების 2014 წლის 15 ივნისის არჩევნების მეორე ტურზე დაკვირვების განხორციელება შესაძლებელი გახდა ფონდ „ღია საზოგადოება - საქართველოს“ (OSGF) ფინანსური მხარდაჭერით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას” და შესაძლოა, არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციის შეხედულებებს.
 
 
 
 
 
 
 
 

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge