საია არჩევნების მიმდინარეობას აკვირდება თბილისისა და 9 რეგიონის 35 საარჩევნო ოლქში. დღის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში, თუმცა დაფიქსირდა პროცედურული დარღვევები რამდენიმე უბანზე:
• საჩხერის #73-ე და დიდუბის #1 უბანზე გახსნის მომენტისთვის ბიულეტენების პაკეტის ლუქის მთლიანობა იყო დარღვეული;
• 116-ე სპეც უბანსა და გლდანის #77-ე უბანზე საიას დამკვირვებლებს შეექმნათ უბანზე შესვლის პრობლემა, თუმცა ამ დროისთვის პრობლემა აღმოფხვრილია;
• საბურთალოს საარჩევნო ოლქის #91-ე სპეციალურ უბანზე კომისიის წევრების მიერ ფუნქციების თვითნებურად გადანაწილება, წილისყრის შემდეგ;
• საბურთალოს #28 უბანზე კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღო ამომრჩეველმა, რომლის გასწვრივ სიაში იყო აღნიშვნა „იმყოფება საკონსულო აღრიცხვაზე“, რაც დარღვევას წარმოადგენს;
• მიღება-ჩაბარების აქტებზე რეკვიზიტების მითითების პრობლემა დაფიქსირდა წყალტუბოს #5 უბანსა და ისნის #7 უბანზე.
ამ მომენტისთვის საიას დამკვირვებლების მიერ დაწერილია 11 საჩივარი (მედიის საქმიანობის შეზღუდვა; უბნის დაგვიანებით გახსნა; კანონის დარღვევით აგიტაციის წარმოება; ბიულეტენების ნაკლებობა უბნებზე; დამკვირვებლის არ დაშვება კენჭისყრის უბანზე; წევრების მიერ უფლებამოსილების არასათანადოდ განხორციელება; გადასატან ყუთთან დაკავშირებული პრობლემა).
ასევე, ზოგიერთ ოლქში საარჩევნო უბნების მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებიან პირები, რომლებიც აღრიცხავენ მოსულ ამომრჩეველს, რაც წარმოადგენს არაპირდაპირ კონტროლს ამომრჩევლის ნების გამოვლენაზე.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge