კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 10:00 საათისთვის

დილის 10 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს ძირითადად მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა უბნის გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. ამ დროისთვის დაფიქსირდა საარჩევნო კანონმდებლობის რამდენიმე დარღვევა, რომლებიც ძირითადად წილისყრის პროცედურებს ეხება.

ამომრჩეველმა გაიტანა ბიულეტენი სამგორის #78 უბნიდან, რაც დარღვევაა. ამასთან დაკავშირებით კომისიის ერთ-ერთმა წევრმა განაცხადა: „არა უშავს, დანაკლისში გავუშვათო.“ საარჩევნო კოდექსის 63-ე მუხლის მე-16 პუნქტის თანახმად, „საარჩევნო ბიულეტენი სახელმწიფო საკუთრებაა. კენჭისყრის დღეს აკრძალულია კენჭისყრის შენობიდან მისი თვითნებური გატანა, წაღება ან განადგურება“. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებელმა საჩივარი დაწერა.

ცხელ ხაზზე მიღებული ინფორმაციის თანახმად, ბორჯომის #8 უბანზე ადგილი ჰქონდა აგიტაციას საარჩევნო უბანზე, რაც დარღვევაა. ადგილობრივი დამკვირვებლები ივანე ზედგინიძე და საბა ღონღაძე  ორგანიზაციიდან „ინიციატივა სამოქალაქო საზოგადოებისათვის“  სალომე ზურაბიშვილის სააგიტაციო სიმბოლიკით გამოცხადდნენ უბანზე. კომისიის თავმჯდომარემ ორივე მათგანს უბანი დაატოვებინა. დამკვირვებლებმა განაცხადეს, რომ სალომე ზურაბიშვილის სიმბოლიკიანი ჟილეტები მათ „ქართული ოცნების“ ოფისში მისცეს. საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის 11-ე პუნქტის თანახმად, კენჭისყრის დღეს კენჭისყრის შენობაში აკრძალულია წინასაარჩევნო აგიტაცია.

 

 

წილისყრის პროცედურების დარღვევები

დაფიქსირდა მთელი რიგი შემთხვევები, როდესაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობისა“ და „ევროპული საქართველოს“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრის გამოსავლენად ჩასატარებელ წილისყრაში მონაწილეობაზე (ვაკის #71, გლდანის #15  და #96, კრწანისის #9, #32, სამგორის #92 უბნები).

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრებმა ასევე უარი განაცხადეს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის წევრის გამოსავლენად ჩასატარებელ წილისყრაში მონაწილეობაზე ნაძალადევის #16, დიდუბე #54, გლდანის #26 უბნებზე), წილისყრის ჩატარების შემდეგ აღნიშნული ფუნქციის შესრულებაზე უარი თქვა ამავე პარტიის მიერ დანიშნულმა წევრმა ლანჩხუთის #2 უბანზე. „ევროპული საქართველოს“ მიერ საარჩევნო კომისიებში დანიშნულმა წევრმა უარი განაცხადეს წილისყრაზე გლდანის #40 უბანი.

წილისყრის ჩატარების შემდეგ კომისიის წევრებმა თვითნებურად გადაცვალეს ფუნქციები დიდუბის #18 უბანზე. საიას დამკვირვებლის მოთხოვნის საფუძველზე დარღვევა აღმოიფხვრა, კომისიის თავმჯდომარემ ხელახლა ჩაატარა წილისყრა კომისიის წევრებს შორის ფუნქციების გამოსავლენად.

კრწანისის #9 უბანზე „პატრიოტთა ალიანსის“ მიერ საუბნო საარჩევნო კომისიაში დანიშნულმა კომისიის წევრმა სცადა წილისყრით გამოვლენილი გადასატანი ყუთის გამყოლი წევრის ფუნქცია კომისიის სხვა წევრისთვის გაეცვლა. საიას დამკვირვებლის შენიშვნის შემდეგ მან წილისყრით გამოვლენილი ფუნქცია შეასრულა და გაჰყვა გადასატან ყუთს.

სამგორის #92 უბანზე კომისიის თავმჯდომარემ მონაწილეობა მიაღებინა მორიგ წილისყრაში კომისიის იმ წევრებს, ვინც უარი განაცხადა გადასატანი ყუთის გაყოლაზე, რაც დარღვევაა.

საარჩევნო კოდექსის თანახმად (61-ე მუხლის მე-2 პუნქტის დ) და დ)1),  საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრთაგან წილისყრით გამოავლენს გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღებ კომისიის 2 წევრს (აუცილებლობის შემთხვევაში). თუ წილისყრით გამოვლენილი გადასატანი საარჩევნო ყუთის წამღები კომისიის წევრი უარს განაცხადებს მისთვის მინიჭებული ფუნქციის შესრულებაზე, იგი კარგავს კომისიის წევრთა სხვა ფუნქციების გასანაწილებლად ჩასატარებელ მორიგ წილისყრაში მონაწილეობის უფლებას. აღნიშნული კომისიის წევრისთვის ფუნქციის მინიჭების საკითხს წყვეტს საუბნო საარჩევნო კომისიის თავმჯდომარე.

ბაღდათის #16 უბანზე ჩანაწერთა წიგნზე დასალუქ ზონარზე არ ფიქსირდება კომისიის ბეჭედი, კომისიის თავმჯდომარისა და მდივნის ხელმოწერები, რაც საარჩევნო კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 პუნქტის დარღვევაა.

ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 10 საჩივარი და 2 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

 

 

საიას სადამკვირვებლო მისია  კენჭისყრის დღეს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2018 წლის 28 ოქტომბერს საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში დააკვირდება (400 დამკვირვებლის საშუალებით).

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 250-მდე საარჩევნო უბანში. 33 საარჩევნო ოლქში 50 მობილური ჯგუფისა და 59 ოლქის დამკვირვებლის მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას.

ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება:

-  წინა არჩევნების დროს და წინასაარჩევნო პერიოდში გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე (აღნიშნული უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით);

- ეროვნული უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებულ ოლქებზე;

- საუბნო საარჩევნო კომისიების გარე პერიმეტრზე განვითარებული მოვლენებსა და  სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენელთა საქმიანობაზე (შსს მინისტრის მიერ გამოცემული ბრძანების შესრულებას);

- აგრეთვე, ინკლუზიური საარჩევნო გამორემო, მათ შორის რა მდგომარეობაა ქვეყანაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების, ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლების მიერ პოლიტიკური/საარჩევნო უფლებების რეალიზების კუთხით. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ქალი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის კვლევა.   

არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი (ნომერი: 032 2 18 26 30), რომლის მეშვებით  მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. საია, ასევე კონსულტაციას გაუწევს ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.

არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ 3 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: შალვა დადიანის #2/1). პრესკონფერენცია გაიმართება 28 ოქტომბერს: 14:00 საათზე; 18:00 საათსა და 21:00 საათზე. ხოლო 29 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 12:00 საათზე.

 

საქართველოს პრეზიდენტის არჩევნების მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID), ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოსა და ბრიტანეთის საელჩოს დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასდა მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge