კენჭისყრის დღის დაკვირვების შედეგები 09:00 საათისთვის

დილის 9 საათისთვის კენჭისყრის პროცესი მიმდინარეობს მშვიდ ვითარებაში. იმ საარჩევნო უბნების უმრავლესობა, სადაც საია აკვირდებოდა გახსნის პროცედურებს, დროულად იყო მზად პირველი ამომრჩევლის მისაღებად. აღნიშნული უბნების უმრავლესობა აღჭურვილი იყო შესაბამისი საარჩევნო მასალებით. საიას დამკვირვებლებს რამდენიმე უბანზე, ძირითადად სპეც უბანზე პრობლემები შეექმნათ უბანზე შეშვებასთან დაკავშირებით. დაფიქსირდა ასევე პრობლემები წილისყრის პროცედურებთან და საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით.

საიამ დააფიქსირა პროცედურული დარღვევები:

უბანზე საიას დამკვირვებლების დაშვებასთან დაკავშირებული პრობლემები
დილის 7 საათიდან 8 საათამდე საიას დამკვირვებლებს პრობლემები შეექმნათ უბნებში შესვლასთან დაკავშირებით. აღნიშნული პრობლემა დაფიქსირდა 7 უბანზე, მათ შორის 4 გამონაკლის შემთხვევაში შექმნილი უბნებია (სპეცუბნები). მთაწმინდის ოლქის #40 უბანზე, სამგორის #119 უბანზე და გორის ოლქის #109-ე უბანზე საიას დამკვირვებლებს შესვლისას პირადობის მოწმობებს გარეთ ატოვებინებდნენ, ხოლო უკვე შიგნით უბანზე შესულებს პირადობის მოწმობის გარეშე არ უშვებდნენ. ცესკოს დახმარებით აღნიშნული პრობლემა აღმოიფხვრა.  

პრობლემები შეექმნა საიას დამკვირვებელს დიდუბის #57-ე უბანზე შესვლასთან დაკავშირებით. მას განუცხადეს რომ საიას და სხვა სადამკვირვებელი ორგანიზაციის დამკვირვებელზე სადამკვირვებლო მოწმობა გაცემული იყო ერთი და იმავე კოდით და ამიტომ საიას დამკვირვებელს ვერ შეუშვებდნენ. მსგავსი პრობლემა შეექმნა საიას დამკვირვებელს ხაშურის #53-ე უბანზე. მას განუცხადეს, რომ ამ უბანზე საიას სხვა დამკვირვებელზე უკვე გაცემული იყო დამკვირვებლის მოწმობა.

დაფიქსირდა კიდევ 2 შემთხვევა, როდესაც დამკვირვებელს არ უშვებდნენ უბანზე იმის გამო, რომ მათ უბანზე გამოცხადება დააგვიანდათ. მსგავსი ფაქტები დაფიქსირდა დიდუბის #12 უბანზე და გლდანის #18.

წილისყრის პროცედურების დარღვევები
საბურთალოს #3 უბანზე დაფიქსირდა წილისყრის პროცედურების დარღვევა, კომისიის მდივანმა კომისიის წევრი დაარეგისტრირა წილისყრის გარეშე რეგისტრატორად.

დიდუბის #53 უბანზე ნაკადის მომწესრიგებელი ცდილობდა, თვითნებურად გაეცვალა ფუნქცია და გაყოლოდა გადასატან ყუთს. ბაღდათის #23 უბანზე კომისიის თვითნებურად გაცვალეს ფუნქციები კომიიის წევრებმა.

საკონტროლო ფურცლების შევსებასთან დაკავშირებული პრობლემები
საბურთალოს ოლქის #76 უბანზე, ქუთაისის #65-ე, სამგორის #97-ე და ისნის #45-ე უბნებზე საკონტროლო ფურცლის შევსებასთან დაკავშირებით დაფიქსირდა პრობლემები. #76 უბანზე დაავიწყდათ დროის მითითება საკონტროლო ფურცელზე. ხოლო ქუთაისის #65-ე, საბურთალოს #76-ე, სამგორის #97 და ისნის #45 უბნებზე პირველი ამომრჩევლის მოსვლამდე ჩააგდეს საკონტროლო ფურცელი.

უბნის დაგვიანებით გახსნა
დუშეთის ოლქის უბნები #52 და #1 გაიხსნა დაგვიანებით, რის მიზეზადაც სახელდებოდა მარკირების შემოწმების გაფუჭებული ხელსაწყოები.

საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენცია
საგარეჯოს #11 ოლქში ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებზე საკმაოდ დაბალია საარჩევნო ადმინისტრაციის კომპეტენცია.

საარჩევნო დოკუმენტაციასთან დაკავშირებული პრობლემები
სამგორის ოლქის #19 უბანზე, კრწანისის #56-ე, დიდუბის #56-ე, ჩუღურეთის #44-ე, ხაშურის #10, გორის #49, 33, 67 და კასპის #22 უბნებზე დაფიქსირდა ბიულეტენების დაკლებობა. აღნიშნულ უბნებზე ბიულეტენები ნაკლებია ამომრჩეველთა რაოდენობაზე.

ამ დროისთვის ზემოთ აღნიშნულ დარღვევებზე საიას დამკვირვებლებმა დაწერეს 10 საჩივარი და 13 შენიშვნა დააფიქსირეს ჩანაწერთა წიგნში.

საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.

27 ოქტომბერს საპრეზიდენტო არჩევნების დღეს საია თბილისისა და 8 რეგიონის 36 საარჩევნო ოლქში 400-ზე მეტი დამკვირვებლით აკვირდება.

სტატიკური დამკვირვებლები განთავსებული არიან საქართველოს მასშტაბით 220-ზე მეტ საარჩევნო უბანში. 36 ოლქში მოძრაობს მობილური ჯგუფები. საია დაკვირვებას ახორციელებს გამონაკლის შემთხვევებში შექმნილ უბნებში, უმცირესობებით დასახლებულ ოლქებში არსებულ უბნებსა და წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებში.

აღსანიშნავია, რომ არჩევნების დღეს მუშაობს ცხელი ხაზი, რომლის მეშვეობით როგორც მოქალაქეებს, ასევე ჟურნალისტებს შეუძლიათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით.

ცხელი ხაზის ნომერია: 218-26-11

ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.

არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში კიდევ სამ ბრიფინგს გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: ქობულეთის ქ. 34/36).

მომდევნო ბრიფინგები გაიმართება: 15:00 საათზე; 18:00 საათსა და 21:00 საათზე, ხოლო 28 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და ბრიფინგს გამართავს 12:00 საათზე.



 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge