კამპანია „ეს შენ გეხებამ“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ბოლოდროინდელ საქმიანობასა და წინსაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით, 2012 წლის 10 აგვისტოს პრესკონფერენცია გამართა. მიმართვის ტექსტს უცვლელად გთავაზობთ:
"ჩვენ, კამპანია „ეს შენ გეხებას“ მონაწილე ადგილობრივ არასამთავრობო ორგანიზაციებს გვსურს გამოვეხმაუროთ ამ რთულ წინასაარჩევნო პერიოდში ბოლო დროს განვითარებულ კიდევ უფრო კრიტიკულ მოვლენებს, მოკლედ შევაჯამოთ არსებული ვითარება და საკუთარი წვლილი შევიტანოთ მდგომარეობის გაუმჯობესებაში.
ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები ამა წლის პირველი იანვრიდან ვაკვირდებით წინასაარჩევნო პროცესებსა და მათ კანონმდებლობასთან შესაბამისობას. ამ თვალსაზრისით, ჩვენი განსაკუთრებული დაკვირვების ქვეშ კვლავ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა რჩება. ამ ხნის განმავლობაში, დაგვიგროვდა მდიდარი მასალა, რაც უკვე გვაძლევს შესაძლებლობას პირველადი და ზოგადი შეფასება მივცეთ ქვეყანაში არსებულ წინასაარჩევნო გარემოს. მართლაც, თავისი ინტენსივობითა და მასშტაბით უპრეცედენტოა ის აქტივობა, რასაც სახელმწიფო დაწესებულებები იჩენენ პოლიტიკური პარტიების საქმიანობის მიმართ.
ჩვენს მიერ შესწავლილი საქმეები გვაძლევს საშუალებას დავასკვნათ, რომ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობა წინასაარჩევნო თვალსაზრისით არის მეტისმეტად მიკერძოებული და ორიენტირებულია ოპოზიციური პარტიების, განსაკუთრებით მთავარი ოპოზიციური კოალიციის შევიწროებისაკენ. არა ერთი სერიოზული ბრალდება, რომელიც მმართველი პარტიის მხრიდან ამომრჩევლის მოსყიდვის, უკანონო შემოწირულებებისა თუ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებას შეეხება, ამ დრომდე რეაგირების გარეშეა დარჩენილი. სახელმწიფო აუდიტის სამსახური მისი საქმიანობის დასაწყისში ცდილობდა საკუთარი საქმიანობა მეტ-ნაკლებად მიუკერძოებლად წარმოეჩინა, თუმცა დღეს ამ მცდელობასაც არა აქვს ადგილი. მმართველი პარტიის მიმართ მიღებული მცირე მასშტაბის, არაადექვატურად მცირერიცხოვანი გადაწყვეტილებები, რა დროსაც სრული რეაგირების გარეშეა დაჩენილი მსხვილი დარღვევები, გვაფიქრებინებს, რომ სახელმწიფო აუდიტის სამსახური რეალურად მმართველი პარტიის ხელში კიდევ ერთ ბერკეტს წარმოადგენს და მისი საქმიანობა პოლიტიკური ნეიტრალიტეტის პრინციპის დაცვით არ მიმდინარეობს.
სულ ცოტა ხნის წინ ახალი გენერალური აუდიტორის არჩევაც კმარა ამის მაგალითად. ჩვენ ასევე გვახსოვს, რომ არავითარი რეაგირება ამ დრომდე არ მოყოლია ტელეკომპანია „მაესტროს“ გადაცემა „აკრედიტაციის გარეშეში“-ში პ/გ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი კოორდინატორის მიერ საჯაროდ გავრცელებულ სკანდალურ ინფორმაციას მმართველის პარტიის მიერ ჩადენილი კანონდარღვევების თაობაზე, მათ შორის პარტიის კოორდინატორების სახელმწფო სამსახურში დასაქმებასთან დაკავსირებით. უფრო მეტიც, აღნიშულ საკითხის გადამოწმების მიზნით ჩვენს მიერ წარდგენილი ინფორმაციის გამოთხოვის განცხადებების მიუხედავად, საქართველოს კანონის მოთხოვნათა უხეში დარღვევით, თბილისის მერიასა და საკრებულოს არავითარი ინფორმაცია არ მოუწოდებიათ.
მართლაც, განსაკუთრებით თვალშისაცემია სახელმწიფო უწყებების დახურულობა, მათი სურვილი არ გასცენ საჯარო ფინანსებთან დაკავშირებული ინფორმაცია, იმ ფონზე, როდესაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური სრულიად გაუმართლებელ და უპრეცედენტო გამჭვირვალობას სთხოვს იმ ფიზიკურ პირებს, რომლებიც პოლიტიკურ პარტიებთან არიან დაკავშირებულნი. ამ პირობებში, კიდევ უფრო მეტად იზრდება სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პასუხისმგებლობა ადექვატური და დროული რეაგირება მოახდინოს ადმინისტრაციული რესურსების უკანონოდ გამოყენების შემთხვევებზე, თუმცა, სამწუხაროდ, ამ მხრივ არ გვახსენდება მის მიერ მიღებული არც ერთი გადაწყვეტილება.
დღეს არსებული მკვეთრად უთანასწორო გარემოს ჩანასახები ჯერ კიდევ მაშინ გაჩდა, როდესც საქართველოს პარლამენტმა 2011 წლის ოქტომბერში პოლიტიკურ სცენაზე მთავარი ოპოზიციური ფიგურის, ბიძინა ივანიშვილის გამოჩენის გათვალისწინებით კანონმდებლობა საკუთარ პოლიტიკურ ინტერესებს მოარგო. კერძოდ, პარტიების დაფინანსებასთან დაკავშირებული კანონმდებლობა დამძიმდა, თუმცა მასთან შედარებით უკიდურესად რბილი და არაპროპორციული დარჩა ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენების ზედამხედველობის კუთხით არსებული კანონმდებლობა. ეს მაშინ, როდესაც ადმინისტრაციული რესურსების უკანონო გამოყენება მხოლოდ მმართველ პარტიას ძალუძს.
დღეს ჩვენ ვართ თვითმხილველნი არა მხოლოდ პრობლემატური კანონმდებლობისა, არამედ სახელმწიფო ორგანიების მხრდიდან მისი კიდევ უფრო პრობლემატური, ხარვეზიანი და თვითნებური აღსრულებისა, განსაკუთრებით ოპოზიციური პარტიების წინააღმდეგ. ამის დამადასტურებელი არაერთი მაგალითი არსებობს. მათ შორის, მიმდინარე მონიტორინგის ფარგლებში გამოკვეთილ მიდგომებსა და არაჯანსაღ პრაქტიკას მოწმობს ბოლო რამდენიმე შემთხვევაც, როდესაც აუდიტის სამსახურმა, ყოველგვარი ადეკვატური დასაბუთების გარეშე, ოპოზიციურ ლიდერებს - ბიძინა ივანიშვილსა და კახა კალაძეს მოსთხოვა 2012 წლის განმავლობაში, საბანკო ანგარიშებიდან მათ მიერ გატანილი თანხის ხარჯვის ამსახველი ფინანსური დოკუმენტაციის წარდგენა. აღნიშნულზე უარის მიღების შემდგომ კი, მოუწოდა მათ მოეხდინათ გატანილი თანხის უკან საბანკო ანგარიშებზე დაბრუნება.
ამგვარი ქმედებებით აუდიტის სამსახური გასცდა, კანონით მისთვის მინიჭებული ფინანსური მონიტორინგის ფარგლებს. პირველ შემთხვევაში, უწყებამ კანონით დადგენილი სტანდარტის გვერდის ავლით, სათანადო დასაბუთების გარეშე მოსთხოვა ადრესატებს სრული ფინანსური ინფორმაცია, შემდგომში კი მიმართა მათ იმგვარი ქმედების განხორციელების წინადადებით, რასაც მისი უფლებამოსილება არ ითვალისწინებს.
გამომდინარე იქედან, რომ აუდიტის სამსახურის შეთავაზება თანხის საბანკო ანგარიშებზე დაბრუნებსათან დაკავშირებით არ ატარებდა სამართლებრივი ვალდებულების ხასიათს, მისი შეუსრულებლობა არ შეიძლებოდა გამხდარიყო რაიმე ტიპის პასუხისმგებლობის საფუძველი. თუმცა, დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, აუდიტის სამსახურმა მიმართა სასამართლოს და მოითხოვა კახა კალაძის ქონებისა და საბანკო ანგარიშების დაყადაღება. ჯერ–ჯერობით უცნობია აუდიტის სამსახურის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი და დასაბუთება, თუმცა ამ ეტაპზევე შეიძლება ითქვას, რომ ამ ფაქტებს შორის კავშირის არსებობის შემთხვევაში კალაძის ქონებაზე ყადაღის დადების მოთხოვნა იქნება სრულიად უკანონო და დაუსაბუთებელი.
აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ აუდიტის სამსახურის ქმედებებში გამოიკვეთა მტკიცების ტვირთის ფიზიკურ პირებზე გადატანის მცდელობაც, რაც სრულიად მიუღებელი პრეცედენტია. აუდიტის სამსახურის მოვალეობას წარმოადგენს სათანადო მტკიცებულებებზე მითითებით დასაბუთებული პოზიციის წარმოდგენა. იმ პირობებში კი, როდესაც მნიშვნელოვანი რესურსების მქონე სახელმწიფო ორგანო ვერ ახერხებს სათანადო მტკიცებულებების წარმოდგენას, დაუშვებელია ამ მოთხოვნის კერძო პირზე გადატანა და მისი დავალდებულება, რომ ამტკიცოს საკუთარი მოქმედების კანონიერება.
არსებულ ვითარებაში განსაკუთრებული სიმწვავით დგება მართლმსაჯულების სათანადოდ განხორციელების საკითხი. იმ პირობებში, როდესაც აუდიტის სამსახურის მუშაობაში არაერთი სერიოზული ხარვეზი იკვეთება, მნიშვნელოვანია მიუკერძოებელი და სამართლიანი სასამართლო ასრულებდეს ბალანსისა და უფლებების დაცვის გარანტის ფუნქციას.
მიმდინარე პროცესებზე დაკვირვებამ აჩვენა, რომ სასამართლო ხელისუფლება უფრო მეტად ლოიალურია აუდიტის სამსახურის მიმართ, რაც დასტურდება იმ ფაქტითაც, რომ სასამართლო უარს არ ამბობს აუდიტის სამსახურის იმ შუამდგომლობების დაკმაყოფილებაზეც კი, რომელშიც დასაბუთებისა და არგუმენტაციის სერიოზული ნაკლებობა ფიქსირდებოდა.
იმ პირობებში, როცა ისედაც ხარვეზიანი საკანონმდებლო ჩარჩო, საქმის განხილვის არაგონივრული დროის დაწესებით, დაცვის მხარეს უზღუდავს საქმის სამართლიანი განხილვის შესაძლებლობას, მნიშვნელოვანია, რომ სასამართლო საკუთარი მოქმედებით ქმნიდეს მისი მიუკერძოებლობისა და ობიექტურობის განცდას, ამასთან უზრუნველყოფდეს მხარეთა თანასწორობას და მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების სათანადო დასაბუთებას. სამწუხაროა, რომ ბოლო დროის პრეცედენტებმა მართლმსაჯულების ამგვარად განხორციელების საკითხი კითხვის ნიშნის ქვეშ დააყენა.
რასაკვირველია, ნებისმიერი პოლიტიკური პარტიის მხრიდან კანონის დარღვევა თანაბრად მიუღებელია და მოითხოვს დამრღვევების მიმართ სათანადო ზომების გამოყენებას. უკლებლივ ყველა პოლიტიკური პარტიის საქმიანობა კანონის ჩარჩოებში უნდა იყოს მოქცეული, ხოლო კანონის დარღვევა არ უნდა წახალისდეს. სამწუხაროად, ჩვენ დღეს ვერ ვხედავთ კანონის სათანადო და მიუკერძოებელ აღსრულებას. ამის ნაცვლად, ადგილი აქვს მის შერჩევით გამოყენებას, რაც გამოუსწორებელ შედეგებს აყენებს საარჩევნო გარემოს საქართველოში.
მივმართავთ საერთაშორისო დამკვირვებლებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს და საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, არ დაიშურონ საკუთარი ძალისხმევა საქართველოში საარჩევნო გარემოს გაუმჯობესებისათვის და ამ თვალსაზრისით, დროული და სათანადო შეფასებები მისცენ სახელმწიფო დაწესებულებების რეპრესიულ ქმედებებს."
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge