კამპანია „ეს შენ გეხება" ეხმაურება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებულ შუალედურ გადაწყვეტილებას (საოქმო ჩანაწერს) საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი, საქართველოს მოქალაქეები - ავთანდილ ბარამიძე, გივი მითაიშვილი, ნუგზარ სოლომონიძე და სხვები (სულ 326 კონსტიტუციური სარჩელი) საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ".
გვსურს, საზოგადოებას შევახსენოთ, რომ 2017 წლის 6 აპრილს, საქართველოს 326-მა მოქალაქემ სარჩელით მიმართა საკონსტიტუციო სასამართლოს და მოითხოვა ფარული მიყურადების მარეგულირებელი კანონმდებლობის არაკონსტიტუციურად ცნობა, ვინაიდან, მოსარჩელეთა აზრით, ეს უკანასკნელი ეწინააღმდეგებოდა თავად სასამართლოს მიერ 2016 წლის 14 აპრილს მიღებულ გადაწყვეტილებას. მოგვიანებით, სასამართლოს სარჩელით მიმართა საქართველოს სახალხო დამცველმაც. ასევე, პირველად დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციამ წარმოადგინა სასამართლო მეგობრის მოსაზრება, რომელიც, თავის მხრივ, იზიარებს მოსარჩელეთა პოზიციას.
სამწუხაროდ, 2017 წლის 29 დეკემბერს მიღებული გადაწყვეტილებით, სასამართლომ არ გაიზიარა მოსარჩელეთა მოთხოვნა იმ მოტივით, რომ გასაჩივრებული რეგულირებები თვისობრივად განსხვავებულ მოცემულობას ქმნის და არ ეწინააღმდეგება სასამართლოს მიერ ერთი წლით ადრე გამოტანილ გადაწყვეტილებას.
აღსანიშნავია, რომ სასამართლომ ზემოხსენებული სარჩელები მიიღო არსებითად განსახილველად არა იმ მოტივით, რომ იგი აპირებს საკუთარი პრაქტიკის დაძლევას (შეცვლას), არამედ ვერ დაინახა წინააღმდეგობა გასაჩივრებულ კანონმდებლობასა და 2016 წლის 14 აპრილის გადაწყვეტილებას შორის.
მიგვაჩნია, რომ თანამედროვე სამართლებრივ სახელმწიფოში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, კანონმდებლობა და სასამართლო პრაქტიკა იყოს თანმიმდევრული, არაორაზროვანი და განჭვრეტადი. სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები, მის მიერ დამკვიდრებული პრეცედენტული სამართალი, ნათლად აღქმადი და გასაგები უნდა იყოს საზოგადოებისთვის და მისი შინაარსი არ უნდა იცვლებოდეს სასამართლოს შემადგენლობის ცვლილებასთან ერთად.
ბუნებრივია, კამპანია „ეს შენ გეხება" არ ეთანხმება სასამართლოს 6 წევრის შეფასებას, რომ ფარული მიყურადების მარეგულირებელი ნორმები თვისობრივად განსხვავებულია იმ საკანომდებლო ჩარჩოსგან, რაც ერთხელ უკვე არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი თავად სასამართლოს მიერ.
ჩვენთვის განსაკუთრებით გაუგებარია სასამართლოს მსჯელობა ინტერნეტკომუნიკაციის რეალურ დროში მოპოვების შესაძლებლობასთან დაკავშირებით. მიგვაჩნია, რომ მინიმუმ ამ ნაწილში, კანონმდებლობა არის უცვლელი და მხოლოდ ის გარემოება, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის მანამდე არსებული უფლებამოსილებები (ინსპექტირების ნაწილში) კანონში ფორმალურად აისახა, სტატუს-ქვოს ვერ ცვლის, რადგან თავად საკონსტიტუციო სასამართლოსვე სტანდარტით, „შინაარსობრივ მსგავსებასთან გვექნება საქმე, არა მხოლოდ მაშინ, როდესაც ნორმა სიტყვასიტყვით იმეორებს არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის შინაარსს, არამედ მაშინაც, როდესაც სადავო ნორმაში მოცემული წესი არსებითად მსგავსი სამართლებრივი შედეგის მომტანია".
შესაბამისად, მნიშვნელოვანია, სასამართლომ სრულად გაითავისოს საკუთარი პასუხისმგებლობა მიმდინარე სამართალწარმოების პროცესში და სადავო რეგულირებების კონსტიტუციურობის შეფასებისას, გაანალიზოს ყველა ის საფრთხე, რისკი თუ ნეგატიური გავლენა, რაც ამგვარი კანონმდებლობის მოქმედებამ შეიძლება გამოიწვიოს როგორც რიგითი მოქალაქეების ყოველდღიურ ცხოვრებაზე, ასევე ნებისმიერი საჯარო პირის, მათ შორის, თავად მოსამართლეების პროფესიულ საქმიანობაზე, ისევე როგორც, საკონსტიტუციო სასამართლოს, როგორც ინსტიტუტის რეპუტაციასა და ნდობის ხარისხზე.
იმედს ვიტოვებთ, არსებითი განხილვის ფორმატში, შევძლებთ სასამართლოს დარწმუნებას, რომ მოქმედი კანონმდებლობა ისეთივე არაეფექტური, ხარვეზიანი და კონსტიტუციის საწინააღმდეგოა, როგორც 2016 წლის 14 აპრილის მდგომარეობით არსებული რეგულირებები.
დაბოლოს, მიუხედავად იმისა, რომ პირადი ცხოვრების უფლების დარღვევის საკითხი არ არის მხოლოდ ეროვნული სასამართლოების შეფასების საგანი და, შესაძლებელია, ადამიანის უფლებათა საერთაშორისო მექანიზმების გამოყენება, ამ პროცესში, უაღრესად მნიშვნვნელოვანია ეროვნული სასამართლოების როლი და მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები.
იმისთვის რომ, მოქალაქეებს ნდობა აუმაღლდეთ სასამართლო ხელისუფლების მიმართ, საკონსტიტუციო სასამრთლომ უნდა შეძლოს ადამიანის უფლებების დაცვისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღება და უკვე მიღებული გადაწყვეტილებების დაცვა. აღნიშნული, აუცილებელია, არამხოლოდ ადამიანის უფლებების დაცვის შესაბამისი სტანდარტის დასამკვიდრებლად, არამედ თავად სასამართლოს რეპუტაციის დასაცავად, რათა საკანონმდებლო ორგანომ, ყოველ ჯერზე, არ მიიღოს სასამართლოს გადაწყვეტილების დამძლევი რეგულირებები.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge