17 ივლისს მართლმსაჯულების საერთაშორისო დღე აღინიშნება. 1998 წლის 17 ივლისს რომის სტატუტის მიღებით სისხლის სამართლის საერთაშორისო (ჰააგის) სასამართლოს სახით მართლმსაჯულების საერთაშორისო სისტემის შექმნას ჩაეყარა საფუძველი. აღნიშნული სასამართლოს მიზანს განსაკუთრებით მძიმე დანაშაულების (ომის დანაშაული, გენოციდი, კაცობრიობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაული და აგრესია) გამოძიება და პასუხისმგებელ პირთა გამოვლენა წარმოადგენს. შესაბამისად, ჰააგის სასამართლო საერთაშორისო დანაშაულების მსხვერპლებისთვის სამართლიანობის აღდგენის მნიშვნელოვანი მექანიზმია.
2008 წლის აგვისტოს ომს ასეულობით ადამიანი ემსხვერპლა, არაერთი მშვიდობიანი მოქალაქე თუ სამხედრო პირი დაზარალდა და შეილახა მათი ფუნდამენტური უფლებები. ომის დროს ადგილი ჰქონდა სამოქალაქო მშვიდობიანი მოსახლეობის განზრახ მკვლელობის, გაუჩინარების, ქონების მასობრივი განადგურების და ძარცვის, იძულებითი გადაადგილების და დევნის, სამოქალაქო მოსახლეობაზე თავდასხმის, თავისუფლების უკანონო აღკვეთის, წამებისა და არაადამიანური მოპყრობის ფაქტებს.
ომის დროს ჩადენილ დანაშაულებს 2008 წლიდან დღემდე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის საგამოძიებო ორგანოები იძიებენ. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ ამ უწყებების მიერ წარმოებული გამოძიების მიმდინარეობის და შედეგების შესახებ დანაშაულების მსხვერპლებისთვის და ფართე საზოგადოებისთვის ინფორმაცია ხელმისაწვდომი არ არის. შესაბამისი უწყებებიდან გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაცია არც საქართველოს კოალიციის წევრ ორგანიზაციებს მიეწოდება მათი მოთხოვნის მიუხედავად.
ეროვნული საგამოძიებო ორგანოების გარდა ომის დროს ჩადენილ დანაშაულებზე გამოძიებას 2016 წლის იანვრიდან ასევე ახორციელებს ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისი. მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების დაწყებიდან 4 წელზე მეტი გავიდა, დღემდე არ მომხდარა 2008 წლის ომის დროს ჩადენილი დანაშაულების ეფექტიანი გამოძიება და დამნაშავე პირთა დასჯა.
აღნიშნულის გათვალისწინებით 2008 წლის აგვისტოს ომის დაზარალებულები დღემდე მართლმსაჯულების აღსრულების მოლოდინში არიან. დანაშაულების ეფექტიან გამოძიებასა და პასუხისმგებელ პირთა დასჯას არსებითი მნიშვნელობა გააჩნია დაზარალებული პირების უფლებრივი მდგომარეობის აღდგენის, ასევე, სახელმწიფოების ანგარიშვალდებულების უზრუნველყოფის და დაუსჯელობის სინდრომის აღმოფხვრის მიზნით. თუმცა, გაჭიანურებული გამოძიება და გამოძიების პროგრესის შესახებ ინფორმაციის არარსებობა დაზარალებულებში, მათ შორის დაღუპულ პირთა ოჯახის წევრებში, მიმდინარე პროცესების მიმართ სამართლიანობის აღდგენის იმედის დაკარგვას იწვევს.
არსებულ სიტუაციას კიდევ უფრო ამძიმებს განსახლების ადგილებში და ადმინისტრაციული საზღვრის მიმდებარედ დაზარალებულთა გაუსაძლისი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა. საქართველოს კოალიციის მიერ გამოცემული ანგარიში „10 წელი აგვისტოს ომიდან – დაზარალებულთა მდგომარეობა საქართველოში“ დეტალურად აღწერს იმ პრობლემებს, რასაც დაზარალებულები ყოველდღიურ ცხოვრებაში აწყდებიან. COVID-19-ის პანდემიამ დაზარალებულთა ისედაც მძიმე მდგომარეობა კიდევ უფრო გაამწვავა, გაუარესებული პირობები კი მათ ხელახალ ტრავმირებას უწყობს ხელს. აღნიშნულ სიტუაციაში, ჰააგის სასამართლოსთან არსებული დაზარალებულთა ნდობის ფონდის კონკრეტული მხარდაჭერის პროგრამების განხორციელების დაწყება არსებითი მნიშვნელობისაა დაზარალებულებისთვის მათი არსებული ყოფის შესამსუბუქებლად.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის საქართველოს კოალიცია მხარდაჭერას უცხადებს აგვისტოს ომის დაზარალებულებს და გამოხატავს სოლიდარობას მათ მიმართ! საქართველოს კოალიციის წევრი ორგანიზაციები წარმოადგენენ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად დაზარალებულთა ინტერესებს როგორც ეროვნულ დონეზე, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსა და ჰააგის სასამართლოს წინაშე. ჰააგის სასამართლოს მიმართულებით კოალიციამ ბოლო წლებში არაერთი აქტივობა განახორციელა დაზარალებულებისთვის სათანადო დახმარების აღმოჩენის მიზნით. იმედს გამოვთქვამთ, რომ საერთაშორისო დონეზე მიმდინარე პროცესებით, მათ შორის, ჰააგის სასამართლოს პროკურორის ოფისის მიერ გამოძიების წარმოებით, შესაძლებელი გახდება პასუხისმგებელ პირთა იდენტიფიცირება და სათანადოდ დასჯა და დაზარალებულთა დარღვეული უფლებების და სამართლიანობის აღდგენა.
საქართველოს კოალიცია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოსთვის 2003 წელს შეიქმნა, რომლის მიზანია სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს იურისდიქციაში შემავალი დანაშაულებისათვის პასუხისმგებლობის დამკვიდრების ხელშეწყობა და ამგვარ დანაშაულთა მსხვერპლთათვის სამართლებრივი დახმარების უზრუნველყოფა.
სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლოს მიმართულებით საქართველოს კოალიციის მიერ ბოლო წლებში განხორციელებული აქტივობების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოცემულია საინფორმაციო ბიულეტინში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge