ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინტიტუტი და საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ეხმიანებიან იმ ფაქტს, რომ ორი უმნიშვნელოვანესი პოლიტიკის დოკუმენტი - ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა და საჯარო მმართველობის რეფორმის სამოქმედო გეგმა, რომლებმაც 2021-2022 წლებში უწყებების მიერ განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა განსაზღვროს, 2021 წლის მეორე კვარტალში ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული. შესაბამისი მიმართულებით დასახული სტრატეგიული მიზნებისა და ამოცანების დროულად მიღწევისთვის კი მნიშვნელოვანია, რომ კონკრეტული სამოქმედო გეგმით გათვალისწინებული პერიოდის დასაწყისისთვის ის უკვე შემუშავებული და გამოქვეყნებული იყოს.
გასული წლის დეკემბერში ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციასთან ერთად გაავრცელა განცხადება, რომლითაც მიესალმებოდა მთავრობის ადმინისტრაციის მიერ სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობით საჯარო მმართველობის რეფორმის პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავების პროცესის დაწყებას. 2021 წლის დასაწყისში IDFI-მ ქმედითი ანტიკორუფციული პოლიტიკის დოკუმენტების შემუშავებაში დახმარების მიზნით ანტიკორუფციული საბჭოს სამდივნოს წარუდგინა თავისი მოსაზრებები და რეკომენდაციები. მიუხედავად ამისა, როგორც უკვე აღინიშნა, 2021 წლის მეორე კვარტალში ჯერ კიდევ არ მომზადებულა არც საჯარო მმართველობის რეფორმის 2021-2022 წლების სამოქმედო გეგმა და არც 2021-2022 წლების ეროვნული ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმა, არ განახლებულა შესაბამისი სტრატეგიები და არც ინფორმაცია გამოქვეყნებულა აღნიშნული პროცესების მიმდინარეობის შესახებ.
აქვე, ნიშანდობლივია, რომ როგორც ანტიკორუფციული, ასევე საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიული დოკუმენტების მონიტორინგისა და შეფასების მეთოდოლოგია ითვალისწინებს მონიტორინგისა და შეფასების ანგარიშების მომზადებას, თუმცა, ანტიკორუფციული სამოქმედო გეგმის შემთხვევაში დღემდე არ არის ხელმისაწვდომი და არც აღნიშნულ პროცესებთან დაკავშირებით ინფორმაცია გამოქვეყნებულა.
პოლიტიკის დოკუმენტების დროული და სათანადო მონიტორინგის და შეფასების ანგარიშები აუცილებელია შემდგომი რეფორმების უკეთესად დაგეგმვისა და წარსული ხარვეზების გამოსწორებისთვის. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ აღნიშნული პროცესები დროულად და გამჭვირვალედ განხორციელდეს და შემდგომი დაყოვნების გარეშე შემუშავებული იქნას ახალი ანტიკორუფციული და საჯარო მმართველობის რეფორმის სტრატეგიული დოკუმენტები. აღნიშნული პროცესების გაჭიანურება და ბუნდოვანება მიუთითებს როგორც უწყებათაშორისი კოორდინაციის პრობლემაზე, ასევე ხელისუფლებისთვის აღნიშნული მიმართულებების ნაკლებ პრიორიტეტულობაზე.
ყურადღება უნდა გამახვილდეს წლის დასაწყისში „საჯარო დაწესებულებაში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონში შეტანილ ცვლილებაზე, რომლის მიხედვით კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს „ორგანიზაციულ უზრუნველყოფასა და საქმიანობის ადმინისტრირებას“ იუსტიციის სამინისტროს ნაცვლად მთავრობის ადმინისტრაცია განახორციელებს. ხაზგასასმელია აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილების მომზადების პროცესის ხარვეზი - საკითხი არ განხილულა ანტიკორუფციული საბჭოს სხდომაზე, არ გამართულა საჯარო კონსულტაცია და კანონპროექტის განმარტებითი ბარათი არანაირ კრიტერიუმს არ აკმაყოფილებს, რადგან მასში არ არის მოცემული სიტუაციის სათანადო ანალიზი, არც არსებული სიტუაციით გამოწვეული პრობლემები და დასაბუთება, თუ რატომ შეირჩა პრობლემის გადაჭრის კონკრეტული გზა. აღნიშნული მიუთითებს პროცესის ნაჩქარევად, სათანადო კვლევის, ანალიზის და დაგეგმვის გარეშე წარმართვაზე. აღსანიშნავია, რომ დაჩქარებული წესით კანონპროექტის ინიცირება ანტიკორუფციული საკოორდინაციო უფლებამოსილების მთავრობის ადმინისტრაციაში გადატანის შესახებ საქართველოს პარლამენტის მიერ ეროვნული ანტიკორუფციული სააგენტოს შექმნის შესახებ ინიცირებული საკანონმდებლო ცვლილებების მიზანშეუწონლად მიჩნევას მოყვა, თუმცა, აღნიშნული საკითხი კვლავ აქტუალურად რჩება, რადგან კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი უწყებების დამოუკიდებლობა არის ის უმნიშვნელოვანესი სტანდარტი, რომელიც უზრუნველყოფს კორუფციის წინააღმდეგ ეფექტიან ბრძოლას, ანგარიშვალდებულებას, გამჭვირვალობის მაღალ ხარისხს და, შესაბამისად, მაღალ საზოგადოებრივ ნდობას.
IDFI და GYLA მოუწოდებენ ხელისუფლებას, რომ მეტი ყურადღება დაუთმოს ქვეყანაში საჯარო მმართველობის რეფორმას და კორუფციასთან ბრძოლას, მხედველობაში მიიღოს ამ მიმართულებებით იდენტიფიცირებული გამოწვევები და დროულად შეიმუშაოს ამბიციური და ქმედითი პოლიტიკის დოკუმენტები.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge