ივლისისა და აგვისტოს წარმატებული საქმეები

 საიას დახმარებით, სასამართლომ, საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სიპ “ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრიდან” გათავისუფლებული თანამშრომლები  თანამდებობებზე აღადგინა

 
საიას თბილისის ოფისის ადვოკატი დახმარებას უწევდა ნ. ა-ს, ა. ს-ს და მ.ზ-ს. ისინი  დასაქმებულები იყვნენ საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სსიპ “ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრში”. ცენტრის ცალმხრივი გადაწყვეტილებით, ყოველგვარი საფუძვლის განმარტების გარეშე, ისინი სამსახურიდან გათავისუფლებულ იქნენ 2012 წლის 31 დეკემბერს. გათავისუფლებისას დამსაქმებელმა იხელმძღვანელა შრომის კოდექსის იმ ჩანაწერით (37-ე მუხლის "დ" ქვეპუნტი), რომლის განმარტებაც წლების განმავლობაში მუშაკების ინტერესების საზიანოდ ხდებოდა.
 
სასამართლო პროცესზე, საიას დახმარებით დადასტურდა, რომ, მოქალაქე ნ. ა-ს, ა. ს-ს,  მ. ზ-ს, სამსახურიდან გათავისუფლებით დაირღვა საქართველოს შრომის კანონმდებლობა, გასაჩივრებული ბრძანებები იყო უკანონო, იმდენად რამდენადაც ცალსახად იკვეთებოდა მათში დამსაქმებლის თვითნებური, უსაფუძვლო გადაწყვეტილებები. შესაბამისად, თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, ჩვენი ბენეფიციარების სამსახურიდან გათავისუფლების ბრძანებები ბათილად იქნა ცნობილი, მოსარჩელეები აღდგენილ იქნენ გათავისუფლებამდე დაკავებულ თანამდებობებზე, და საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს სიპ “ბავშვთა ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრს” მათ სასარგებლოდ, განაცდურის სახით, ჯამში 36 000 ლარზე მეტის გადახდა დაეკისრა.
 
საიას დახმარებით, სასამართლომ, ივ. ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის მიერ ერთ-ერთი კონკურსანტის მიმართ კონკურსის ჩატარების დროს მიღებული გადაწყევტილება უკანონოდ მიიჩნია
 
სიას თბილისის ოფისის ადვოკატი დახმარებას უწევდა მოქალაქე ლ.გ.-ს, რომელიც მონაწილეობდა 2012 წლის 19 ივნისს გამოცხადებულ კონკურსში თსუ-ს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტზე ასოცირებულ და ასისტენტ-პროფესორთა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად. ლ.გ.-ს არ მიანიჭეს პრეტენდენტის სტატუსი და არ მისცეს კონკურსის მეორე ეტაპზე (გასაუბრებაზე) მონაწილეობის მიღების უფლება, შესაბამისად აკადემიურ თანამდებობაზე დაინიშნა სხვა პირი. ლ.გ-ს მიაჩნდა, რომ ადგილი ჰქონდა მის დისკრიმინაციას და მასთან მიმართებაში მიიღეს უკანონო და დაუსაბუთებელი გადაწყვეტილება. საია-ს დახმარებით ლ.გ.-მ მიმართა სასამართლოს და მოითხოვა იმ გადაწყვეტილებების ბათილად ცნობა. 
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ უარი გვეთქვა სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე, რაც გასაჩივრდა სააპელაციო სასამართლოში. სააპელაციო სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ უნივერსიტეტის მიერ დაირღვა კანონის მოთხოვნა და  უსაფუძვლოდ არ მოხდა ლ.გ.-სთვის კონკურსის პრეტედენტის სტატუსის მინიჭება, შესაბამისად სასამართლომ დააკმაყოფილა ჩვენი სააპელაციო საჩივარი, გააუქმა საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად სცნო გასაჩივრებული აქტები და უნივერსიტეტს  დაავალა საქმის გარემოებების სრულად გამოკვლევის საფუძველზე 1 თვის ვადაში ახალი აქტების გამოცემა.  სააპელაციო სასამართლოს ეს გადაწყვეტილება შევიდა ძალაში, რამეთუ უზენაესი სასამართლოს მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი უნივერსიტეტის საკასაციო საჩივარი.
 
 
 
საიას დახმარებით  2013 წლის 1 მაისის მანიფესტაციის დროს დაკავებულ რამდენიმე პირს სააპელაციო სასამართლომ გაუუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ დაკისრებული სანქცია
 
საიას თბილისის ოფისის ადვოკატის სამართლებრივი დახმარების შედეგად, სააპელაციო სასამართლომ სრულად დააკმაყოფილა პირველი მაისის მანიფესტაციის დროს დაკავებული და ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემული პირის ლ.ხ-ის საჩვარი. სააპელაციო სასამართლომ დაადგინა, რომ მის მიერ ადგილი არ ჰქონია სამართალდარღვევის ჩადენას და გააუქმა პირველი ინსტანციის სასამართლოს დადგენილება მისთვის ასკ-ის 166-ე მუხლით (წვრილმანი ხულიგნობა) გათვალისწინებული სახდელის დადების თაობაზე.
 
იმავე მანიფესტაციის მონაწილე კიდევ სამი პირის მიმართ სააპელაციო სასამართლომ ნაწილობრივ დააკმაყოფილა სააპელაციო საჩივარი. კერძოდ, ს.ჩ.-ს და ი.ს.-ს ნაწილში სააპელაციო სასამართლომ შეწყვიტა დაწყებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის წარმოება და პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განსაზღვრული ჯარიმის ნაცვლად შემოიფარგლა სიტყვიერი შენიშვნით.  რაც შეეხება თ.ა.-ის შემთხვევას მას პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ ასკ-ის 166-ე (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე (პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი ბოროტი დაუმორჩილებლობა) მუხლების საფუძველზე დაკისრებული ჰქონდა ჯარიმა 400 ლარის ოდენობით, სააპელაციო სასამართლომ მისი საპელაციო საჩვარი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და შეწყვიტა საქმის წარმოება 173-ე მუხლით ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევად ცნობისა და ადმნისტრაციული სახდელის სახით 400 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მას ადმინისტრაციული სახდელი (100 ლარის ოდენობით) დაეკისრა მხოლოდ 166-ე მუხლის საფუძველზე.
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
საია-ს ქუთაისის ფილიალის დახმარებით სასამართლომ ხონის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე უდანაშაულოდ ცნო და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა
 
საია-ს ქუთაისის ფილიალის დახმარებით, ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ხონის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გ.გ. სასამართლოს 2013 წლის 28 ივნისის განაჩენით უდანაშაულოდ ცნო და მის  მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა.
 
გ.გ-ს ბრალად ედებოდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 332-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება) გათვალისწინებული  დანაშაულის ჩადენა. კერძოდ, ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, მან საჯარო ინტერესების საწინააღმდეგოდ, ბოროტად გამოიყენა სამსახურებრივი უფლებამოსილება, რითაც სახელმწიფოს მიადგა 10200 ლარის ოდენობის  მატერიალური ზიანი.
 
სასამართლომ   გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია, დადგენილად მიიჩნია, რომ გამოკვლეული მტკიცებულებები არ იყო საკმარისი წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად და გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დასაკმაყოფილებლად. კერძოდ, სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების და სახელმწიფო სახსრების არამიზნობრივი ხარჯვის ფაქტის დასადასტურებლად. შესაბამისად,  სასამართლომ ბრალდებულის მიმართ გამამართლებელი განაჩენი დააყენა.
 
 
 
საიას ქუთაისის ფილიალის დახმარებით, მოქალაქე ა.ჯ. განთავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
 
საია-ს ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა მოქალაქე  ა.ჯ-ს ინტერესებს,  რომელიც სამხედრო   ვალდებულების მოხდისაგან თავის არიდების მიზნით, სავალდებულო სამხედრო სამსახურში გამწვევ კომისიაში გამოუცხადებლობის გამო, ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1971  მუხლის საფუძველზე  1000 ლარით დაჯარიმდა.
 
მოსამართლემ  გაიზიარა დაცვის მხარის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ ა.ჯ-ს მიერ ჩადენილი იყო მცირემნიშვნელოვანი ადმინისტრაციული სამართალდარღვევა. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 07 ივნისის დადგენილებით,  ის გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან და მას გამოეცხადა მხოლოდ სიტყვიერი შენიშვნა.
 
 
 
 
 
საია-სქუთაისის ფილიალის დახმარებით,  მოქალაქეები გ.ა. და ნ.ყ. საქართველოს მთავარი პროკურატურისაგან სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო ზიანის  აუნაზღაურებას მიიღებენ
 
საია-ს ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა გ.ა-სა და ნ.ყ-ს ინტერესებს, რომლებსაც ბრალი ედებოდათ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1641-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის(ამომრჩევლის მოსყიდვა) ჩადენაში. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ნოემბრის განჩინებით მათ მიმართ შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებები არ ქმნიდნენ მტკიცებულებათა იმ სტანდარტს, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მათ ბრალეულობაში.
აღნიშნული განჩინების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ, გ.ა-მ და ნ.ყ-მ მიმართეს თბილისის საქალაქო სასამართლოს და მოითხოვეს სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის გამო მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
 
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის გადაწყვეტილებით, საქართველოს მთავარი პროკურატურისგან გ.ა. ზიანის ანაზღაურების სახით მიიღებს 2000 ლარს, ხოლო ნ.ყ. -1000 ლარს.
 
 
 
საია-ს დახმარებით,  კიდევ ერთი უკანონოდ გათავისუფლებული პედაგოგი აღდგა სამსახურში
 
საია-ს ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ე.ა-ს ინტერესებს, რომელიც ა(ა)იპ" ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების მმართველის 2012 წლის 26 აგვისტოს #83 ბრძანებით  გათავისუფლდა პედაგოგის თანამდებობიდან საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის  „დ“ქვეპუნქტის საფუძველზე.
 
ქუთაისის საქალაქო სასამართლომ ე.ა. აღადგინა პედაგოგის  თანამდებობაზე. სასამართლომ სრულად გაიზიარა დაცვის მხარის მოსაზრება იმასთან დაკავშირებით,  რომ საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი დამსაქმებელს არ ანიჭებს შეუზღუდავ უფლებას, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე მოშალოს შრომითი ხელშეკრულება დასაქმებულთან.   სასამართლომ მიიჩნია, რომ  მითითებული ნორმით მხარეთათვის მინიჭებული ხელშეკრულების მოშლის უფლება არ არის შეუზღუდავი, რამეთუ არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი სამოქალაქო უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით. სასამართლომ მართებულად მიიჩნია საია-ს მოსაზრება, რომ სამოქალაქო კოდექსის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად და  დადგენილად მიიჩნია, რომ დამსაქმებელმა ე.ა-ს  მიმართ ეს უფლება გამოიყენა არამართლზომიერად.
 
 
 
საია-ს დახმარებით, ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი 11 საჯარო მოსამსახურის სამსახურში აღდგენაზე და იძულებითი განაცდურის ანაზღაურებაზე სასამართლო გადაწყვეტილება დაუყონებლივ აღსასრულებად გადაეცა
 
საია-ს ქუთაისის ფილიალი სასამართლოში იცავდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი საჯარო მოსამსახურეების თ.ფ-ს, ტ.ჩ-ს, ა.ო-სდა სხვათა (სულ 11 პირი) ინტერესებს, რომლებიც ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2013 წლის18 თებერვლის, 27 თებერვლის და 28 მარტის ბრძანებებით  უკანონოდ გათავისუფლდნენ დაკავებული თანამდებობებიდან.  
 
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ყოფილი 11 საჯარო მოსამსახურის სარჩელი მათი განთავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენის და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
 
ლენტეხის მაგისტრატმა სასამართლომ და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ დააკმაყოფილეს საია-ს ქუთაისის ფილიალის ადვოკატის განცხადება და დაუყონებლივ აღსასრულებლად გადასცეს სასამართლო გადაწყვეტილებები სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანებების ბათილად ცნობის, სამსახურში აღდგენისა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურების თაობაზე.
 
 
 
 
 
საია-ს დახმარებით, არასრულწლოვანს აუნაზღაურდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი
 
საია-ს ოზურგეთის ოფისი სასამართლოში წარმოადგენდა არასრულწლოვან მ.შ-ს ინტერესებს, რომელმაც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად მიიღო სხეულის მძიმე დაზიანება. ქუთაისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის  28 მაისის  განაჩენით მოქალაქე  ჯ.კ. ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში (ტრანსპორტის მოძრაობის წესების უსაფრთხოების ან ექსპლოატაციის  წესების დარღვევა, რამაც გამოიწვია ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება).  მიუხედავად ამისა, ის თავს არიდებდა მ.შ-სათვის მკურნალობის ხარჯების ანაზღაურებას.
 
დაცვის მხარის აქტიურობის შედეგად ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 16 ივლისის განჩინებით დამტკიცდა მხარეთა შორის მორიგების აქტი, რომლითაც  ჯ.კ-ს დაეკისრა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება 5996 ლარის ოდენობით.
 
 
 
 
 
საია-ს დახმარებით, ინდივიდუალური მეწარმე  გათავისუფლდა უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან
 
საია-ს თელავის ოფისი  სასამართლოში იცავდა ინდმეწარმე ხ.მ-ს ინტერესებს, რომელიც სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ „სურსათის (ცხოველის საკვების) უვნებლობის, ვეტერინარიის და მცენარეთა დაცვის კოდექსის“ 64-ე მუხლის თანახმად ბიზნესოპერატორად რეგისტრაციის გარეშე საქმიანობისათვის დაჯარიმდა 300 ლარით. ვინაიდან ხ.მ.-ს საქმიანობა არ იყო დაკავშირებული სურსათის (ცხოველის საკვების) წარმოებასთან, გადამუშავებასთან ან/და დისტრიბუციასთან და მას ზემოაღნიშნული კანონის თანახმად არ ეკისრებოდა ვალდებულება ბიზნესოპერატორად დარეგისტრირებისა, მან საია-ს დახმარებით საჩივრით მიმართა სასამართლოს სურსათის ეროვნული სააგენტოს კახეთის რეგიონული სამმართველოს მიერ შედგენილი სამართალდარღვევათა ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით. თელავის რაიონულმა სასამართლომ გააუქმა აღნიშნული სამართალდარღვევათა ოქმი, როგორც უკანონო და დაუსაბუთებელი და ხ.მ გათავისუფლდა უკანონოდ დაკისრებული ჯარიმის გადახდისაგან.
 
 
 
 
 
 
 
საია-ს დახმარებით, მოქალაქე განთავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან
 
მოქალაქე ვ.მ.  შ.ს.ს-ს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის კახეთის სამმართველოს თანამშრომლის მიერ დაჯარიმდა 200 ლარით ადმინისტრაციულ სამართალდაღვევათა კოდექსის 116-ე მუხლის შესაბამისად (სატრანსპორტო საშუალების მართვა ალკოჰოლური სიმთვრალის მდგომარეობაში). მან საია-ს ადვოკატის რჩევით, დროულად ჩაიტარა დამოუკიდებელი ექსპერტიზა ალკოჰოლური თრობის ფაქტის დასადგენად. ექსპერტიზამ დაადასტურა ვ.ლ-ს ფხიზელ მდგომარეობაში ყოფნა. მან საჩივრით მიმართა თელავის რაიონულ სასამართლოს დაჯარიმების თაობაზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა ოქმის ბათილად ცნობის მოთხოვნით, რაც დაკმაყოფილებულ იქნა და მოქალაქე გათავისუფლდა ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისაგან.
 
 
 
 
 
 
 
საია-ს დახმარებით, მოქალაქემ შეძლო უძრავი ქონების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში
 
მოქალაქე ტ.ა. ვერ არეგისტრირებდა უძრავ ქონებას საჯარო რეესტრში იმის გამო, რომ უფლების დამდგენ დოკუმენტში, კერძოდ, საჯარო რეესტრის ცნობა-დახასიათებაში დაფიქსირებული მისი სახელი არ ემთხვეოდა პირადობის მოწმობაში აღნიშნულ სახელს. საია-ს დუშეთის ოფისის დახმარებით მან განცხადებით მიმართა სასამართლოს. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მას დაუდგინდა იურიდიული მნიშვნელობის ფაქტი-დოკუმენტის პირისადმი კუთვნილება და შეძლო კუთვნილი უძრავი ქონების დარეგისტრირება საჯარო რეესტრში.
 
 
 
 
 
საიას დახმარებით  მოქალაქეებმა შეძლეს სამკვიდრო მოწმობების მიღება
 
მოქალაქეები ლ.ვ. ვ.ბ. და ვ.პ. ვერ იღებდნენ სამკვიდრო მოწმობას, რადგან გაშვებული ჰქონდათ სამკვიდროს მიღების კანონით დადგენილი ვადა. საია-ს დუშეთის ოფისის დახმარებით მათ განცხადებით მიმართეს სასამართლოს. მცხეთის რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით, მათ დაუდგინდათ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტი-მემკვიდრეობის მიღების ფაქტი, რომლის საფუძველზეც შეძლეს  სამკვიდრო მოწმობების მიღება.
 
 
 
 
 
საია-ს დახმარებით, არასრულწლოვნებს ალიმენტი დაენიშნათ
 
საია-ს გორის ოფისის ადვოკატი მოსარჩელე მ.ე-ს სასარგებლოდ აწარმოებდა სამოქალაქო საქმეს გორის რაიონულ სასამართლოში. გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის  18 ივლისის გადაწყვეტილებით გ.კ-ს  ორი არასრულწლოვანი შვილის ლ.კ-ს და ს.კ-ს სასარგებლოდ დაეკისრა ყოველთვიურად ალიმენტის გადახდა, თითოეულ ბავშვზე 200 ლარის ოდენობით.
 
 
 
 
 
საია-ს დახმარებით, მოქალაქეთა ქონებას მოეხსნა უკანონოდ დადებული ყადაღა
 
საია-ს აჭარის ფილიალი სასამართლოში წარმოადგენდა  კ.წ-სა და ე.ს-ს ინტერესებს, რომელთა საკუთრებაში არსებული  მოძრავი ქონება  სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ დაყადაღებული იყო  მოპასუხე ბ.პ-ს სახელშეკრულებო  ვალდებულების შეუსრულებლობის გამო. კ.წ-მ და ე.ს-მ  საია-ს დახმარებით განცხადებით მიმართეს სასამართლოს და მოითხოვეს სარჩელის აღძვრამდე, მისი უზრუნველყოფის მიზნით სააღსრულებო წარმოების შეჩერება, რაც დაკმაყოფილდა.  ბათუმის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით ასევე დაკმაყოფილდა მათი სარჩელი ქონების ყადაღისაგან გათავისუფლების თაობაზე, აღსრულების ბიუროს აღწერა-დაყადაღების აქტი ცნობილ იქნა უკანონოდ და მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სხვისი ვალდებულების შესასრულებლად მათ საკუთრებაში არსებული მოძრავი ქონების რეალიზაციისაგან.
 
 
 
საია-ს გორის ოფისის დახმარებით, 3 ყოფილ პოლიტმატიმარზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტომ გასცა ცნობა, რომლითაც ისინი ნასამართლობის არმქონენი არიან  
 
საია-ს გორის ოფისი საადვოკატო  მომსახურებას უწევდა ხ.მ-ს, დ.ჯ-ს და ზ. ბ-ს, რომლებიც საქართველოს პარლამენტის 2012 წლის 05 დეკემბრის დადგენილების  თანახმად - „ პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულ და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“  ცნობილ იქნენ პოლიტპატიმრებად. 2012 წლის 27 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის  22-ე მუხლის თანახმად, ისინი, როგორც პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებული პირები, გათავისუფლდნენ სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასჯელისაგან მთლიანად გათავისუფლებული პირი ითვლება ნასამართლობის არმქონედ და აქედან გამომდინარე, ხ.მ-მ, დ.ჯ-მ და ზ.ბ-მ მიმართეს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს გორის განყოფილებას და მოითხოვეს ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემა.  აღნიშნულმა განყოფილებამ გასცა ცნობა, რომ ისინი ნასამართლევნი არიან, რაც მათ მიერ გასაჩივრებულ იქნა როგორც მომსახურების სააგენტოში, ასევე შინაგან საქმეთა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ  დაკმაყოფილა  ხ.მ-ს. დ.ჯ-ს და ზ.ბ-ს  ადმინისტრაციული საჩივარი. შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 16 აგვისტოს #644 ბრძანების „ ნასამართლობის შესახებ ცნობის გაცემის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების  თაობაზე“  თანახმად  მათზე გაიცა ნასამართლობის შესახებ ცნობა, რომელშიც მითითებულია, რომ ისინი ნასამართლობის არმქონენი არიან.
 
 
 
საია-ს გორის ოფისის დახმარების შედეგად დევნილი ქალბატონი ცნობილ იქნა საცხოვრებელი ბინის თანამესაკუთრედ
 
საია-ს გორის ოფისი საადვოკატო დახმარებას უწევდა იძულებით გადაადგილებულ პირს ა.მ-ს. ის რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდა ე.პ-თან. მათ, როგორც იძულებით გადაადგილებულ პირებს, ქარელის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადასცა ოროთახიანი ბინა, სადაც ცხოვრობდნენ შვილებთან ერთად. ისინი განქორწინდნენ 2013 წლის 08 მაისს და მას შემდეგ მეუღლე ა.მ-ს არ აძლევდა აღნიშნულ ბინაში ცხოვრებისა და შვილებთან ურთიერთობის უფლებას. ა.მ-მ სარჩელით მიმართა სასამართლოს და მოითხოვა საერთო ქონებიდან წილის გამოყოფა. ხაშურის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებით მისი სარჩელი დაკმაყოფილდა და ის აღიარებულ იქნა სადავო ბინის  ½ წილის მესაკუთრედ.
 
 
საია-ს დახმარებით,  მოძალადეს აეკრძალა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის მიმართ სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება
 
საიას გორის ოფისის დახმარებით, ნ.ყ-ს  არასრულწლოვან 3 შვილთან ერთად მიენიჭა ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი და ისინი გადაყვანილ იქნენ ოჯახური ძალადობის მსხვერპლთა თავშესაფარში. მიუხედავად ამისა, მეუღლის მხრიდან კვლავ გრძელდებოდა ნ.ყ-ზე სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა.
გორის რაიონული სასამართლოს 2013 წლის 27 აგვისტოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა ოჯახური ძალადობის მსხვერპლის ნ.ყ-ს განცხადება დამცავი ორდერის გამოცემის თაობაზე. სასამართლო პროცესზე დადასტურდა ნ.ყ-ს მიმართ მეუღლის მხრიდან ძალადობის ფაქტები. გორის რაიონულმა სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება მოძალადის მიმართ დამცავი ორდერის გამოცემის შესახებ 6 თვის ვადით და მას  სასამართლოს გადაწყვეტილებით აეკრძალა მსხვერპლისათვის სიტყვიერი, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მიყენება.
 
 
 
საია-ს აჭარის ფილიალის დახმარებით,  მოქალაქეს აუნაზღაურდება დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანი
 
საია-ს აჭარის ფილიალი სასამართლოში იცავდა რ.ნ-ს ინტერესებს, რომლის მეუღლეც ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ადგილზევე გარდაიცვალა.  დანაშაულის ჩადენის დროს სატვირთო ავტომობილი წარმოადგენდა გ.მ-ს საკუთრებას, რომელსაც მინდობილი მესაკუთრის სახით მართავდა დ.ა. 
 
რ.ნ-მ , როგორც დაზარალებულის უფლებამონაცვლემ, სასამართლოს მეშვეობით მოითხოვა დანაშაულის შედეგად მიყენებული ზიანის  ანაზღაურება. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 მარტის გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოსარჩელის მოთხოვნა და დ.ა-ს და გ.მ-ს სოლიდარულად დაეკისრათ 50 ათასი ლარის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ. მოპასუხეებმა სააპელაციო წესით გაასაჩივრეს  სასამართლო გადაწყვეტილება, მაგრამ მიმდინარე წლის 15 აგვისტოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში საქმის განხილვისას აპელანტებმა უარი განაცხადეს სააპელაციო საჩივარზე. აღნიშნულ საქმეზე  სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უკვე შესულია კანონიერ ძალაში.  

ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge