იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის სირთულეები შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის

ინფორმირებული საზოგადოება ძლიერი სახელმწიფოს საწინდარია. ამდენად, აუცილებელია სოციუმის ყველა წევრი, მიუხედავად მათი სოციალური თუ ფიზიკური მდგომარეობისა, იყოს ინფორმირებული ქვეყანაში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით.  

სახელმწიფოში არსებობენ სხვადასხვა სოციალურად მოწყვლადი ჯგუფები, რომლებიც რიგი მიზეზების გამო, ხშირად ირიყებიან საზოგადოებრივი ცხოვრებიდან. ამ გარიყვის ერთ-ერთ ფაქტორს, სწორედ არაინფორმირებულობა წარმოადგენს. ამგვარი მარგინალიზებული ჯგუფია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე (შშმ) ადამიანებიც.  საქართველოს ერონულ დონეზე შშმ პირთა სტატისტიკა არ იწარმოება, მსოფლიო ბანკის 2011 წლის მონაცემების მიხედვით კი, ეს თემი, მოსახლეობის 15 პროცენტია.1 სასამართლო სისტემა და მისი საქმიანობა ისევე არის მნიშვნელოვანი  შშმ პირებისთვის, როგორც საზოგადოების სხვა წევრებისთვის და, შესაბამისად, სასამართლოს ადმინისტრირების მთავარი ორგანოს - იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მეტი მგრძნობელობა და პასუხისმგებლობა მართებს მათ ინფორმირებულობასთან დაკავშირებით. 

2014 წელს რატიფიცირდა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია, რომელიც 21-ე საუკუნეში შექმნილი ყოვლისმომცველი ადამიანის უფლებათა დოკუმენტია. მასში გამოკვეთილია ისეთი უფლებები როგორიცაა ჯანმრთელობის, სიცოცხლის, განათლების, დამოუკიდებელი ცხოვრების, მისაწვდომი ფიზიკური გარემოსა და მათ შორის ინფორმაციაზე მისაწვდომობის უფლებები.2  კონვენციის მე-9 მუხლი ყურადღებას ამახვილებს შშმ პირთა თანამონაწილეობის უზრუნველყოფად ინფორმაციის მიწოდების მნიშვნელობაზე (uncrpd).3 ამავე კონვენციის 29-ე მუხლი ეხება პოლიტიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობას, თუმცა ჩვენს სახელმწიფოებრივ თუ საზოგადოებრივ ხედვებში ჯერ კიდევ რთულად აღიქმება შშმ პირის საზოგადოებრივი ან პოლიტიკური საქმიანობა.  

დემოკრატიული პროცესების უზრუნველსაყოფად აუცილებელია ინსტიტუციების, მათ შორის, სასამართლოს, გამჭვირვალე მუშაობა. გამჭვირვალობაზე საუბარი შეუძლებელი იქნება თუ სახელმწიფო ორგანოების საქმიანობის  შესახებ ინფორმაცია საზოგადოების ყველა წევრისთვის არ იქნება მისაწვდომი.  

ამ ნაწილში გამოწვევებია იუსტიციის უმაღლეს საბჭოს საქმიანობაშიც.  მისაწვდომობის იმდენად მარტივი კომპონენტები არ კმაყოფილდება, რომელსაც განსაკუთრებული ადამიანური თუ ფინანსური რესურსები არ სჭირდება. მაგალითად, სხდომის დაწყებისას  წევრთა რაოდენობის გამოცხადება.4  

2024 წლის 27 მარტიდან 24 აპრილამდე იუსტიციის უმაღლეს საბჭოში გაიმართა პარლამენტისთვის წარსადგენ, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა კანდიდატების გასაუბრებები. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრებმა მოუსმინეს 14 კანდიდატს.  

არც ერთ სხდომაზე არ უთქვამს სხდომის მდივანს წევრთა რაოდენობა. წევრები საუბრის დაწყებისას არ ასახელებდნენ საკუთარ სახელსა და გვარს. თითქმის შეუძლებელია უსინათლო ადამიანის მიერ ამ ფორმის სხდომების სრულყოფილად გაანალიზება, კონტექსტის აღსაქმელად განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს, ვინ და როგორი ფორმით უსვამს კითხვას  კანდიდატს.  

იუსტიციის საბჭოს წევრების შეფასებები, კანდიდატის შესახებ არ გამოქვეყნებულა უსინათლო ადამიანებისთვის მისაწვდომ ფორმატში. უსინათლო ადამიანები იყენებენ სპეციალურ ეკრანის წამკითხველს, რომელიც არ კითხულობს ყველა ფონტსა და ყველანაირ ფორმატს, განსაკუთრებული წინაღობაა დასკანერებული დოკუმენტის წაკითხვა. შესაბამისად, უსინათლო მოქალაქემ მისი ინტერესის ან საქმიანობის ფარგლებში რომ გადაწყვიტოს აღნიშნული ინფორმაციის მიღება, ეს შესაძლებლობა მას აბსოლუტურად წართმეული აქვს. სახელმწიფო მხარდამჭერ პოლიტიკას უნდა ატარებდეს შშმ პირების საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობისთვის, შესაბამისად, აუცილებელია ყველა ინსტიტუციის ფარგლებში განხორციელებული საქმეების ამ პრინციპებზე დაფუძნება.  

თუ გვაქვს პრეტენზია რომ ვართ ადამიანის უფლებებზე ორიენტირებული სახელმწიფო და გვაქვს გამჭვირვალე ინსტიტუციური საქმიანობა, მაშინ აუცილებელია ჟესტური ენის დართვა პირდაპირ ეთერში ტრანსლირებულ გასაუბრებებს, რათა ყრუ და სმენადაქვეითებული ადამიანებისთვის გამარტივდეს ინფორმაციის მიღება. 

 ის, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭო თითქმის არაა ფოკუსირებული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე, იკვეთება წევრთა მიერ დასმულ შეკითხვებშიც. თითქმის არ დასმულა შეკითხვა არც ერთი მოსამართლისთვის, რომელიც შშმ ადამიანების უფლებრივ მდგომარეობას ეხება. შესაბამისად, მნიშვნელოვანია რომ ამ მიმართულებითაც შეიცვალოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიდგომა. იუსტიციის უმაღლესი საბჭო  უფრო მეტად მისაწვდომი უნდა გახდეს შშმ პირებისთვის. რამდენადაც ევროპული გამოცდილებითაც, ამ ინსტიტუტის უმთავრესი ფუნქცია საზოგადოებაში სასამართლოსადმი ნდობის გაზრდაა.  

 

ავტორი: ანა სიხაშვილი

ბლოგი მომზადდა ანა სიხაშვილის მიერ, USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით მიმდინარე, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის პროექტის ფარგლებში. 

USAID სამართლის უზენაესობის პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით. 

ბლოგის შინაარსზე პასუხისმგებელია ანა სიხაშვილის და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის, აღმოსავლეთ - დასავლეთის მართვის ინსტიტუტის და ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს შეხედულებებს.

  


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge