თბილისი - ნინო გვენეტაძემ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ და დევიდ სთოუნჰილმა, დემოკრატიისა და მმართველობის ოფისის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, აშშ-ს საერთაშორისო განვითარების სააგენტო (USAID), გახსნეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს საქმიანობის მონიტორინგის ანგარიშის პრეზენტაცია 2016 წლის 25 აპრილს. საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ და საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ წარადგინეს საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის მეოთხე ანგარიში. ანგარიშში შეფასებულია საბჭოს საქმიანობის მარეგულირებელი კანონმდებლობა და მისი საქმიანობა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, გადაყვანის, საბჭოს საქმიანობის გამჭვირვალობის, მოსამართლეთა დისციპლინური პასუხისმგებლობის და სხვა მიმართულებით.
მონიტორინგმა გამოავლინა შემდეგი მნიშვნელოვანი შედეგები:
საანგარიშო პერიოდში საბჭოს საქმიანობაში გამოვლინდა არაერთი ხარვეზი: მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის და გადაყვანის პროცესი არ იყო გამჭვირვალე, წარმოშობდა ეჭვებს აღნიშნულ საკითხებზე მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობისა და ნეიტრალურობის თვალსაზრისით; საბჭოში აღარ იყო ისეთი პლურალისტური გარემო, როგორიც წინა საანგარიშო პერიოდში; მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების სისტემა კვლავ არაეფექტურობით ხასიათდებოდა; არ იყო უზრუნველყოფილი გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების შეფასების პროცესის მინიმალური გამჭვირვალობა.
მეორე მხრივ, პოზიტიურად უნდა აღინიშნოს შემდეგი:
- მისასალმებელია ის ფაქტი, რომ საბჭომ ყველა შემთხვევაში უზრუნველყო დღის წესრიგის წინასწარ გამოქვეყნება, განსხვავებით წინა საანგარიშო წლებისგან, როცა დღის წესრიგი გვიან ან საერთოდ არ იტვირთებოდა ვებგვერდზე. ამასთან, ორ შემთხვევაში საბჭოს ვებგვერდზე განთავსდა სხდომაზე განსახილველი დოკუმენტები. პოზიტიური ტენდენცია დაფიქსირდა ასევე გადაწყვეტილებების გამოქვეყნების თვალსაზრისითაც - წინა წლებისგან განსხვავებით, მათი გამოქვეყნება მიმდინარე საანგარიშო პერიოდში შედარებით დროულად ხდებოდა.
- დადებითად უნდა შეფასდეს ის ფაქტი, რომ საბჭო ან საბჭოს წევრთა ნაწილი, ცალკეულ შემთხვევებში, ცდილობდნენ, საჯარო განცხადებების მეშვეობით განემარტათ მიღებული გადაწყვეტილებები. თუმცა, მართებული იქნება, თუკი საბჭო უზრუნველყოფს თავად გადაწყვეტილების დასაბუთებას და საჯარო განცხადებით არ შეეცდება უკვე მიღებული გადაწყვეტილების განმარტებას. საჯარო განცხადებებით რეაგირება შეიძლება ემსახურებოდეს სასამართლოს რეპუტაციის დაცვას და არა - საბჭოს გადაწყვეტილებების დასაბუთებას.
მნიშვნელოვანი ხარვეზები, რაც დაფიქსირდა საბჭოს საქმიანობაში, გამოწვეული იყო როგორც არასათანადო, ბუნდოვანი საკანონმდებლო მოწესრიგებით, ისე საბჭოს მიერ კარგი პრაქტიკის დაუდგენლობით. კერძოდ:
- კანონი კვლავ არ აკისრებს საბჭოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მიღებული გადაწყვეტილებები, რაც შესაძლებელს გახდიდა მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის, გადაყვანის, დისციპლინურ პროცესთან და სხვა საკითხებთან დაკავშირებით საბჭოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებების ობიექტურობის, სამართლიანობის და მიუკერძოებლობის შეფასებას.
- მოსამართლის შერჩევა/დანიშვნის კრიტერიუმები და პროცედურა არ არის კანონით დადგენილი, რაც საბჭოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას, დაადგინოს, ცვლილებები შეიტანოს და დაიცვას მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცედურა, რაც, თავის მხრივ, დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფართო შესაძლებლობას იძლევა.
- საანგარიშო პერიოდში მოსამართლეთა შერჩევა/დანიშვნის პროცესი წარიმართა გაუმჭვირვალედ. მართალია, გასაუბრებები მოსამართლეობის კანდიდატებთან ჩატარდა საბჭოს ღია სხდომაზე, მაგრამ არ იყო უზრუნველყოფილი გასაუბრების თანაბარი პროცესი. აღნიშნულმა წარმოშვა კითხვები მოსამართლეობის კანდიდატების მიმართ საბჭოს წევრების ობიექტურობასთან დაკავშირებით.
- საბჭოს მიერ მოსამართლეთა გადაყვანა ხორციელდებოდა გაუმჭვირვალედ, მოსამართლის შეუცვლელობის პრინციპის სათანადო პატივისცემის გარეშე.
- ორგანული კანონი, რომელიც არეგულირებს მოსამართლის გადაყვანას, არის ბუნდოვანი და საბჭოს ანიჭებს განუსაზღვრელ დისკრეციას და დისკრეციული უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების ფართო შესაძლებლობას. 2011-2015 წლებში მოსამართლეთა დაახლოებით ნახევრის მიმართ გამოყენებული იყო კონკურსის გარეშე სხვადასხვა სასამართლოში გადაყვანის მექანიზმი.
- საანგარიშო პერიოდში საბჭომ მხოლოდ ერთი მოსამართლის მიმართ მიიღო გადაწყვეტილება დისციპლინური პასუხისმგებლობის დაკისრების შესახებ. სტატისტიკური ინფორმაცია ადასტურებს მოსამართლეთა ანგარიშვალდებულების მექანიზმის არაეფექტურობას.
- საანგარიშო პერიოდში საბჭოში ინტერესთა კონფლიქტის პრობლემა რამდენჯერმე გამოვლინდა, თუმცა, საბჭომ ვერც ერთ შემთხვევაში ვერ უზრუნველყო არსებული ინტერესთა კონფლიქტის თავიდან აცილება.
- კვლავ პრობლემას წარმოადგენს მედიის მიერ საბჭოს სხდომების გაშუქების საკითხი. საბჭო ზღუდავს მედიის მიერ სხდომების სრულად გაშუქებას. მიუხედავად იმისა, რომ კანონით გარანტირებულია კოლეგიური ორგანოს სხდომების ღიაობა, საბჭოს დადგენილი აქვს განსხვავებული წესი, რომელიც უფლებას აძლევს მედიას, გადაიღოს სხდომის მხოლოდ გახსნითი ნაწილი.
- საბჭოს სხდომების შესახებ ინფორმაციის წინასწარ გამოქვეყნება პრობლემას წარმოადგენდა მონიტორინგის მთელი პერიოდის განმავლობაში. საბჭომ მხოლოდ ორ შემთხვევაში გამოაქვეყნა ინფორმაცია დაგეგმილი სხდომის შესახებ კანონით დადგენილ ვადაში.
მონიტორინგის შედეგად არასამთავრობო ორგანიზაციებმა წარადგინეს შესაბამისი რეკომენდაციები.
„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია“ და „საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველო“ კვლავაც გააგრძელებს საბჭოს მონიტორინგს.
იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მონიტორინგის განხორციელება შესაძლებელი გახდა ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროექტის „კანონის უზენაესობის მხარდაჭერა საქართველოში“ (PROLoG) ფარგლებში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge