იუსტიციის უმაღლესი საბჭო ცდილობს ორი მოსამართლის უვადოდ გამწესებას კანონის არაკონსტიტუციურად ცნობილი ნორმის საფუძველზე

იუსტიციის უმაღლესი საბჭო განიხილავს მოსამართლეების ლევან მურუსიძის და მაია სულხანიშვილის უვადოდ გამწესების საკითხს სამწლიანი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე და შესაბამისი შეფასების გარეშე.

საბჭოს განმარტებით, ორი მოსამართლის უვადოდ დანიშვნის საკითხის განხილვა, მათი გამოსაცდელი ვადის ამოწურვამდე დიდი ხნით ადრე, განპირობებულია 2017 წლის თებერვალში განხორციელებული ე.წ. მესამე ტალღის საკანონმდებლო ცვლილებებით, რომლის თანახმადაც გამოსაცდელი ვადა არ ვრცელდება იმ მოსამართლეების დანიშვნაზე, რომელთაც აქვთ საქართველოს უზენაეს ან საკონსტიტუციო სასამართლოში მუშაობის გამოცდილება. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობის მიერ საკითხის ამგვარი განმარტება მას შემდეგ, რაც მიღებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, წარმოადგენს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების უგულებელყოფას. საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება გამოტანილია ე.წ. მესამე ტალღის საკანონმდებლო ცვლილებების მიღებიდან ძალიან მალე და წარმოშობს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადით დანიშვნის მარეგულირებელ კანონმდებლობაში ცვლილებების განხორციელების აუცილებლობას.  

2017 წლის 2 თებერვალს, საქართველოს პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შედეგად, საქართველოს პარლამენტმა მიიღო სასამართლო სისტემის რეფორმის მესამე ტალღის კანონმდებლობა. აღნიშნული ცვლილებებით განისაზღვრა, რომ გამოსაცდელი ვადა არ ვრცელდება იმ მოსამართლეებზე, რომელთაც აქვთ საქართველოს უზენაეს და საკონსტიტუციო სასამართლოებში მუშაობის გამოცდილება. კანონის მიღებიდან ძალიან მალე, 2017 წლის 15 თებერვალს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ გამოიტანა გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ომარ ჯორბენაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, რომლითაც არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი გამოსაცდელი ვადით იმ მოსამართლეთა დანიშვნა, რომელთაც სასამართლო სისტემაში მუშაობის გამოცდილება გააჩნიათ.

საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამ განსხვავებული რეალობა შექმნა: არაკონსტიტუციურად არის ცნობილი საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს ორგანული კანონის იმ მუხლის ნორმატიული შინაარსი, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭო აპირებს, ძალიან სწრაფად და სათანადო შეფასების გარეშე, უვადოდ გაამწესოს ორი მოსამართლე; ამასთან, საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში პირდაპირ არის აღნიშნული, რომ გარკვეული მოსამართლეების მიმართ გამოსაცდელი ვადის გაუქმება არ გულისხმობს მათ უვადოდ გამწესებას ავტომატურად, ყოველგვარი შეფასების გარეშე და ამ კატეგორიის მოსამართლეების შეფასება უნდა მოხდეს მათი წარსული სამოსამართლო გამოცდილების გათვალისწინებით;  ომარ ჯორბენაძის საქმეზე მიღებული გადაწყვეტილების მეორე თავის 44-ე პარაგრაფში აღნიშნულია:

,,არსებობენ ისეთი მოსამართლეობის კანდიდატები, რომელთაც უკვე აქვთ მოსამართლედ საქმიანობის 3 წლიანი გამოცდილება და მათი წარსული სამოსამართლო საქმიანობა იძლევა მოსამართლის ინდივიდუალური ნიშან-თვისებების სათანადოდ შესწავლის ობიექტურ შესაძლებლობას. მოპასუხე მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არგუმენტი, რომელიც გაამართლებდა სადავო ნორმის ბლანკეტურად გავრცელებას ყველა მოსამართლეზე, განსაკუთრებით იმ პირობებში, როდესაც საქმე ეხება მოქმედ მოსამართლეს, რომელსაც აქვს არანაკლებ 3 წლიანი სამოსამართლო საქმიანობის გამოცდილება და მისი საქმიანობის შესწავლა არ არის სირთულეებთან დაკავშირებული. ამ შემთხვევაში გაუგებარი ხდება, რა მიზნის მიღწევას ემსახურება პირის მოსამართლედ გამწესება განსაზღვრული ვადით. განსახილველი საქმის ფარგლებში მოპასუხის მიერ არ იქნა წარმოდგენილი სათანადო არგუმენტაცია, თუ რატომ არ შეიძლება შეფასდეს მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებამდე არსებული  მისი ბოლო 3 წლის მანძილზე განხორციელებული სამოსამართლო საქმიანობა და ამ გზით დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა მოსამართლის თანამდებობის მაღალ სტანდარტებთან.“

ამგვარად, საკონსტიტუციო სასამართლომ, მოსამართლეობის გამოცდილების მქონე პირებთან დაკავშირებით სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გაუქმების მიუხედავად, ძალაში დატოვა მათი სამოსამართლო საქმიანობის ინდივიდუალური შეფასების და ამ შეფასების საფუძველზე უვადოდ თანამდებობაზე გამწესების მოთხოვნა.

არ არსებობს ახალი რეალობის მარეგულირებელი კანონმდებლობა (კონკრეტულად როგორი გამოცდილების მქონე მოსამართლეები უნდა განთავისუფლდნენ გამოსაცდელი ვადის გავლისაგან, რა პროცედურით უნდა მოხდეს იმ მოსამართლეთა შეფასება, რომლებიც განთავისუფლებული არიან გამოსაცდელი ვადის გავლისაგან და მონაწილეობენ უვადოდ დანიშვნის კონკურსში და სხვა.). სწორედ ამ საკითხების დარეგულირება უნდა მოხდეს კანონით, სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის თარიღამდე, 2017 წლის 1 ივლისამდე. პარლამენტის მიერ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელებამდე არ არსებობს განჭვრეტადი კანონმდებლობა, რომლის საფუძველზეც იუსტიციის უმაღლესი საბჭო მიიღებს მოსამართლეთა გამოსაცდელი ვადისაგან განთავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას. აღნიშნული საკითხის მოწესრიგება არის ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს და არა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს უფლებამოსილება.      

აღსანიშნავია, რომ 2017 წლის ივნისში საბჭოს წევრთა უმრავლესობას ეწურება უფლებამოსილების ვადა. რჩება შთაბეჭდილება, რომ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრთა უმრავლესობა ცდილობს მოქმედი შემადგენლობის პირობებში მოასწროს რიგი მოსამართლეების უვადოდ დანიშვნა, მიუხედავად არაკონსტიტუციურად ცნობილი და ბუნდოვანი კანონმდებლობისა.

საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოს:

- არ მიიღოს გამოსაცდელი ვადით დანიშნული მოსამართლეების ავტომატურად, სათანადო შეფასების გარეშე უვადოდ გამწესების შესახებ გადაწყვეტილებები მანამ, სანამ კანონმდებლობა არ იქნება მოყვანილი შესაბამისობაში საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებასთან.

საქართველოს მთავრობასა და პარლამენტს:

- შემდგომი დაყოვნების გარეშე საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი გახადონ ინფორმაცია საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების მდგომარეობის შესახებ, გამოაქვეყნონ დაგეგმილი საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი და სასამართლოს მიერ დადგენილ ვადაში უზრუნველყონ საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება ყველა დაინტერესებული პირის ჩართულობით.  

 

        


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge