იუსტიციის სამინისტროს მიერ ომბუდსმენის წარმომადგენლისა და პატიმრის ჩანაწერის გამოქვეყნება პერსონალურ მონაცემთა დაცვის კანონმდებლობას არღვევს

საქართველოს პარლამენტში ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომაზე, რომელზეც განიხილებოდა სახალხო დამცველის სპეციალური ანგარიში, იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა საჯაროდ აჩვენა პენიტენციურ დაწესებულებაში მსჯავრდებულის საკანში გადაღებული ვიდეოკამერის ჩანაწერი. ამის შემდგომ ვიდეოჩანაწერი დაიდო სპეციალური პენიტენციური სამსახურის Facebook-ის ოფიციალურ გვერდზეც.

გავრცელებულ ვიდეოჩანაწერთან დაკავშირებით მინისტრმა აღნიშნა, რომ ვიდეოში ჩანს, თუ როგორ მიირთმევს სახალხო დამცველის წარმომადგენელი პატიმრის მიერ მომზადებულ ყავას, ასევე შოკოლადს, ეწევა მის სიგარეტს და სარგებლობს პატიმრისთვის განკუთვნილი სველი წერტილით.

მითითებული ვიდეოს შენახვითა და გასაჯაროებით უხეშად დაირღვა „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის პრინციპები და დამუშავების საფუძვლები.

მითითებული კანონის მე-4 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, პერსონალური მონაცემები შეიძლება დამუშავდეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული, კანონიერი მიზნებისათვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. ასეთი მიზანი, პატიმრობის კოდექსის 54-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შესაძლებელია მხოლოდ მსჯავრდებულის ან სხვა პირთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სხვა კანონიერი ინტერესებიდან გამომდინარე − თვითმკვლელობის, თვითდაზიანების, მის ან სხვა პირთა მიმართ ძალადობის, ქონების დაზიანების, აგრეთვე სხვა დანაშაულისა და სამართალდარღვევის თავიდან ასაცილებლად.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საკომიტეტო მოსმენაზე ჩანაწერის გასაჯაროება სახალხო დამცველის ანგარიშში მითითებულ რეკომენდაციებზე პასუხის გასაცემად, ვერ თავსდება პატიმრობის კოდექსით განსაზღვრულ ვიდეოთვალთვალის მიზნებში. შესაბამისად, მონაცემთა დამუშავება არ მოხდა კანონისმიერი მიზნებიდან გამომდინარე, არამედ გამოყენებული იყო პოლიტიკური მიზნებისთვის. 

მითითებული ვიდეოს გასაჯაროებიდან გამოიკვეთა ისიც, რომ სპეციალურმა პენიტენციურმა სამსახურმა დაარღვია მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული ჩანაწერის შენახვის ვადებიც. როგორც ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, ის გაკეთებულია 2019 წლის 19 აპრილს, ხოლო მისი შენახვა და შემდგომ გასაჯაროება მოხდა მისი ჩაწერიდან 9 თვის შემდეგ. 

პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-4 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის თანახმად, მონაცემები შეიძლება შენახულ იქნეს მხოლოდ იმ ვადით, რომელიც აუცილებელია მონაცემთა დამუშავების მიზნის მისაღწევად. მიზნის მიღწევის შემდეგ, რომლისთვისაც მუშავდება მონაცემები, ისინი უნდა დაიბლოკოს, წაიშალოს, განადგურდეს ან შენახული იყოს პირის იდენტიფიცირების გამომრიცხავი ფორმით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი.

პენიტენციურ დაწესებულებაში ელექტრონული მეთვალყურეობის შედეგად მოპოვებული ჩანაწერის შენახვის ვადები განსაზღვრულია საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის მინისტრის 2015 წლის 19 მაისის N35 ბრძანებით დამტკიცებული „ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისა და კონტროლის განხორციელების, ჩანაწერების შენახვის, წაშლისა და განადგურების წესით“. აღნიშნული წესის მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, კანონით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, მეთვალყურეობის და კონტროლის განხორციელების თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს დაწესებულების დირექტორი, რის თაობაზეც გამოსცემს ბრძანებას. ბრძანება გამოიცემა შესაბამისი საფუძვლების აღმოფხვრამდე, მაგრამ არაუმეტეს 3 თვის ვადით. ამავე წესის მე-15 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, მიღებული ჩანაწერი ინახება არანაკლებ 120 საათი, ხოლო ამავე მუხლის მე-8 პუნქტის თანახმად, დაარქივებული მასალა ინახება იმ საქმის წარმოების/სამართალწარმოების დასრულებიდან ან სხვა შესაბამისი გარემოების აღმოფხვრიდან არაუმეტეს 1 თვის ვადით, რომლის გამოც განხორციელდა აღნიშნული მასალის დაარქივება.

შესაბამისად, ვიდეოჩანაწერის შენახვა მოხდა კანონმდებლობით დადგენილი ვადებისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის პრინციპების დარღვევით.

აღსანიშნავია ისიც, რომ გავრცელებულ ვიდეოჩანაწერში ჩანს სახალხო დამცველის წარმომადგენლის სახე და იდენტიფიცირებადია მისი ვინაობა. პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-5 მუხლის თანახმად, მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ არსებობს მონაცემთა სუბიექტის თანხმობა ან კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა შესაბამისი საფუძველი. მოცემულ შემთხვევაში, სახეზე არ არის ვიდეოჩანაწერის ამ ფორმით დამუშავების კანონით გათვალისწინებული საფუძველი და სახეზე არ არის სუბიექტის თანხმობაც. შესაბამისად, სახეზე გვაქვს პერსონალურ მონაცემთა დამუშავების საფუძვლების არარსებობაც.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მიგვაჩნია, რომ მითითებული ვიდეოჩანაწერის საჯარო ჩვენებითა და სოციალურ ქსელში გავრცელებით დარღვეულია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მოთხოვნები და ამდენად, მოვუწოდებთ:

- სპეციალურ პენიტენციურ სამსახურს, Facebook-ის ოფიციალური გვერდიდან წაშალოს გავრცელებული ვიდეომასალა;

- სახელმწიფო ინსპექტორს, შეისწავლოს აღნიშნული გარემოებები და მოახდინოს შესაბამისი რეაგირება შესაძლო სამართალდარღვევის ფაქტებთან დაკავშირებით.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge