ირაკლი ხოფერიას საქმის გამოძიება ჭიანურდება

საია მიიჩნევს, რომ ირაკლი ხოფერიას მიმართ განხორციელებული წამების საქმის გამოძიება უსაფუძვლოდ ჭიანურდება. როგორც საზოგადოებისათვის ცნობილია, ირაკლი ხოფერია, 2017 წლის 16 თებერვალს, პოლიციის თანამშრომლებმა უსაფუძვლოდ გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც იგი წამებას დაექვემდებარა. ირაკლი ხოფერიას განმარტებით, პოლიციის თანამშრომლები სთხოვდნენ ეღიარებინა დანაშაული, რომელიც არ ჩაუდენია, ემუქრებოდნენ ნარკოტიკული ნივთიერების ჩადებით და პარალელურად აყენებდნენ ფიზიკურ შეურაცხყოფას. მას შემდგომ, რაც გაირკვა, რომ ირაკლი ხოფერია შეცდომით, სხვა პირის ნაცვლად დააკავეს, იგი გაათავისუფლეს. გათავისუფლების შემდგომ ჩატარებულმა სამედიცინო შემოწმებამ დაადგინა, რომ ირაკლი ხოფერიას აღენიშნებოდა ,,თავის ტრავმა, [...] გულმკერდის ზედაპირული ტრავმა, რბილი ქსოვილების დაჟეჟილობებით. სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები მიყენებული რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის არაერთჯერადი მოქმედებით“.

საია-მ არაერთხელ მოუწოდა შესაბამის ორგანოებს, დროულად ჩაეტარებინათ ყველა საგამოძიებო მოქმედება და პასუხისგებაში მიეცათ პოლიციის შესაბამისი თანამშრომლები, თუმცა, 2017 წლის თებერვლიდან დღემდე, ამ საქმეზე განვითარებული მოვლენები გვაფიქრებინებს, რომ გამოძიება არაეფექტურად და მნიშვნელოვანი შეფერხებებით მიმდინარეობს[1].

იმის გამო, რომ ქ. თბილისის პროკურატურის მხრიდან გამოვლინდა აშკარა მიკერძოების ფაქტი და არ ხდებოდა აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების მხედველობაში მიღება, საია-მ მოითხოვა საქმის გადაცემა მთავარი პროკურატურის საგამოძიებო ნაწილისათვის. აღნიშნული მოთხოვნა 2017 წლის დეკემბერში დაკმაყოფილდა, თუმცა, არც აღნიშნულის შემდგომაც გადადგმულა ქმედითი ნაბიჯები საქმის გამოსაძიებლად. მიუხედავად იმისა, რომ დაზარალებულმა მოძალადე პოლიციელები ამოიცნო, პროკურატურას დღემდე არ წარუდგენია ბრალი შესაბამისი პირის/პირებისთვის.  

საია მოუწოდებს მთავარ პროკურატურას, დროულად გამოიძიოს ირაკლი ხოფერიას წამების საქმე. ასევე, საია კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ როდესაც საუბარია სავარაუდოდ პოლიციელთა მხრიდან განხორციელებულ წამების ან არასათანადო მოპყრობის ფაქტებზე, სახელმწიფოს აქვს მომეტებული პასუხისმგებლობა, გამოიჩინოს განსაკუთრებული ძალისხმევა გამოძიების პროცესში, რათა არ გაჩნდეს კითხვები სამართალწარმოების ობიექტურად, მიუკერძოებლად და ეფექტურად წარმართვასთან დაკავშირებით.

 


[1] იხ. ი. ხოფერიას საქმეზე საია-ს განცხადებები:

ა. https://gyla.ge/ge/post/sasamartlom-irakli-khoferia-dazaralebulad-cno#sthash.D81sg7Ik.dpbs;

ბ.https://gyla.ge/ge/post/irakli-khoferias-tsamebis-saqmeze-gamodziebis-shetsyvetas-da-mistvis-dazaralebulis-statusis-gauqmebas-saia-sasamartloshi-asachivrebs#sthash.7TJOUvbe.dpbs;

გ. https://gyla.ge/ge/post/sasamartlom-prokuraturas-irakli-khoferias-saqmeze-gamodziebis-ganakhleba-daavala#sthash.i9ElDXbG.dpbs

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge