ინფორმაციის თავისუფლების საქმეებზე გასაჩივრების ვადები სასამართლოების მიერ კანონსაწინააღმდეგოდ განიმარტება

2010 წლის 4 ნოემბერს საიამ გაავრცელა ინფორმაცია თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ ინფორმაციის გაცემის მოთხოვნით წარდგენილი სარჩელის დაუშვებლად ცნობის თაობაზე. მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა მიგვითითა, რომ სარჩელი წარდგენილი იყო დაგვიანებით, ვინაიდან ადმინისტრაციულ ორგანოს ჩვენს მიერ წარდგენილი საჩივარი უნდა განეხილა არა 1 თვის, არამედ 15 დღის ვადაში, ზაკ-ის მე-100 მუხლის შესაბამისად.

საიამ მიიღო იმავე მოსამართლის მიერ მიღებული კიდევ ერთი გადაწყვეტილება. იმავე მოსამართლემ ამჯერად მიგვითითა, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საჩივარი უნდა განეხილა არა 1 თვის ან 15 დღის, არამედ 10 დღის ვადაში, ზაკ-ის მე-40 მუხლის შესაბამისად.

ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჩივრის განხილვის ვადას მნიშვნელობა აქვს ინფორმაციის მიღებით დაინტერესებული პირის მიერ სასამართლოსათვის მიმართვის 1 თვიანი ვადის ათვლის მიზნებისათვის. შესაბისად, სასამართლოს მიერ მოწოდებული ვადების “ახლებური” განმარტება წარმოადგენს ინფორმაციის ტავისუფლების შეზღუდვის ირიბ მექანიზმს.

უკანასკნელ საქმეში საია პრეზიდენტის ადმინისტრაციიდან ითხოვდა სარეზერვო ფონდიდან თანხის გამოყოფის თაობაზე პრეზიდენტის მიერ 2008 და 2009 წლებში მიღებული განკარგულებების ასლებს. I ინსტანციის სასამართლოს მიერ სარჩელის დაუშვებლად მიჩნევა გავასაჩივრეთ კერძო საჩივრით სააპელაციო სასამართლოში.  დღეს, 24 დეკემბერს მივიღეთ სააპელაციო სასამართლოს განჩინება. მოსამართლე ნანა ჭიჭილეიშვილმა არ დააკმაყოფილა ჩვენი კერძო საჩივარი და მიიჩნია, რომ საიას სარჩელები წარდგენილი იყო გასაჩივრების ვადის გასვლის შემდეგ. მოსამართლის ეს კანონსაწინააღმდეგო მსჯელობა მართალიც რომ იყოს, საიას ერთ-ერთი სარჩელი მის მიერ მითითებულ ვადებშია წარდგენილი. ამის მიუხედავად, სააპელაციო სასამარლოს მიერ გადაწყვეტილება ჩვენს საზიანოდ იქნა მიღებული - საქმეზე წარმოება შეწყდა. აღნიშნული განჩინება საბოლოოა და არ საჩივრდება.

საია მიიჩნევს, რომ უკანასკნელ პერიოდში ინფორმაციის თავისუფლების საქმეებზე განვითარებული პრაქტიკა სრულ წინააღმდეგობაში მოდის კანონთან და წარმოადგენს მოქალაქეთა უფლებების შეზღუდვის ნათელ დასტურს.


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge