საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 2017 წლის 21 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დღეს თბილისსა და 9 რეგიონში - კახეთში, მცხეთა-მთიანეთში, ქვემო ქართლში, შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთში, სამეგრელო-ზემო სვანეთში, გურიაში, იმერეთსა და აჭარაში დააკვირდება.
სტატიკური დამკვირვებლები განთავსდებიან საქართველოს მასშტაბით 300-ზე მეტ საარჩევნო უბანში. 46 საარჩევნო ოლქში 150 მობილური ჯგუფის მეშვეობით შევძლებთ პრობლემატურ უბნებსა და მათ მიმდებარე ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესების დაკვირვებას. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, ჩვენი განსაკუთრებული ყურადღება მიმართული იქნება წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, [1] აგრეთვე, დაკვირვება განხორციელდება ეროვნული უმცირესობებით და იძულებით გადაადგილებულ პირთა კომპაქტურად დასახლებულ ოლქებში. წელს პირველად ორგანიზაციას მონიტორინგს გაუწევს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის საარჩევნო უბნების ადაპტირების საკითხს. ჩვენთვის ასევე პრიორიტეტულია ქალი კანდიდატების არჩევნებში მონაწილეობის საკითხის კვლევა.
არჩევნების დღეს საიაში იმუშავებს სპეციალური ცხელი ხაზი, რომლის მეშვებით მოქალაქეებს შეეძლებათ სამართლებრივი კონსულტაციების მიღება კენჭისყრის პროცედურებთან დაკავშირებით. საიაში ასევე იმუშავებს ცხელი ხაზი ჟურნალისტებისა და მედია ორგანიზაციებისათვის. ცხელი ხაზის ნომერზე დარეკვით ჟურნალისტებს და მედია ორგანიზაციებს შეუძლიათ მიიღონ მათთვის საინტერესო ინფორმაცია და იურიდიული კონსულტაცია საარჩევნო პროცედურების, კენჭისყრის დღის დარღვევებისა და მათზე რეაგირების გზების შესახებ და შეეძლებათ მოგვაწოდონ ინფორმაცია მათ მიერ კენჭისყრის დღეს დაფიქსირებული დარღვევების შესახებ.
არჩევნების დღეს საიას საარჩევნო-ანალიტიკური ბაზა რეალურ დროში შეაგროვებს ინფორმაციას და მოახდენს მის ანალიზს - საქართველოს ყველა რეგიონში წარგზავნილი დამკვირვებლებისა და ანალიტიკოსების მეშვეობით.
ცხელი ხაზის ნომერია: 032 2 18 26 30
ასევე არჩევნების დღის დარღვევების შესახებ ამომწურავი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ www.electionsportal.ge-ს, სადაც შეგიძლიათ განათავსოთ თქვენს მიერ დაფიქსირებული დარღვევა ონლაინ ფორმის შევსებით ან უფასო SMS-ის საშუალებით ნომერზე 90039.
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე საია დღის განმავლობაში 4 პრესკონფერენციას გამართავს არასამთავრობო ორგანიზაციათა მედია-ცენტრში (მისამართი: შალვა დადიანის #2/1).
პრესკონფერენცია გაიმართება 21 ოქტომბერს: 10:00 საათზე; 14:00 საათზე; 18:00 საათსა და 21:00 საათზე. ხოლო 22 ოქტომბერს საია შეაფასებს არჩევნების დღეს და პრესკონფერენციას გამართავს 12:00 საათზე.
საიას ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების კენჭისყრის დღის მონიტორინგის მისიის განხორციელება შესაძლებელი გახდა ევროკავშირის, შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს, ბაქოში ნორვეგიის სამეფოს საელჩოს, „ეროვნული წვლილი დემოკრატიისათვის“ (NED), აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოსა (USAID) და ფონდი „ღია საზოგადოება - საქართველოს“ დაფინანსებით. განცხადებაში გამოთქმული მოსაზრებები ეკუთვნის ,,საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციას“ და მისი შინაარსი შესაძლოა არ გამოხატავდეს დონორი ორგანიზაციების შეხედულებებს.
[1] აღნიშნულ უბნების იდენტიფიცირება მოხდა საიას დამკვირვებლების მიერ გასული პერიოდის არჩევნებზე დაფიქსირებული დარღვევების მიხედვით
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge