საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ 2020 წლის 16 აპრილს გამოაქვეყნა კვლევა ’’გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით (UNCRPD) დადგენილი სტანდარტები“.
საია-ს მიერ ჩატარებულმა კვლევამ გამოავლინა, რომ კონვენციის რატიფიცირებიდან 7 წლის შემდეგაც, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირები ჯერ კიდევ ვერ ახერხებენ საკუთარი უფლებების სათანადო რეალიზებას. სახელმწიფოს მხრიდან არ მომხდარა კონვენციით გათვალისწინებული სტანდარტების ასახვა ქართულ სამართლებრივ სისტემაში. შშმ პირთა უფლებების გაუმჯობესებისათვის სახელმწიფოს მიერ გადადგმული გარკვეული ნაბიჯების მიუხედავად, ისინი დღემდე აწყდებიან სისტემურ დაბრკოლებებს საზოგადოებრივი ცხოვრების თითქმის ყველა სფეროში. მათ არ აქვთ შესაძლებლობა, სხვების თანასწორად სრულყოფილად ისარგებლონ კონსტიტუციითა და საერთაშორისო ხელშეკრულებებით დაცული უფლებებით.
მოცემული კვლევის ფარგლებში გაანალიზდა საქართველოს ადამიანის უფლებების დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმა, საქართველოს კანონი „დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ“ და საქართველოს კანონი „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების“ შესახებ“(პროექტი), რომლის მიზანს წარმოადგენდა აღნიშნული სამართლებრივი აქტების შესაბამისობის დადგენა გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ კონვენციასთან.
კვლევის ფარგლებში საია-ს მიერ გამოთხოვნილ იქნა საჯარო ინფორმაციები სხვადასხვა საჯარო უწყებიდან: სოციალური მომსახურების სააგენტო, საჯარო სამსახურის ბიურო, საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, სტატისტიკის ეროვნული სააგენტო და საქართველოს მთავრობა.
კვლევის შედეგად გამოვავლინეთ შემდეგი ძირითადი მიგნებები:
- ადამიანის უფლებათა დაცვის 2018-2020 წლების სამთავრობო სამოქმედო გეგმის ანალიზმა ცხადყო, რომ გეგმით გათვალისწინებული საქმიანობის უმრავლესობა კვლავაც არ არის პრაქტიკაში რეალიზებული. აღნიშნული კი, უარყოფითად აისახა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებზე.
- ქართულ სამართლებრივ სისტემაში არ განხორციელებულა მნიშვნელოვანი ცვლილებები გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან მისადაგებისა და კონვენციის პრინციპების იმპლემენტაციის მიმართულებით.
- შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსის განსაზღვრის წესი კვლავ ინდივიდის სამედიცინო დიაგნოზს ეფუძნება. პრობლემას წარმოადგენს ამ პირთა შესახებ სტატისტიკის წარმოება და ანალიზი, რაც აუცილებელია კონვენციის ეფექტური იმპლემენტაციისთვის, პოლიტიკის შემუშავების, პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისას საჭიროებებზე დაფუძნებული მიდგომების დამკვიდრებისთვის.
- საქართველოს მთავრობას ამ დრომდე არ განუსაზღვრავს გაეროს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის კოორდინაციაზე პასუხისმგებელი სახელმწიფო უწყება.
- საქართველოს პარლამენტს არ განუხორციელებია კონვენციის ფაკულტატური ოქმის რატიფიცირება, რაც შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს საშუალებას მისცემდა, უფლებების დარღვევის შემთხვევაში პირდაპირ მიემართათ გაეროს შესაბამისი კომიტეტებისთვის.
კვლევის შედეგად დადგინდა, რომ:
- ერთ-ერთ მნიშვნელოვან გამოწვევას წარმოადგენს ფიზიკური გარემოსა და ინფრასტრუქტურის გაუმართაობა და აღნიშნულ საკითხზე შესაბამისი ეფექტიანი სამართლებრივი სისტემის არარსებობა;
- ჯანმრთელობის უფლების რეალიზების კუთხით სახელმწიფო პროგრამებში არ არის განსაზღვრული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ინდივიდუალური საჭიროებები. ამასთან, არ არსებობს ზრდასრულთა რეაბილიტაციის პროგრამები;
- ინკლუზიური განათლების კუთხით, ერთ-ერთ მთავარ გამოწვევას წარმოადგენს საჯარო სკოლების ფიზიკური გარემოს მისაწვდომობა. მისასალმებელია ცვლილება, რომლის მიხედვითაც სპეციალური მასწავლებელი გაუთანაბრდა მასწავლებლის კატეგორიას. თუმცა, კვლავ პრობლემად რჩება სკოლებში სპეცპედაგოგთა მცირე რაოდენობა და პერსონალური ასისტენტის არარსებობა.
გამოვლენილ მიგნებებზე დაყრდნობით მომზადდა შესაბამისი რეკომენდაციები. საია იმედოვნებს, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, მოხერხდება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების სამართლებრივი სისტემის იმგვარი კონცეფციის შემუშავება, რომელიც დაუახლოვდება მაღალ სტანდარტებს და უზრუნველყოფს შშმ პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას.
კვლევა საიას მიერ განხორციელდა ფონდ „პური მსოფლიოსთვის პროტესტანტული განვითარების სამსახურის“ (BFDW) მიერ დაფინანსებული პროექტის - „ყველაზე მოწყვლადი პირების და თემების სოციალურ-ეკონომიკური უფლებების დაცვა და ხელშეწყობა საქართველოში“ - ფარგლებში.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge