საია მოუწოდებს საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოს სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში უზრუნველყოს სამოქალაქო საზოგადოების ჯეროვანი ჩართულობის ფორმატი

6 ივნისს საქართველოს სახალხო დამცველის ინიციატივით და ფასილიტაციით გაიმართა შეხვედრა ადამიანის უფლებების საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველ ნიკო თათულაშვილსა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებთან. შეხვედრა მიზნად ისახავდა მთავრობის ადმინისტრაციასა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებს შორის ადამიანის უფლებების ეროვნული სტრატეგიის სამოქმედო გეგმის შემუშავებასთან დაკავშირებული საკითხების განხილვას, ძირითადად, სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჯეროვანი ჩართულობის უზრუნველყოფის საჭიროების მიმართულებით. 

შეხვედრაზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების წარმომადგენლებმა გააჟღერეს ის საკვანძო წუხილები, რომლებიც ქვეყანაში უფლებრივი მდგომარეობის გაუარესებას ეხება, მათ შორის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების პრაქტიკებს. 

აღსანიშნავია, რომ 2023 წლის თებერვლიდან #საია  ევროკავშირის (EU) და გაეროს განვითარების პროგრამის ხელშეწყობით (UNDP) პროექტის „ადამიანის უფლებები ყველასთვის“ მხარდაჭერით აქტიურად უწევს კოორდინაციას სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების მიერ სამოქმედო გეგმის შესამუშავებლად მოსაზრებების წარდგენის პროცესს.

ადამიანის უფლებათა დაცვის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით, არასამთავრობო ორგანიზაციები ჯერ კიდევ 2023 წლის თებერვალში აცხადებდნენ მზაობას კოორდინირებულად წარედგინათ წერილობითი მოსაზრებები საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ადამიანის უფლებათა სამდივნოსთვის, თუმცა საპარლამენტო უმრავლესობის წევრების მიერ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ინიცირებული კანონპროექტი, შეუძლებელს ხდიდა სტრატეგიით დასახული და სამოქმედო გეგმით გასათვალისწინებელი ნებისმიერი ამოცანის/აქტივობის ეფექტიან შესრულებას. 

ამის გამო, 2023 წლის 28 თებერვალს სამოქალაქო საზოგადოების 50-ზე მეტმა ორგანიზაციამ წერილი გაუგზავნა სამდივნოს, რომელშიც დადასტურდა ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით წერილობითი მოსაზრებების მომზადებისა და კოორდინირებულ ფორმატში წარმოდგენის სურვილი. თუმცა, ამავე წერილში ხაზგასმით აღინიშნა, რომ უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტების ინიცირების გამო, მზარდი კონტროლის, შევიწროებისა და რეპრესიების უკვე არსებული რუსული გამოცდილების გათვალისწინებით, შეუძლებელი იყო ამ ორი პროცესის პარალელური თანაარსებობა. ამასთან, ხელმომწერი ორგანიზაციები მოუწოდებდნენ ნ. თათულაშვილს, საჯაროდ დაეფიქსირებინა პოზიცია კანონპროექტთან დაკავშირებით, და, შეხვედროდა ორგანიზაციებს პირად ფორმატში. აღნიშნულ წერილზე სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებს სამდივნოსგან უკუკავშირი არ მიუღიათ. 

2023 წლის 19 მარტს სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა მე-2 წერილი გაუგზავნეს სამდივნოს. წერილში მათ გამოხატეს პოზიცია, რომ მიუხედავად კანონპროექტების გაწვევისა, უფლებადამცველების მიმართ დამაკნინებელი და სიძულვილის ენის გამოყენება და სამოქალაქო საზოგადოებისთვის სივრცის შევიწროების ნებისმიერი მცდელობა (ხსენებული კანონპროექტების თუ სხვა საკანონმდებლო ან პრაქტიკული გამოვლინების სახით) ევროკავშირის ძირეულ ფასეულობებს დაუპირისპირდება, იქნება კანდიდატის სტატუსის მიღების საბოტაჟი და კონსტიტუციის 78-ე მუხლის საწინააღმდეგო ქმედება.

ამავე წერილში ხაზგასმული იყო, რომ ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში კრიტიკულად მნიშვნელოვანია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციებმა წარმოადგინონ იმ ადამიანების ხმა, რომელთა ინტერესებს სხვადასხვა სამართლებრივი გზითა თუ სერვისის მიწოდებით, წლებია იცავენ. განსაკუთრებით, იმის გათვალისწინებით, რომ ზოგიერთი უფლებრივი ჯგუფი საერთოდ არ არის სტრატეგიაში ნახსენები. სამოქალაქო საზოგადოების ჯეროვანი ჩართულობისთვის მნიშვნელოვანია, არსებობდეს რეალური, ხელშესახები შესაძლებლობა, რომ გადაწყვეტილების მიმღები პირები გაითვალისწინებენ შემოთავაზებებს. წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას ექნება ფიქციური ხასიათი და იგი ვერ უზრუნველყოფს იმ ლეგიტიმურ მიზნებს, რომლებსაც დემოკრატიულ საზოგადოებაში ინკლუზიური პროცესების არსებობა ემსახურება. ამ მხრივ, სამდივნოს წერილობით ეთხოვა, ეცნობებინა: 1. რა ვადებში იგეგმება ადამიანის უფლებათა სამოქმედო გეგმის შემუშავება? 2. შეიმუშავა თუ არა სამდივნომ ფორმალური წესი, რომელიც განსაზღვრავს სამოქმედო გეგმის შემუშავების ორგანიზებას და ვადებს? როდის იგეგმება სამუშაო შეხვედრები დაინტერესებულ მხარეებთან? 3. რომელი დაინტერესებული მხარეების მონაწილეობით იგეგმება სამოქმედო გეგმის შემუშავება? გათვალისწინებულია თუ არა სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობა სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში? ამ კითხვაზე დადებითი პასუხის შემთხვევაში, როგორია სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების ჩართულობის ფორმატი? აღნიშნული ინფორმაცია მნიშვნელოვანი იყო/არის სამოქმედო გეგმასთან დაკავშირებით სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციების საქმიანობის ეფექტიანად დასაგეგმად, მათ შორის, მოსაზრებების წარმოდგენის თვალსაზრისით. არც ამ წერილზე უკუკავშირი სამდივნოსგან არ ყოფილა. 

ამრიგად, ხაზგასასმელია, რომ სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები ყველა ეტაპზე გამოხატავდნენ/გამოხატავენ მზაობას, წვლილი შეიტანონ სამოქმედო გეგმის შემუშავების პროცესში, თუმცა, აღნიშნული ჩართულობა უნდა იყოს ნდობაზე დაფუძნებული ურთიერთობის თანმხლები პროცესი, წინააღმდეგ შემთხვევაში, სამოქალაქო საზოგადოების მიმართ მტრული პროცესების პარალელურად, ნებისმიერი ჩართულობა ფიქციური, მოჩვენებითია. 


 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge