2 მაისს, 16:00 საათზე, თბილისის საქალაქო სასამართლოში ჩატარდება მთავარი სხდომა, კულტურის სამინისტროს მხრიდან სსიპ - გიორგი ჩუბინაშვილის სახელობის ქართული ხელოვნების ისტორიისა და ძეგლთა დაცვის ეროვნული კვლევითი ცენტრის სამეცნიერო საბჭოს (შემდგომში - „სამეცნიერო საბჭო“) უფლებამოსილებაში ჩარევისა და თამარ ბელაშვილის მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის საქმეზე.
2022 წლის 15 თებერვლიდან, ცენტრის დირექტორს, თამარ ბელაშვილს უფლებამოსილების ვადა ამოეწურა. კანონმდებლობის შესაბამისად, სამეცნიერო საბჭომ, 2022 წლის 16 თებერვალს, ცენტრის დირექტორის პოზიციაზე ღია კონკურსის გამოცხადების გადაწყვეტილება მიიღო, რის შესახებაც ეცნობა სამინისტროს. კონკურსი ჩატარდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და ცენტრის სამეცნიერო საბჭომ არჩევანი კვლავ თამარ ბელაშვილის კანდიდატურაზე შეაჩერა. კონკურსის დასრულების შედეგები შემდგომი ფორმალური პროცედურების გასავლელად სამეცნიერო საბჭომ სამინისტროს წარუდგინა. სამინისტრო ვალდებული იყო დაემტკიცებინა სამეცნიერო საბჭოს მიერ შერჩეული კანდიდატი, თუმცა, სამინისტრომ ამ ვალდებულების შესრულებაზე დაუსაბუთებლად თქვა უარი და სამეცნიერო საბჭოს მიუთითა, რომ გამოეცხადებინათ ახალი კონკურსი. ასევე, სამინისტრომ მოითხოვა დირექტორის კანდიდატურის წინასწარი შეთანხმება. აღნიშნული ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ სამინისტროსთვის მიუღებელი იყო კონკრეტულად თამარ ბელაშვილის კანდიდატურა, უარის საფუძველი კი, კანონმდებლობა არ ყოფილა.
საიას შეფასებით, სამინისტროს მიერ კანონის შესაბამისად ცენტრის დირექტორად არჩეული თამარ ბელაშვილის დამტკიცებაზე უარი და ცენტრის სამეცნიერო საბჭოსთვის დირექტორის კანდიდატურის წინასწარ შეთანხმების მოთხოვნა წარმოადგენს სამეცნიერო საბჭოს უფლებამოსილებებში უხეშ ჩარევას. ასევე, სამინისტროს გადაწყვეტილება დისკრიმინაციულია თამარ ბელაშვილთან მიმართებით.
თბილისის საქალაქო სასამართლოში ამ საქმის განხილვა დასკვნით ეტაპზეა. აღსანიშნავია, რომ სამინისტრო ითხოვს სამეცნიერო საბჭოს მოსარჩელეთა წრიდან ჩამოშორებას და საქმის შეწყვეტას იმ დასაბუთებით, რომ სამეცნიერო საბჭო არ წარმოადგენს ცალკე სამართლის სუბიექტს და მას არ აქვს დავის უფლება. სამინისტროს პოზიცია ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან კანონის მიხედვით, სწორედ ცენტრის სამეცნიერო საბჭოა უფლებამოსილი შეარჩიოს ცენტრის დირექტორი და მისი არჩევანის დამტკიცებაზე გამიზნული და დაუსაბუთებელი უარი საბჭოს უფლებამოსილებაში ჩარევაა. აღსანიშნავია ისიც, რომ მთელი ამ დროის განმავლობაში, სამინისტრო ხელოვნურ დაბრკოლებებს უქმნის ცენტრს, რაც გამოიხატება დებულებაში ცვლილებების შეტანის, საშტატო ნუსხის დამტკიცების შეფერხებასა და ბიუჯეტის ფორმირების გაჭიანურებაში.
საია იმედოვნებს, რომ სასამართლო მიიღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას, რომლითაც არ შეილახება ცენტრის ინსტიტუციური დამოუკიდებლობა და იგი შეუფერხებლად შეძლებს თავისი ეროვნული კვლევითი საქმიანობის კანონმდებლობის შესაბამისად განხორციელებას.
თამარ ბელაშვილისა და ცენტრის სამეცნიერო საბჭოს ინტერესებს სასამართლოში საია იცავს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge