ღირსეული შრომის პლატფორმა: რკინიგზის ორი თანამშრომლის გარდაცვალება შრომის უსაფრთხოების პოლიტიკის სისუსტის შედეგია

მიმდინარე წლის 17 სექტემბერს ქალაქ ქუთაისში, მაღალი ძაბვის გადამცემი ხაზის საყრდენი კონსტრუქციის დემონტაჟის დროს სს „საქართველოს რკინიგზაში“ დასაქმებული ორი ელექტრომონტიორი გარდაიცვალა, ხოლო ერთმა ელექტრომონიტორმა სხეულის დამწვრობა მიიღო.

ქვეყანაში კვლავ პრობლემურია და მწვავედ დგას მომეტებული საფრთხის მქონე სამუშაო ადგილებზე, დასაქმებულთა შრომითი პირობების საკითხი. საკანონმდებლო დონეზე გატარებული გარკვეული ცვლილებების მიუხედავად, სახელმწიფო დღემდე ვერ ახერხებს მომეტებული საფრთხის მქონე სამუშაო ადგილებზე დასაქმებული მუშებისთვის ღირსეული და უსაფრთხო სამუშაო პირობების შექმნას. მსგავს ობიექტებზე დასაქმებულთა შრომა უკიდურესად მოწყვლადი და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის სახიფათოა.  

აღსანიშნავია, რომ მხოლოდ საკანონმდებლო ცვლილებები ვერ გადაჭრის ამ პრობლემას და აუცილებელია აღსრულების ქმედითი მექანიზმების დროულად დანერგვაც. პანდემიის პირობებში, კორონავირუსის გავრცელების საფრთხის აღკვეთის მიზნით, შრომის ინსპექცია სახელმწიფოს მნიშვნელოვან დასაყრდენად იქცა. თუმცა, სათანადო რაოდენობის ადამიანური და მატერიალური რესურსების გარეშე, ინსპექცია, პანდემიის დროს კიდევ უფრო მეტად არის მოკლებული შესაძლებლობას,  შეუფერხებლად და ეფექტიანად შეასრულოს მისი ძირითადი ფუნქციები.

ინსტიტუციურად ძლიერი, რესურსებით გამართული და დაბალანსებული შრომის ინსპექცია, რომელსაც სამუშაო ადგილებზე შრომის უსაფრთხოების, ყველა სახის შრომითი უფლების მონიტორინგის, აღსრულებისა და სანქცირების შესაბამისი მანდატი ექნება, სასიცოცხლოდ აუცილებელია. აღნიშნული ინსტიტუციური მოწესრიგების შესაძლებლობას საქართველოს პარლამენტში წარდგენილი შრომის კოდექსის ცვლილებათა პაკეტი ითვალისწინებს, რომლის მხარდაჭერა და ქმედითი ღონისძიებების დროული განხორციელება დასაქმებულთა დასაცავად გადადგმული მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მოვუწოდებთ:

საქართველოს პარლამენტს და მთავრობას:

- შრომის ინსპექციის ინსტიტუციური გაძლიერების მიზნით, დროულად გაატაროს შესაბამისი საკანონმდებლო და ინსტიტუციური ცვლილებები;

- პანდემიის პირობებში იზრუნოს ინსპექციის შესაბამისი ადამიანური და მატერიალური რესურსებით უზრუნველყოფაზე;

შრომის პირობების ინსპექტირების დეპარტამენტს:

- დაუყოვნებლივ შეამოწმოს სს „საქართველოს რკინიგზაში“ არსებული შრომის უსაფრთხოების მდგომარეობა და განახორციელოს შესაბამისი რეაგირება;

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს:

- დროულად და ობიექტურად გამოიძიოს ქუთაისში მომხდარი საწარმოო შემთხვევა.

 

ხელმომწერი ორგანიზაციები:


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge