ღია წერილი პრეზიდენტს წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის შექმნის შესახებ

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია, ციხის საერთაშორისო რეფორმა და ჰუმან რაითს ვოჩი ღია წერილით მიმართავენ საქართველოს პრეზიდენტს წამების საწინააღმდეგო კონვენციის დამატებითი ოქმის რეალური იმპლემენტაციისათვის.

2006 წლის 22 ივნისს საქართველოსთვის ძალაში შევიდა “წამებისა და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან ღირსების შემლახავი მოპყრობის და დასჯის წინააღმდეგ” გაეროს კონვენციის ფაკულტატური ოქმი. სახელმწიფომ ვალდებულება აიღო ერთი წლის ვადაში, 2007 წლის 22 ივნისამდე შეექმნა ამ კონვენციით გათვალისწინებული წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმი დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის მყარი გარანტიებით.

სულ ახლახანს საზოგადოებისთვის ცნობილი გახდა, რომ დაგეგმილია წამების პრევენციის მექანიზმის შესრულების ფუნქცია პრეზიდენტის ბრძანებულებით დაევალოს სახალხო დამცველს დამოუკიდებლობისა და ეფექტური ფუნქციონირებისათვის აუცილებელი გარანტიების შექმნის გარეშე.

“ადამიანის წამების, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახავი მოპყრობის ან დასჯის წინააღმდეგ მიმართული ღონისძიებების განმახორციელებელი საუწყებათაშორისო საკოორდინაციო საბჭოს” მოწვეული წევრები ციხის საერთაშორისო რეფორმა, საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია და ჰუმან რაითს ვოთჩი მოუწოდებენ საქართვლოს პრეზიდენტს არ მოახდინოს პრეზიდენტის ბრძანებულებით აღნიშნული საკითხის დარეგულირება, არამედ მოხდეს საზოგადოების მონაწილეობაზე დაფუძნებული წამების პრევენციის ეროვნული მექანიზმის რეალური შექმნა საქართველოს სახალხო დამცველთან, სახალხო დამცველის გაძლიერებით და ამ მექანიზმის დამოუკიდებლობისა და არსებობისთვის აუცილებელი საკანონმდებლო გარანტიების უზრუნველყოფით.

იხ. თანდართული წერილი


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge