როდესაც მმართველმა გუნდმა 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში კონსტიტუციური უმრავლესობის მოპოვების შემდგომ საკონსტიტუციო ცვლილებების განხორციელება დაანონსა, გაჩნდა იმედი და მოლოდინი, რომ საბოლოოდ შევძლებდით შეგვეცვალა უსამართლო საარჩევნო სისტემა, რომელზეც წლებია უკვე მსჯელობა მიდის როგორც ადგილობრივ, ასევე საერთაშორისო საზოგადოებაში.
და რა იყო და არის უსამართლო ჯერ კიდევ მოქმედ საარჩევნო სისტემაში, რომლითაც ქვეყნის საკანონმდებლო ორგანოს - პარლამენტს ვაკომპლექტებთ და რა იცვლება შემოთავაზებული ვარიანტით:
საქართველოში, საპარლამენტო არჩევნებისთვის მოქმედებს შერეული, ე.წ. პარალელური საარჩევნო სისტემა, რაც თავისთავში მოიცავს მაჟორიტარული და პროპორციული წესით პარლამენტის წევრთა არჩევას. როდესაც წარმომადგენლობით ორგანოში 77 დეპუტაის არჩევა ხდება პროპორციული სისტემის საფუძველზე, ხოლო 73 დეპუტატის არჩევა მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის დახმარებით.
პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების შედეგად მანდატების ნაწილდება მხოლოდ იმ პოლიტიკურ გაერთიანებებსა და საარჩევნო ბლოკებს შორის, რომლებიც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა 5%-ს მაინც მიიღებენ. ხოლო რაც შეეხება მაჟორიტარულ საარჩევნო სისტემას, მაჟორიტარულ საარჩევნო ოლქში არჩეულად ჩაითვლება ის კანდიდატი, რომელიც არჩევნებში მონაწილეთა ნახევარზე მეტის მხარდაჭერას მოიპოვებს (ამ უკანასკნელის ცვლილება 2016 წლის არჩევნების წინ განხორციელდა და მანამდე ბარიერი 30 % იყო).
აღნიშნულ საარჩევნო სისტემას არაერთი პრობლემა ჰქონდა (დაკარგული ხმების მაღალი პროცენტი, ამომრჩევლის ხმის წონის უთანაბრობა), რომლის გაუმჯობესებაზე მუშაობას წლები დასჭირდა, თუმცა საბოლოოდ პრობლემები ვერ აღმოიფხვრა.
გამოწვევა: გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი - მანდატების პროპორციული გადანაწილება საარჩევნო სისტემის არსებითი ცვლილების გარდა, ვერანაირი მცირე ჩარევით ვერ აღმოიფხვრებოდა.
წლების პრაქტიკამ აჩვენა, რომ მაჟორიტარული სისტემით გასანაწილებელი 73-ვე მანდატი მიაქვს მმართველი პარტიის ან მასთან დაახლოებულ კანდიდატს. ამის ნათელი მაგალითი 2016 წლის საპარლამენტო არჩევნები იყო, როდესაც სახელისუფლებო პარტიამ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვა.
საპარლამენტო უმრავლესობის მიერ შემოთავაზებული ახალი სისტემა:
მმართველი გუნდის მიერ შემოთავაზებული საქართველოს კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტით, საპარლამენტო არჩევნებისთვის უქმდება მაჟორიტარული ნაწილი, არჩევნები მხოლოდ პროპორციული სისტემით ჩატარდება.
მართალია, პროპორციულ სისტემაზე გადასვლას წლებია ადვოკატირებას ვუწევთ, როგორც არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე ოპოზიციური პარტიები, თუმცა შემოთავაზებული ვერსია კრიტიკას ვერ უძლებს, კერძოდ:
პარლამენტის წევრებს ავირჩევთ ერთიანი პროპორციული დახურული სიით, 5%-იანი ბარიერით, საარჩევნო ბლოკების შექმნის უფლების გარეშე და გაუნაწილებელი მანდატებით, რომელიც თქვენ სასურველ პარტიას მიეცით, მაგრამ მან ბარიერი ვერ გადალახა და უკლებლივ ყველა წილად პირველ ადგილზე გასულ პარტიას ხვდა.
მაღალია ალბათობა იმისა, რომ 5%-იანი ბარიერისა და ბლოკების აკრძალვით, მივიღოთ ის რეალური მოცემულობა როდესაც პარტიები ვერ გადალახავენ ბარიერს და გაუნაწილებელი მანდატები ერთ პირველ ადგილეზე გასულ პარტიაზე გადანაწილდება.
შესაბამისად, ჩვენს კითხვაზე, თუ რა იცვლება შემოთავაზებული ვარიანტით, პასუხი ერთმნიშვნელოვანია - არაფერი!
საკონსტიტუციო კომისიის ფორმატში სისტემის ალტერნატივების წარდგენა მოხდა. მმართველმა გუნდა არც ერთი გაიზიარა.
ზოგადად როდესაც საარჩევნო სისტემის შერჩევაზე მიდის საუბარი, მთავარი საკითხები, რომელთა გათვალისწინებაც უნდა მოხდეს, არის:
-ამომრჩეველთა ხმების პროპორციულად ასახვა მანდატებში;
- ამომრჩეველთა ხმის თანაბარი წონა;
- პოლიტიკური პარტიების როლის აღიარება და მცირე პარტიების წარმომადგენლობა;
- ქალთა წარმომადგენლობის გაზრდა;
- გეოგრაფიული წარმომადგენლობა;
- ხმის მიცემის სიმარტივე;
- ეფექტური მთავრობა და ოპოზიცია;
- მაღალი ლეგიტიმაცია (ამომრჩეველთა დაკარგული ხმების მინიმალურ ოდენობამდე შემცირება) და ნდობა.
სწორედ ამ საკითხების გაანალიზების საფუძველზე მოხდა სამივე ალტერნატივის შეთავაზება. სამივე შემთხვევაში იკრძალებოდა საარჩევნო ბლოკების შექმნა, თუმცა ბარიერი 5% ნაცვლად იქნებოდა 3% და წარმოდგენილი იყო განსხვავებული ფორმულები მანდატების გადასანაწილებლად, კერძოდ:
- ერთ შემთხვევაში მანდატების გადანაწილება მოხდებოდა ვიქტორ დონდტის მიერ შემუშავებული ფორმულის მეშვეობით - რომლის საშუალებითაც უფრო მეტად პროპორციულად მოხდებოდა მანდატების გადანაწილება, თუმცა უმრავლესობის ფორმირებაც მარტივი იქნებოდა, ვინაიდან იგი ძლიერ პარტიებს უფრო უწყობს ხელს;
- მეორე შემთხვევაში - პირველ ადგილზე გასულ პარტიას 80 მანდატამდე ანუ უმრავლესობის მოპოვებამდე შეევსებოდა საარჩევნო მანდატები და დანარჩენი გადაუნაწილებელი მანდატები, დანარჩენ პარტიებზე გადანაწილდებოდა უდიდესი ნაშთის მიხედვით;
- ხოლო მესამე ალტერნატივა იმავე ფორმულას ეფუძნებოდა, რომელიც მმართველი გუნდის მიერ იყო შემოთავაზებული ანუ გაუნაწილებელი მანდატები პირველ ადგილზე გასულ პარტიას. თუმცა 3% ბარიერით უფრო მეტად შეუწყობდა ხელს პლურალიზმს.
როგორც ერთხელ უკვე აღვნიშნე ალტერნატივების გათვალისწინება არ მოხდა და არგუმენტი რომელსაც დაეყრდნო მმართველი გუნდი, იყო ის რომ ეს ნაბიჯი სწორედ პოლიტიკური სიტუაციის სტაბილურობისა და პარტიებს განვითარება - გაძლიერებისათვის იყო გადადგმული.
თუმცა ცვლილებების მიუხედავად, ცვლილება ვერ მივიღეთ და მრავალპარტიულობასა და პოლიტიკურ სტაბილურობას შორის ბალანსის ძიებაში, დავრჩით რეალობაში როდესაც გამარჯვებულს მიაქვს ყველაფერი.
ირმა პავლიაშვილი საიას იურისტი
შესაძლოა პოსტის შინაარსი არ ასახავდეს საიას პოზიციას
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge