საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გარდაბნის მუნიციპალიტეტის გამგებლის 2016 წლის 28 იანვრის რიგგარეშე არჩევნებს აკვირდება.
სამოქალაქო საარჩევნო უბნების გარდა, საია ასევე აკვირდება კენჭისყრას ვაზიანში, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ #64-ე საარჩევნო უბანზე, სადაც ჩვენი ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 692-მა ამომრჩეველმა, მათ შორის 685-მა სამხედრო მოსამსახურემ მიიღო.
საღამოს 20:00 საათის დასრულდა ხმის მიცემა. ამ დროისათვის საიას დამკვირვებელთა მიერ დაფიქსირდა შემდეგი სახის დარღვევები:
ინფორმაცია გარდაბნის #2 საარჩევნო უბანზე არეულობის თაობაზე
დაახლოებით საღამოს 19:20 - ზე მედია საშუალებებში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ გარდაბნის #2 საარჩევნო უბანზე არეულობა იყო. ამავე საარჩევნო უბანზე საიას დამკვირვებელმა უარყო რაიმე სახის არეულობის ფაქტი კენჭისყრის შენობაში და განაცხადა, რომ უბანზე სრული სიმშვიდე იყო. მისი განცხადებით, მათ უბანზე ჰქონდათ ინფორმაცია დაპირისპირების ინციდენტის თაობაზე, რომელიც უბნის გარეთ, მის მიმდებარე ტერიტორიაზე დაფიქსირდა და რომელსაც, საიას დამკვირვებლის ინფორმაციით გავლენა არ მოუხდენია საარჩევნო პროცესის კენჭისყრის შენობაში მშვიდობიანად წარმართვაში.
საია მოუწოდებს არჩევნებში მონაწილე ყველა მხარეს, თავი შეიკავოს ნებისმიერი სახის პროვოკაციისგან, რათა მშვიდ ვითარებაში წარიმართოს ხმის დათვლისა და შედეგების შეჯამების პროცესი.
ამასთან, მოვუწოდებთ სამართალდამცავ ორგანოებს, უზრუნველყონ გარდაბნის #2 საარჩევნო უბნის მიმდებარე ტერიტორიაზე მომხდარი ინციდენტის დროული და ეფექტური გამოძიება. ასევე, სამართალდამცავმა ორგანოებმა არჩევნებში ჩართული ყველა პირის უსაფრთხოება უნდა უზრუნველყონ.
საარჩევნო კომისიის წევრის მოვალეობის არაჯეროვანი/ბრალეული შეუსრულებლობა
გარდაბნის ოლქის #64-ე უბანზე, სადაც ხმას აძლევენ სამხედრო მოსამსახურეები, დღის განმავლობაში ერთი და იმავე შინაარსის დარღვევა სამჯერ დაფიქსირდა. კერძოდ, საარჩევნო უბანზე მისულ სამხედრო მოსამსახურეებს მანუჩარ ხაბაძეს, ლევან სირაძეს და გიორგი კელაპტრიშვილს ამომრჩეველთა ერთიან სიებში საკუთარი გვარების გასწვრივ სხვა პირების მიერ გაკეთებული ხელმოწერები დახვდათ. აღნიშნულ დარღვევებთან დაკავშირებით, ახსნა-განმარტებები დაწერეს როგორც სამხედრო მოსამსახურეებმა, ასევე დამრღვევმა კომისიის წევრებმა-რეგისტრატორებმა. რეგისტრატორებმა ახსნა-განმარტება დაწერეს და განაცხადეს, რომ მათ ტექნიკური შეცდომა დაუშვეს. მათი განცხადებით, უბანზე მისულ ამომრჩევლებს შეცდომით სხვის გრაფებში მოაწერინეს ხელი. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით საიას დამკვირვებლებმა შესაბამისი საჩივრები წარადგინეს საუბნო და საოლქო კომისიებში.
დამატებითი ინფორმაცია
საიას ათამდე დამკვირვებელი კენჭისყრის დღის დაკვირვებას ახორციელებს როგორც სტატიკურად, ასევე მობილური ჯგუფების მეშვეობით. ორგანიზაციის სადამკვირვებლო გამოცდილების გათვალისწინებით, განსაკუთრებული ყურადღება მიმართულია წინა არჩევნების დროს გამოკვეთილ პრობლემურ უბნებზე, გამონაკლის შემთხვევაში შექმნილ და ეთნიკური უმცირესობებით დასახლებულ უბნებზე.
საია დაფუძნების დღიდან (1994 წელი) აქტიურად აკვირდება საკანონმდებლო, აღმასრულებელი ხელისუფლებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს და ცდილობს ხელი შეუწყოს არჩევნების მშვიდ, სამართლიან გარემოში ჩატარებას, საარჩევნო პროცესების დროს საქართველოს კანონმდებლობის განუხრელ დაცვას.
არჩევნების დღის დაკვირვების მიმდინარეობის თაობაზე ინფორმაციას საია დღის ბოლოს შეაჯამებს.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge