კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის ეხმაურება საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს მიერ 2017 წლის 7 მარტს გამართული სხდომის შედეგად მიღებულ გადაწყვეტილებებს და სურს აღნიშნოს შემდეგი:
· სამწუხაროა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის მენეჯმენტმა და სამეურვეო საბჭომ ვერ უზრუნველყვეს სხდომაზე განსახილველი საკითხების საჯაროობა. კერძოდ, სხდომადე, მაუწყებლის ვებგვერდზე არ გამოქვეყენებულა იმ დოკუმენტების პროექტები, რომელზე მსჯელობაც 2017 წლის 7 მარტის სხდომაზე უნდა გამართულიყო. შესაბამისად, საკითხით დაინტერესებულ ჯგუფებს არ მიეცათ საშუალება წინასწარ გაცნობოდნენ დოკუმენტებს და გამოეხატათ თავისი პოზიცია, მოემზადებინათ შენიშვნები და კომენტარები;
· სამეურვეო საბჭომ, ხმათა უმრავლესობით მიიღო დებულებაში ცვლილებები, თუმცა ამ დრომდე უცნობი რჩება, თუ რატომ იყო დებულებაში ცვლილებების მიღება საჭირო 7 მარტს, მაშინ როდესაც ცვლილებების ამოქმედების თარიღად 2017 წლის 17 ივლისია მითითებული;
· როგორც საბჭოს სხდომაზე დადასტურდა, მაუწყებლის მენეჯმენტს დებულებაში ცვლილების შეტანის გარეშეც შეეძლო ახალი სატელევიზო ბადისთვის საჭირო კონკურსების გამოცხადება. ამ ფონზე კიდევ აქტუალური ხდება კითხვა თუ სინამდვილეში რა იყო დებულებაში ცვლილებების შეტანის ლეგიტიმური მიზანი;
· მიუხედავად არა ერთი კითხვისა, მენეჯმენტის წარმომადგენლებმა სამეურვეო საბჭოს სხდომაზე ვერ/არ ისაუბრეს თუ პოტენციურად რამდენ ადამიანთან არსებულ შრომით-სამართლებრივ ურთიერთობას შეიძლება შეეხოს დებულებაში შეტანილი ცვლილებები;
· მენეჯმენტის მიერ გასაჯაროებული საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სამოქმედო გეგმა არ წარმოადგენს კონკრეტულ სამოქმედო გეგმას; იგი არ შეიცავს ფინანსურ გათვლებს და აჩენს ბევრ კითხვას. არ ჩანს შეფასდება თუ არა არსებული სამაუწყებლო ბადე სამეურვეო საბჭოს მიერ შემუშავებული კრიტერიუმებით, ან როგორ გამოიყენება ეს კრიტერიუმები კონკურსში წარმოდგენილი ახალი პროექტების შესაფასებლად.
· მენეჯმენტის ახალი გეგმის მიხედვით, ბუნდოვანია საზოგადოებრივი მაუწყებლის მეორე არხის და რადიოების მომავალი. ისევე როგორც არქივის გაციფრების და გარეწარმოების საკითხები;
კოალიცია მედიის ადვოკატირებისათვის მოუწოდებს საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს და მენეჯმენტს, დაიცვან მაუწყებელში დასაქმებულთა შრომით-სამართლებრივი უფლებები და უზრუნველყონ მაუწყებელში მიმდინარე პროცესების გამჭვირვალობა და დაგეგმილი კონკურსების საჯაროობა.
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge