განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით

კოალიციას „დამოუკიდებელი და გამჭვირვალე მართლმსაჯულებისათვის“ სურს გამოეხმაუროს საკონსტიტუციო სასამართლოს გარშემო განვითარებულ ბოლოდროინდელ მოვლენებს და 2016 წლის 29 თებერვალს, თავმჯდომარის მიერ გაკეთებულ განცხადებას, რომელშიც მან იუსტიციის მინისტრის მიერ შემოთავაზებულ შესაძლო გარიგებაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ  ხელისუფლებასთან მჭიდროდ თანამშრომლობის სანაცვლოდ მინისტრი მას და საკონსტიტუციო სასამართლოს კიდევ ერთ მოსამართლეს ვენეციის კომისიაში წევრობის გაგრძელებას პირდებოდა. კოალიცია აღნიშნავს, რომ მსგავსი კომუნიკაციის არსებობის შემთხვევაში, საფრთხის ქვეშ დგება ქვეყანაში უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური ინსტიტუტების დამოუკიდებელი ფუნქციონირება, მართლმსაჯულების დამოუკიდებლად და მიუკერძოებლად განხორციელება.

გიორგი პაპუაშვილის განცხადებას შესაძლო გარიგების თაობაზე წინ უსწრებდა წინასწარ ორგანიზებული ჯგუფების მხრიდან მოსამართლეებისადმი განხორციელებული საპროტესტო მოქმედებები, რომლებიც ცალსახად შეიცავდა სამართალდარღვევის ნიშნებს, მათ შორის, მანიფესტაციის ჩატარება მოსამართლეების საცხოვრებელ სახლებთან. თუმცა აღნიშნულ ფაქტებს სამართალდამცავი ორგანოების მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოჰყოლია, ხოლო პარლამენტის თავმჯდომარე და სხვა პოლიტიკური თანამდებობის პირების მხრიდან აღნიშნული ქმედებები გამოხატვის თავისუფლებით დაცულ სფეროდ ფასდებოდა.

გარდა ამისა, საკონსტიტუციო სასაამრთლოს მიერ გახმაურებელ საქმეებზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებას თან დაერთო იუსტიციის მინისტრის მიერ გაკეთებული განცხადება საკონსტიტუციო სასამართლოს რეფორმის საჭიროებაზე. უნდა ითქვას, რომ აღნიშნული რეფორმის კონკრეტული მიმართულებების შესახებ მთავრობას ამ დრომდე არ წარმოუდგენია საკუთარი ხედვა. ცხადია, სასამართლო სისტემის და მათ შორის, საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართულებით, რეფორმის საჭიროების იდეა კრიტიკის საგანს არ წარმოადგენს, თუმცა განცახდებამდე და მას შემდეგ განვითარებული მოვლენების  ქრონოლოგია აჩენს საფუძვლიან ეჭვებს, რომ მინისტრის განცხადება იყო  მმართველი პოლიტიკური ძალის პასუხი საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განხორციელებული მართლმსაჯულების მიმართ არსებულ უკმაყოფილებაზე.

კიდევ ერთხელ ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ სასამართლო ხელისუფლების რეალური დამოუკიდებლობის მიღწევისათვის განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს თითოეული მოსამართლის  დამოუკიდებლობის, უსაფრთხოების და მათ საქმიანობაში ჩაურევლობის გარანტიების შექმნას და სასამართლო გადაწყვეტილებების პატივისცემას. ეს არ გამორიცხავს ჯანსაღი და არგუმენტირებული დისკუსიის ან თუნდაც კრიტიკის წარმოებას მართლმსაჯულების სისტემაში არსებულ პრობლემატიკასთან დაკავშირებით. თუმცა, მნიშვნელოვანია, რომ სასაამრთლო და მისი ინდივიდუალური წევრები თავს გრძნობდნენ დაცულად მუქარის შემცვლელი ან/და კანონსაწინაღმდეგო აქტივობებისგან, პოლიტიკური სისტემა კი მოწოდებული იყოს სასაამრთლოს ინსტიტუციური გაძლიერებისკენ და მისი რიტორიკა სასამართლო სისტემის რეფორმირებასთან დაკავშირებით სასამართლოს მიერ მიღებულ ან მის სამომავლო გადაწყვეტილებზე უხეშ რეაგირებას არ წარმოადგენდეს.

აღნიშნულის გათვალისწინებით, კოალიცია მნიშვნელოვნად მიიჩნევს:

- მთავრობამ წარმოადგინოს კონკრეტული ხედვა საკონსტიტუციო სასამართლოს რეფომირებასთან დაკავშირებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში;

- მოახდინოს რეაგირება იმ კანონდარღვევის ფაქტებზე, რომელიც მოსამართლეების წინააღმდეგ გაამრთული საპროტესტო აქციების დროს გამოვლინდა;

- აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელები დაინტერესდნენ საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარესთან იუსტიციის მინისტრის შესაძლო კომუნიკაციის საკითხით.

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge