განცხადება ნამახვანის ჰესის პროექტის საპროტესტო აქციის დაშლისა და “ენკას” მიერ სამშენებლო სამუშაოების განახლების შესახებ

თითქმის ერთი წლის წინ, 2020 წლის 28 თებერვალს, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც 333 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქვედა ნამახვანის ჰესის სახეცვლილ პროექტზე დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება დაამტკიცა.

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისას, სამინისტრომ უხეშად დაარღვია საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის უზრუნველყოფისთვის ეროვნული და საერთაშორისო კანონმდებლობით დადგენილი პროცედურული ნორმები. გარდა ამისა, კომპანია ,,ენკა რინიუებლზმა“ არ ჩაატარა და სამინისტროს არ წარუდგინა კანონით გათვალისწინებული, სავალდებულო კვლევები. ეს კვლევები კრიტიკულად მნიშვნელოვანი იყო  გადაწყვეტილების მიღების პროცესისთვის, რადგან სწორედ მათ საფუძველზე უნდა დადგენილიყო პროექტის განხორციელების შედეგად გარემოს, ადამიანის სიცოცხლის ან/და ჯანმრთელობის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხის ხარისხი და ამ საფრთხის შემსუბუქებისა, თუ თავიდან არიდების შესაძლებლობები.  

ამ სერიოზული კანონშეუსაბამობის მიუხედავად, კომპანიის მიერ წარდგენილ არასაკმარის და უხარისხო ინფორმაციაზე დაყრდნობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ  მაინც მოიწონა პროექტი და გასცა გარემოსდაცვითი გადაწყვეტილება. ამასთან, გადაწყვეტილება გაიცა იმ პირობით, რომ კომპანია გადაწყვეტილების მიღებამდე წარსადგენ ინფორმაციას/კვლევებს მომავალში მაინც წარადგენდა. 

გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობების თანახმად, ინფორმაციის უმნიშვნელოვანესი ნაწილი მშენებლობის დაწყებამდე უნდა წარდგენილიყო სამინისტროში, თუმცა, კომპანიამ აქაც უგულებელყო ვალდებულებები და მშენებლობა პირობების შესრულებამდე დაიწყო.  

ჩვენს ხელთ არსებული ინფორმაციით, კომპანია პერიოდულად წარადგენს გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების პირობებით მოთხოვნილ ინფორმაციას, რომელსაც სამინისტრო საზოგადოების ინფორმირებისა და მონაწილეობის გარეშე განიხილავს და იღებს გადაწყვეტილებას ამ უმნიშვნელოვანესი დოკუმენტების (სწორედ იმ დოკუმენტების, რომლებიც გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებამდე უნდა განხილულიყო საზოგადოების მონაწილეობით) შეთანხმების შესახებ. 

აღსანიშნავია, რომ გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, სამინისტრო ვალდებულია, გამოაქვეყნოს პირობების შესრულებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია, მათი მიღებიდან 3 დღის ვადაში;  ხოლო, „გარემოსდაცვით საკითხებთან დაკავშირებული ინფორმაციის ხელმისაწვდომობის, გადაწყვეტილებების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობისა და ამ სფეროში მართლმსაჯულების საკითხებზე ხელმისაწვდომობის შესახებ’’ ორჰუსის კონვენციის თანახმად, ამ დოკუმენტების შეთანხმების შესახებ გადაწყვეტილება, სამინისტრომ, დაინტერესებული საზოგადოების ადეკვატური და დროული ინფორმირებისა და ეფექტური ჩართულობის საფუძველზე უნდა მიიღოს. 

ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, ადგილობრივი მოსახლეობის მოთხოვნები, რომლებიც თითქმის 100 დღეა რიონის ხეობაში აპროტესტებდნენ კომპანია „ენკასა“ და ხელისუფლების უკანონო ქმედებებს, სამართლიანი და კონსტრუქციულია. საქართველოს კონსტიტუციით მათ მინიჭებული აქვთ  უფლება, იზრუნონ გარემოს დაცვაზე და ჩართული იყვნენ გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

ვითვალისწინებთ, რა პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ საზოგადოებას, კომპანიასა და სახელმწიფო უწყებებს შორის კონფლიქტის მზარდ ხასიათს და ასევე, იმას, რომ დღემდე არ არსებობს საკმარისი ინფორმაცია პროექტის განხორციელებასთან დაკავშირებული საფრთხეების შესახებ, მოვითხოვთ:

1. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ და სსიპ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტომ არ დაუშვან „ენკა რინიუებლზის“ მიერ სამშენებლო სამუშაოების (მათ შორის, მოსამზადებელი სამუშაოების) წარმოება მანამ, სანამ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, არ იქნება  შესწავლილი და შეფასებული პროექტის განხორციელების შემთხვევაში გარემოსთვის, ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისთვის, კულტურული მემკვიდრეობისა და მატერიალური ფასეულობებისათვის შექმნილი საფრთხეები.

2. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრომ დააბრუნოს პროცესი სამართლებრივ ჩარჩოში და უზრუნველყოს პროექტის შესახებ გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა:“გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” მე-17 მუხლის თანახმად, გამოაქვეყნოს პირობების შესრულებისათვის წარდგენილი დოკუმენტაცია; “გარემოსდაცვითი შეფასების კოდექსის” მე-12 მუხლით დადგენილი ვადებისა და პროცედურების დაცვით უზრუნველყოს დაინტერესებული მხარეების მოსაზრებებისა და შენიშვნების მიღება და საჯარო განხილვების ორგანიზება პროექტის განხორციელების ადგილზე.

3. საქართველოს მთავრობამ უზრუნველყოს ქვეყნის მოქალაქეების ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო გარემოში ცხოვრებისა და გარემოსთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესში მონაწილეობის კონსტიტუციით გარანტირებული უფლების დაცვა და რეალიზება.  

 

 

 

ხელმომწერი ორგანიზაციები

 

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია

 

მწვანე ალტერნატივა

 

ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრი 

 

 

 

 

 

 

 


ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge