განცხადება მეცხრე არხთან დაკავშირებით
ტელეკომპანია მეცხრე არხმა საკაბელო მაუწყებლობა მიმდინარე წლის აპრილის ბოლოს
დაიწყო და ის პრემიერ-მინისტრ ბიძინა ივანიშვილის მეუღლის ეკა ხვედელიძისა (80%) და დისშვილის კახა კობიაშვილის (20%) კუთვნილი კომპანიის მფლობელობაშია. ტელევიზია დროის მცირე მონაკვეთში შეიქმნა და მაღალანაზღაურებადი ჟურნალისტებით დაკომპლექტდა. საიდუმლო არ ყოფილა ის ფაქტიც, რომ მეცხრე არხის ერთადერთ დამფინანსებელს ბიძინა ივანიშვილის ოჯახი წარმოადგენდა. კომუნიკაციების ეროვნული კომისიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, მეცხრე არხის შემოსავალი რეკლამიდან და სხვა წყაროდან ძალიან უმნიშვნელოა (2012 წლის მაისი - აგვისტოს თვეში კომპანიის მიერ დეკლარირებულმა შემოსავალმა რეკლამიდან 177,365 ლარი შეადგინა), რაც იძლევა საფუძველს დავასკვნათ, რომ მაუწყებელი გახსნის დღიდან არ იყო ფინანსურად მდგრადი და სრულებით იყო დამოკიდებული მფლობელის დაფინანსებაზე.
წინასაარჩევნოდ არხის ხელმძღვანელობამ გაავრცელა ინფორმაცია ტელვიზიისათვის
საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს შექმნასთან დაკავშირებით, რომელსაც არხის სახელმწიფოს ჩარევისაგან დამოუკიდებლობა უნდა უზრუნველყო, რაც პოზიტიური ნაბიჯი იყო. აღნიშნული საბჭოს წევრები არიან: ლარი კინგი - საკაბელო ტელევიზია CNN-ზე „ლარი კინგის შოუს” ყოფილი წამყვანი, ლეს გელბი - საერთაშორისო ურთიერთობების საბჭოს საპატიო პრეზიდენტი, გაზეთ “ნიუ-იორკ თაიმსის” საერთაშორისო კორესპონდენტი, ლი ჰამილტონი - ყოფილი კონგრესმენი, რობერტ მენარდი - ფრანგი ჟურნალისტი. საბჭოს ერთადერთი ქართველი წევრი გიორგი მარგველაშვილია, რომელიც არჩევნების შემდეგ განათლების მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა.
არჩევნების შემდეგ საქართველოს ახლადარჩეულმა პრემიერ-მინისტრმა ბიძინა ივანიშვილმა მეცხრე არხის გასხვისებასთან დაკავშირებით არაერთი
განცხადება გააკეთა. თუმცა კითხვებს ბადებს ბოლო პერიოდში მეცხრე არხის ირგვლივ განვითარებული მოვლენები. კერძოდ, საუბარია ტელეკომპანიის დირექტორის პოსტიდან კახა ბექაურის მოულოდნელ წასვლაზე, რომელიც სხვადასხვა მედიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის წევრობის კანდიდატად
მოიაზრება. კახა ბექაურის მეცხრე არხიდან წამოსვლამ 13 ჟურნალისტის, მათ შორის საინფორმაციო სამსახურის უფროსის თამარ რუხაძის მიერ მაუწყებლის დატოვება გამოიწვია. კახა ბექაურის ნაცვლად მაუწყებლის დირექტორად ლუბა ელიაშვილი დაინიშნა, რომლის მეუღლე,
შალვა შავგულიძე, ქართული ოცნების მაჟორიტარი დეპუტატი და პარლამენტში იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილეა. სამწუხაროდ, მეცხრე არხის საერთაშორისო მრჩეველთა საბჭოს, შექმნის დღიდან, მეცხრე არხის გარშემო მიმდინარე მოვლენებზე და არხის პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე არც ერთხელ არ დაუფიქსირებია საჯაროდ საკუთარი პოზიცია.
ჩვენ არაერთხელ განგვიცხადებია მედიასაშუალებების პოლიტიკისგან დამოუკიდებლად არსებობის აუცილებლობაზე. საჯარო მოხელეების, პოლიტიკოსების თუ მათთან ასოცირებული პირების მიერ არ უნდა ხდებოდეს მედიის საქმიანობაში პირდაპირი თუ ირიბი ჩარევა. ტელეკომპანია მეცხრე არხის რეორგანიზაციისა და სხვა ცვლილებების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს. მეცხრე არხმა უნდა უზრუნველყოს ტელევიზიის ფინანსური შემოსავლების საჯაროობა. არხზე მომუშავე ჟურნალისტების უფლებები და სარედაქციო დამოუკიდებლობა მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული.
პრემიერ-მინისტრის ოჯახმა უნდა განიხილოს პოლიტიკასა და მათ კუთვნილ მედიასაშუალებებს შორის (ინფო 9, ინფო ტვ და ტელეკომპანია თრიალეთში არსებული წილების ჩათვლით) გამყოფი ზოლის შექმნის მოდელები. ერთ-ერთ გზად, შესაძლოა, განიხილებოდეს კომპანიათა გასხვისება ან შემოწირულობის განხორციელება, რომელსაც შემდეგ დამოუკიდებელი გუნდი გაუწევდა მენეჯმენტს. საერთაშორისო მრჩეველთა საბჭომ კი, თავის მხრივ, ვერ შეასრულა მასზე დაკისრებული ვალდებულება უზრუნველყო მეცხრე არხის პოლიტიკური დამოუკიდებლობა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო,
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია,
სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოება,
საქართველოს რეგიონულ მაუწყებელთა ასოციაციაცია,
ჟურნალისტური ეთიკის ქარტია
ჯ. კახიძის #15, თბილისი, საქართველო, 0102 ; ტელ: (995 32) 95 23 53; ფაქსი: (995 32) 92 32 11; ელ-ფოსტა: gyla@gyla.ge; www.gyla.ge
15, J. Kakhidze str. 0102, Tbilisi, Georgia. Tel: (995 32) 95 23 53; Fax: (995 32) 92 32 11; E-mail: gyla@gyla.ge; www.gyla.ge